დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2271-13 5 მარტი, 2013 წელი
ბ-ა თ., 2271-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ც-ას
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ბ-ას საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ნოემბრის განაჩენით თ. ბ-ა, დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, გადაგზავნა და გასაღება) და მიესაჯა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, ხოლო 15 წლით – „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი სხვა უფლებები. რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 11 მარტიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 9 იანვრის განაჩენით შეიცვალა: თ. ბ-ას საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2011 წლის 11 აგვისტოდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 10000 ლარი; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ბ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. ბ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. ბ-ას ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. ბ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს განჩინებაში ცვლილების შეტანას და დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თ. ბ-ას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გადაგზავნა, გასაღებისთვის, შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად გათავისუფლება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ თ. ბ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ლ. მურუსიძე
პ. სილაგაძე