განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 01.03.2013
საქმის ნომერი
2კ-198-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
01.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1981-13 1 მარტი, 2013 წელი

გ-ი გ., 1981-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. გ-ის

მსჯავრდებულ _ გ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 11 ნოემბრის განაჩენით გ. გ-ი დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით – 3 წლითა და 6 თვით, სსკ-ის მე-19,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; სასჯელთა შეკრებით გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 27 მარტის განაჩენით შეიცვალა: გ. გ-ს 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით მიესაჯა 3 წლით, ხოლო ამავე კოდექსის მე-19,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 16 იანვრიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ გ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული გ. გ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის მე-19,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა გ. გ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას და სასჯელის საბოლოო ზომად 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ გ. გ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, ვინაიდან მის მიერ ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული და მასზე არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად მას მოსახდელად უნდა დარჩეს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა – ნაცვლად 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისა. აქედან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ გ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

მსჯავრდებულ გ. გ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით დანიშნული სასჯელის – 3 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მეოთხედით შემცირების შედეგად საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: მ. ოშხარელი

პ. სილაგაძე