დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.01.2023
საქმის ნომერი
ბს-194(კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-194(კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ. დ-ი

მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

კ. დ-მა 2017 წლის 13 აპრილს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №001049 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1-556 ბრძანების ბათილად ცნობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1-556 ბრძანება, ასევე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №001049 დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კ. დ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა.

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, მოპასუხის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები და ამ პუნქტებთან დაკავშირებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე კ. დ-ის მიმართ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ.

კასატორი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2016 წლის 6 აპრილს გამართულ ზეპირი მოსმენის სხდომაზე კ. დ-მა თავად განმარტა, რომ ობიექტზე ხის ფანჯრები შეცვალა მეტალოპლასტმასით. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, კ. დ-ს გააჩნდა მის საკუთრებაში არსებული სხვენის სამშენებლოდ განვითარების ინტერესი.

კასატორის განმარტებით, სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება უშუალოდ იმ პირს, რომლის ქმედებამაც გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პასუხისმგებლობა დაეკისრა კ. დ-ს, როგორც სამშენებლო სამუშაოების განმახორციელებელ პირს. კასატორის მითითებით, კ. დ-ი რომც არ ყოფილიყო უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი, მის მიმართ მაინც გატარდებოდა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციები და იგი დაჯარიმდებოდა როგორც უძრავი ქონების მესაკუთრე. ამდენად, კასატორი ქ. თბილისის მერია არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სრულყოფილად არ იქნა გამოკვლეული საქმის მასალები და განსაზღვრული არ ყოფილა, თუ რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები განხორციელდა სამართალდარღვევის ობიექტზე.

კასატორის მითითებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე არასწორად იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, არ იქნა გათვალისწინებული როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებები, ასევე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, რამაც, საბოლოოდ, დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება გამოიწვია. შესაბამისად, კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 26 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №001049 დადგენილებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 მარტის №1-556 ბრძანების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამ კოდექსის მიზნად ასახელებს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფას სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ხსენებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

საქმის მასალებით, კერძოდ, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2012 წლის 6 დეკემბრის №1078.02-1617 დადგენილების თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...ს“ განცხადება დაკმაყოფილდა და ამხანაგობას დაფინანსების მიზნით გამოეყო თანხა წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით განსაზღვრული სამუშაოთა საერთო მოცულობის ჯამური ღირებულების (15705,60 ლარი) 80%-ის ოდენობით.

საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 7 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, ერთი მხრივ შპს „მ...“-ს, წარმოდგენილი დირექტორის - გ. ა-ის სახით (შემდგომში „შემსრულებელი“) და მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...ს“, წარმოდგენილი ამხანაგობის თავმჯდომარის - კ. დ-ის სახით (შემდგომში „ამხანაგობა“) შორის დაიდო ხელშეკრულება მასზედ, რომ შემსრულებელი აწარმოებდა ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში განთავსებული შენობის სარემონტო სამუშაოებს, ამხანაგობა კი იღებდა ვალდებულებას უზრუნველყო შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება საკუთარი ან მესამე პირის სახსრებით.

საქმეში ასევე წარმოდგენილია 2012 წლის 10 დეკემბრის №882-12 ხელშეკრულების თანახმად, ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობას, წარმოდგენილი გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის - ი. ჭ-ას სახით (შემდგომში „გამგეობა“) და მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „კ...ს“, წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის - კ. დ-ის სახით (შემდგომში „ამხანაგობა“), შორის დაიდო ხელშეკრულება მასზედ, რომ ქ. თბილისის ძველი თბილისის რაიონის გამგეობის 2012 წლის 6 დეკემბრის №1078.02-1617 დადგენილებით, ამხანაგობასა და მომსახურე ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობათა გათვალისწინებით, ამხანაგობის კუთვნილი შენობის ქანობიანი სახურავის (340 კვ.მ.) შეკეთების სამუშაოების შესრულების თაობაზე ტექნიკურ-ფინანსური ანგარიშის (მიღება-ჩაბარების აქტი) წარდგენის შემთხვევაში, სამუშაოების ღირებულებას დანაშთ ნაწილზე აანაზღაურებდა გამგეობა. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დადგენილია, რომ შესრულდა ...ის ქუჩა №10-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით - 15705,60 ლარი.

საჯარო რეესტრიდან 2015 წლის 4 დეკემბრის ამონაწერით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №10-ში მდებარე უძრავი ქონება, ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 343.00 კვ.მ., ნაკვეთის წინა ნომერი: 49, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №...; 2015 წლის 4 დეკემბრიდან 189.06 კვ.მ. ფართის ოდენობით საკუთრების უფლებით აღრიცხულია კ. დ-ის სახელზე.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე 8 000 ლარით.

დადგენილია, რომ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 26 იანვარს კ. დ-ის მიმართ შეადგინა მითითება №001049, რომლის მიხედვით, ქ. თბილისში, ...ის ქუჩა №10-ში, კ. დ-ის მიერ განხორციელებულია სხვენის უნებართვო რეკონსტრუქცია. ამავე მითითებით, მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ჩატარებული სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა. ხოლო 2016 წლის 11 მარტის №001049 შემოწმების აქტით დგინდება, რომ კ. დ-მა არ შეასრულა №001049 მითითებით დადგენილი პირობები, რის გამოც იგი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №001049 სადავო დადგენილებით დაჯარიმდა 8000 (რვა ათასი) ლარით, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე სხვენის რეკონსტრუქციისათვის.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველმა ორგანომ - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, თუ რატომ არ დადგინდა უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი პირი იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2012 წლის დეკემბერს გაჩენილი ხანძრის გამო მოხდა გამგეობის მიერ ამხანაგობის წევრებთან თანადაფინანსებით სხვენის სახურავის გამოცვლა, სხვენის გადახურვა მოხდა არსებული მდგომარეობით, ხოლო ვინაიდან ძველი, დამწვარი ხის ფანჯრები სამუშაოს შემსრულებელმა არ შეცვალა და დატოვა უფანჯროდ, თუნუქმიფარებული, უშუალოდ მოსარჩელემ აწარმოა სამუშაოები, კერძოდ, ჩასვა მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, თუმცა ამჟამად, მდგომარეობა გამოსწორებული და აღდგენილია და სხვენზე არსებულ საფანჯრე ადგილზე კვლავ თუნუქია მიფარებული, ხოლო სხვა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოები არ განუხორციელებია.

სადავო აქტში, შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით არ არის მითითებული კონკრეტულად რა სარეკონსტრუქციო სამუშაოები აწარმოა უშუალოდ კ. დ-მა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე და რა სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებისთვის დაჯარიმდა იგი, ასევე, რომელი სახის სარეკონსტრუქციო სამუშაოს პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალა მას.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებები შეაგროვოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას სადავო აქტების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს მართებულად დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე