დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-709(კ-22) 20 თებერვალი, 2023 წელი
თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
გიორგი გოგიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ქეთევან ცინცაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - მ. მ-ი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
აღწერილობითი ნაწილი: მ. მ-იმა 2017 წლის 15 მაისს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №001538 დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №1-917 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის მთავარ სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარე-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მ. მ-იმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 21 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-იმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოა სრულყოფილად არ გამოიკვლია საქმის გარემოებები და არ გაითვალისწინა მხარის ახსნა-განმარტებები და ამდენად, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება, და საქმე სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა გასახილველად, რათა სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ მიიღოს ახალი გადაწყვეტილება სადავო საკითხთან მიმართებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. მ-ის საკასაციო საჩივარი.
სამოტივაციო ნაწილი: საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის მოთხოვნებს, რაც გამორიცხავს განსახილველი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, ვინაიდან:
- არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი;
- არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების საფუძველი;
- სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
- საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით;
- კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით და საკასაციო საჩივარში მითითებული პოზიცია ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
შესაბამისად, საქმეზე არ იქმნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების წინაპირობა. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოთქმულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ მოცემული დავა არსებითად სწორად არის გადაწყვეტილი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავისათვის მნიშვნელობის მქონეა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უნებართვო მშენებლობის განხორციელების საფუძვლით მოსარჩელის სამშენებლო სამართალდამრღვევ სუბიექტად მიჩნევისა და მისთვის სანქციის დაკისრების კანონიერების შეფასება.
საქართველოს ტერიტორიაზე სადავო პერიოდში მოქმედ მშენებლობასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს „მშენებლობის ნებართვების გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილება არეგულირებს. მითითებული დადგენილების მიხედვით, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. შენობა- ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება (დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები).
დასახელებული დადგენილების 36-ე მუხლის მიხედვით, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, რომელიც გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე), ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე, გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე, დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას. მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ წარმოადგენს უნებართვო მშენებლობას, თანახმად მითითებული დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტისა.
ამავე დადგენილების მიხედვით, პირველ კლასს მიკუთვნებული მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს და განცხადებაში ასახოს ინფორმაცია მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ (დადგენილების 65-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, 66-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები). მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას (დადგენილების 66-ე მუხლის მე-7 პუნქტი). ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა (დადგენილების 66-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია აგრეთვე პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 10 000 ლარით.
დასახელებული კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად კი, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებული უძრავი ქონება (ს/კ ...) ქალაქ თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაშია.
2016 წლის 8 ივნისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა მ. მ-ის მიმართ შეადგინა №001538 მითითება, რომლის თანახმად, ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. მ-იმა განახორციელა კაპიტალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა და მავთულბადის ღობის მოწყობა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე აქტით მ. მ-ის მიეცა 30-დღიანი ვადა მითითებით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებზე სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად.
2016 წლის 14 ივლისს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის №001538 შემოწმების აქტის თანახმად, დადგინდა, რომ მ. მ-იმა არ შეასრულა 2016 წლის 8 ივნისს №001538 მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №001538 დადგენილებით მ. მ-ი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მავთულბადის ღობის უნებართვოდ მშენებლობისათვის (განთავსებისათვის). ამავე დადგენილებით მ. მ-ის დაევალა უნებართვოდ განხორციელებული მშენებლობების დემონტაჟი.
2016 წლის 3 ოქტომბერს №359350/15 საჩივრით მ. მ-ის წარმომადგენლმა მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №001538 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. საჩივრის მიხედვით, მ. მ-იმა თავის მფლობელობაში არსებულ, ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარე 1524 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების ლეგალიზების მიზნით მიმართა უფლებამოსილი ორგანოს.
2017 წლის 20 მარტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, 2016 წლის 14 სექტემბრის №001538 დადგენილების მე-2 პუნქტის (ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ №... საკადასტრო კოდის მიწის ნაკვეთზე კაპიტალური შენობა-ნაგებობისა და მავთულბადის ღობის დემონაჟის დავალების ნაწილი) აღსრულების მიზნით გამოსცა №4-5/ს-ფ-113-17 სააღსრულებო ფურცელი.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 19 აპრილის №1-917 ბრძანებით, მ. მ-ის წარმომადგენლის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უდავოდ დასტურდება ქალაქ თბილისში, ...ის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ ...) მ. მ-ის მიერ სამშენებლო სამუშაოების განხორციელება (აშენებულია კაპიტალური შენობა-ნაგებობა და მოწყობილია მავთულბადის ღობე) სათანადო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, ამასთანავე, არც თავად მოსარჩელე ხდის სადავოდ სამართალდარღვევის არსებობის ფაქტს. მეტიც, იგი თავადვე უთითებს, რომ მან ნამდვილად განახორციელა უნებართვო სამშენებლო სამუშაოები.
რაც შეეხება საკასაციო პრეტენზიას, რომ სამშენებლო სამუშაოები ექვემდებარება ლეგალიზებას, საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს მასზედ, რომ უნებართვო სამშენებლო სამუშაოები ნაწარმოებია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე და საქმის მასალებით არ დასტურდება და არც მოსარჩელეს წარმოუდგენია, საქმის წარმოების არც ერთ ეტაპზე, რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო დადგენილებაში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებას ან სამშენებლო ნებართვის ფლობას. აღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სანქციის შეფარდებისას ვერ იქნებოდა გათვალისწინებული. ამდენად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით მ. მ-ის დაჯარიმებისა და უნებართვო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მეორე მოთხოვნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 აპრილის №1-917 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ-ის 2017 წლის 26 ივნისის №19/01171772697-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 14 სექტემბრის №001538 დადგენილება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისათვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით, გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას როგორც ფორმალური, ისე მატერიალური თვალსაზრისით. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრებული აქტი კანონიერია და ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლები და მასთან დაკავშირებული საკითხები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სრულად იქნა შესწავლილი, საკასაციო პალატა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601, 185-ე და 201-ე მუხლებზე დაყრდნობით იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოს შეფასებას, რომ არ არსებობს ზემოხსენებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველები.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების არსებით ფაქტობრივ თუ სამართლებრივ უსწორობას. საკასაციო პალატას აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
სარეზოლუციო ნაწილი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დაადგინა:
1. მ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინება;
3. მ. მ-ის (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 2022 წლის 12 ივლისს №13839277377 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. გოგიაშვილი
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
ნ. სხირტლაძე