დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 05.03.2013
საქმის ნომერი
2კ-226-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№2261-13 5 მარტი, 2013 წელი

ლ-ა მ, 2261-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან - გიორგი შალამბერიძის

პროკურორ - მ. ც-ს

მსჯავრდებულ - მ. ლ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ლ-ს საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხობის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის განაჩენით მ. ლ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 11 ივლისიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ლ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ლ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ მ. ლ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 8 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 11 ივლისიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ლ-მ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდე პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან მ. ლ-ა ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ლ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: პ. სილაგაძე

გ. შავლიაშვილი