ამნისტიის საფუძველზე შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#398აპ.-12 ქ. თბილისი
მ-ი ი.–398ap.-12 11 მარტი, 2013 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (Tavmjdomare),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. მ-ის ინტერესების დამცველის ადვოკატ დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 25 ივნისის განაჩენით ი. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით იმაში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2000 წლის 16 მაისს, დაახლოებით 19 საათზე, თბილისში, ი. პეტრიწის ქ. №-ში არსებულ მაღაზია „---“ გამყიდვლად მომუშავე რ. ჩ-ისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო ი. მ-ს შელაპარაკება მოუხდა ამავე მაღაზიაში მუშად მომუშავე მ. თ-თან, რაც შემდეგ გადაიზარდა ჩხუბში. ჩხუბის დროს ი. მ-მა, განზრახ მოკვლის მიზნით, ხელთ არსებული დანა გულმკერდის არეში დაარტყა მ. თ-ს, რომელიც სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანეს რკინიგზის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც მას ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მ. თ-ი 2000 წლის 21 მაისს გარდაიცვალა გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობისა და გულის გამჭოლი დაზიანების შედეგად. აღნიშნული მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებას, რამაც გამოიწვია სიკვდილი.
ი. მ-ს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2000 წლის 16 მაისიდან 2001 წლის 16 თებერვლამდე, ასევე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებითი მკურნალობის პერიოდი – 2001 წლის 16 თებერვლიდან 2004 წლის 20 ივლისის ჩათვლით. საქართველოს სსკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და სსსკ-ის 499-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ი. მ-მა დანიშნული სასჯელი უნდა მოიხადოს შესაბამის სამედიცინო (სამკურნალო) დაწესებულებაში – გამოჯანმრთელებამდე, რის შემდეგაც სასჯელის მოხდა უნდა განაგრძოს საერთო წესით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა და ითხოვა გამართლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული განაჩენი ი. მ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
კასატორი – მსჯავრდებული ი. მ-ი საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ განაჩენი უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მართალია, სასამართლომ მსჯავრდებული შერაცხადად ჩათვალა მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულის მიმართ, მაგრამ არ გაითვალისწინა ქმედების ჩადენის დროს მისი მნიშვნელოვანი ფსიქიკური პრობლემები. საქმეზე რომ ჩატარებულიყო ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, ნათელი მოეფინებოდა საკითხს: ი. მ-ი დანაშაულის ჩადენის დროს იყო თუ არა აფექტის მდგომარეობაში, რომლის დროსაც ძლიერი სულიერი ემოცია ადამიანს მთლიანად უკარგავს, ანდა მნიშვნელოვნად ამცირებს შეგნებულ ნებელობით კონტროლს და წარმართავს მის ქცევას.
იმის გამო, რომ საქმის დეტალები არ იქნა სრულყოფილად გამოკვლეული და შეფასებული, არ აღმოფხვრილა მოწმეთა ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა, განაჩენში არსებული დასკვნები არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის ძირითად პრინციპებს, კასატორი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენის გაუქმებას და ი. მ-ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებულ და საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, მათ შორის _ მოწმეების: დ. ქ-ის, ქ. კ-ის, ი. ქ-ისა და ნ. ს-ის ჩვენებებით, ამოცნობის ოქმითა და ექსპერტიზის დასკვნებით უტყუარადაა დადასტურებული და ეჭვს არ იწვევს, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა მ. თ-ის განზრახ მკვლელობა.
ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მესაჯოს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს და მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ი. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 10 წლით თავისუფლების აღკვეთა და მესაჯოს 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 19 ნოემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: მ. ოშხარელი
პ. სილაგაძე