დაუშვებლად იქნა ცნობილი

ადმინისტრაციული 17.01.2023
საქმის ნომერი
ბს-472(3კ-21)
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.01.2023

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ბს-472(3კ-21) 17 იანვარი, 2023 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები - 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე); 2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია (მოპასუხე); 3. ქ. ჭ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ქ. ჭ-ემ 2016 წლის 12 დეკემბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილებისა და ამ დადგენილების საფუძველზე 2016 წლის 28 ივნისს გამოცემული სააღსრულებო ფურცლის, ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №1-2349 ბრძანების ბათილად ცნობა. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, მოსარჩელემ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების მე-2 პუნქტისა და 2016 წლის 28 ივნისის სააღსრულებო ფურცლის მოქმედების შეჩერება მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ქ. ჭ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა: სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების მე-2 პუნქტის მოქმედება და 2016 წლის 28 ივნისს გამოცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება.

საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 19 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 დეკემბრის განჩინება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ქ. ჭ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ადმინისტრაციულ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების მე-2 პუნქტის მოქმედება და 2016 წლის 28 ივნისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულება სასამართლოს მიერ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. ჭ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ. ჭ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილება, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების საფუძველზე 2016 წლის 28 ივნისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცელი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №1-2349 ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევის და შეფასების შედეგად, ერთი თვის განმავლობაში, ქ. ჭ-ესთან დაკავშირებით ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ და ქ. ჭ-ემ.

ადმინისტრაციული ორგანოების განმარტებით, სახეზეა ახალი მშენებლობა, რომელსაც ესაჭიროება უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული სათანადო ნებართვა. სათანადო ნებართვის მოპოვების გარეშე შენობა-ნაგებობის მშენებლობა კი, განიხილება მშენებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევად, რაც სამართალდამრღვევ სუბიექტზე პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველია. კასატორები მიიჩნევენ, რომ ქ. ჭ-ე იმ სამშენებლო მიწის ნაკვეთის მოსარგებლეს წარმოადგენს, სადაც უნებართვო მშენებლობაა განხორციელებული და შესაბამისად, გასაჩივრებული აქტით მის მიმართ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით იქნა გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა. კანონმდებლობა სამართალდამრღვევ პირად არ მოიაზრებს მხოლოდ უძრავი ქონების მესაკუთრეს, არამედ სამართალდამრღვევია ის პირი, რომელიც უკანონო მშენებლობას აწარმოებს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია უკანონო მშენებლობის მწარმოებელი პირის დადგენა, მაშინ უკანონო მშენებლობისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება უძრავი ქონების მესაკუთრეს ან მოსარგებლეს. ვინაიდან დადგინდა მოცემული სადავო ობიექტის ქ. ჭ-ის მიერ სარგებლობის ფაქტი, იგი დაჯარიმდა როგორც სადავო ობიექტის მოსარგებლე. კასატორი ადმინისტრაციული ორგანოების მითითებით, სადავო აქტები გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და შესაბამისად, არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო საკითხს. ამასთან, ქვედა ინსტანციის სასამართლომ იურიდიულად არასაკმარისად დაასაბუთა მიღებული გადაწყვეტილება, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს ქმნის.

კასატორ ქ. ჭ-ის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამდენადაც სახეზე არ იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საჭიროება. სასამართლოს წარედგინა ყველა საჭირო დოკუმენტი, რაც სადავო ავტოფარეხის კანონიერებას ადასტურებს. მაშინ, როდესაც დადგენილია ავტოფარეხის აგების პერიოდი (1973 წლამდე) და მშენებლობის განმახორციელებელი პირიც (შ. ა-ე), მისი მოწყობისთვის სამართალდამრღვევ პირად ქ. ჭ-ის მიჩნევა არაკანონიერია. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ავტოფარეხის აგების პერიოდისთვის ავტოფარეხის ასაშენებლად საჭირო არ იყო მშენებლობის ნებართვის მოპოვება. კასატორმა ქ. ჭ-ემ მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 4 ივნისისა და 17 ივნისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს „სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების საფუძველზე 2016 წლის 28 ივნისს ამოწერილი სააღსრულებო ფურცლისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №1-2349 ბრძანების კანონიერების შეფასება.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესები მოწესრიგებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით, რომლის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის პირველი მუხლის „თ“ ქვეპუნქტი ამ კოდექსის მიზნად ასახელებს სამშენებლო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფას სამშენებლო სფეროს ტექნიკური რეგლამენტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების სრული დაცვით. ამავე კოდექსის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. ხსენებული მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 1974 წლის 11 აპრილს ქ. თბილისის პირველი მაისის აღმასკომის თავჯდომარეს განცხადებით მიმართა ქ. თბილისში, ..., კორპუსი №7, ბინა №50-ში მცხოვრებმა შ. ა-ემ, რომელმაც განმარტა, რომ 06.01.1972წ. №001335 საგარანტიო ხელშეკრულების საფუძველზე საცხოვრებლად გადადიოდა ...ის რაიონის ...ის შესახვევში აშენებული ...ის ...ო სახლში და ითხოვა მისი კუთვნილი ავტოფარეხის (მდებარე ქ. თბილისი, ...ის მე-2 შესახვევი) რ. ჭ-ეზე (მცხოვრები ..., კორპუსი №3) გადაფორმება. პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომის 14.04.1982 წლის №07/33-46მ გადაწყვეტილებით დამტკიცებული №14 ოქმის თანახმად, კომისიამ გაითვალისწინა რა მოქალაქე შ. ა-ის საცხოვრებლად სხვა რაიონში გადასვლის ფაქტი, მის სახელზე რიცხული ლითონის ავტოფარეხი გადაუფორმდა მოქალაქე რ. ჭ-ეს.

დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 19 ნოემბერს შედგენილ იქნა დათვალიერების ოქმი №4-6/ო-538-15, რომლითაც ირკვევა, რომ შემოწმდა ქ. თბილისში, ...ი, კორპუსი №3-ის მიმდებარე ტერიტორია, სადაც დაფიქსირდა მსუბუქი კონსტრუქციის ავტოფარეხი (გადახურვა, ლითონის მილები და რკინის ჭიშკარი).

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2015 წლის 9 დეკემბერს შედგა №000845 მითითება, რომლითაც ქ. თბილისში, ...ი კორპუსი №3-ის მიმდებარედ დაფიქსირდა სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციის ერთი ავტოფარეხი (გადახურვა, რკინის მილები და რკინის კარი). მითითებით მხარეს განესაზღრა 30 დღიანი ვადა მითითების გაცემის მომენტისათვის არსებული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან ავტოფარეხის, გადახურვის, ლითონის მილებისა და რკინის კარის დემონტაჟი.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2015 წლის 22 დეკემბერს განცხადებით მიმართა ქ. ჭ-ემ და მოითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე მდებარე ქ. თბილისი, ...ი №3-ის მიმდებარედ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 28 დეკემბრის №... გადაწყვეტილებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, შეჩერდა ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულმა ორგანომ დაინტერესებულ პირს მოთხოვნის რეგისტრაციის განსახორციელებლად დაავალა საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის დამატებით წარდგენა, რისთვისაც განესაზღვრა 30 დღიანი კალენდარული ვადა. ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2016 წლის 28 იანვრის №... გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებულმა პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი/ინფორმაცია.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილებით ქ. ჭ-ე დაჯარიმდა 10 000 ლარით შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ქ. თბილისში, ...ი, კორპუსი №3-ის მიმდებარედ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის. ამავე დადგენილებით ქ. ჭ-ეს დაევალა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების დემონტაჟი. ხსენებული დადგენილების ბათილად ცნობის მოთხოვნით ქ. ჭ-ემ 2016 წლის 8 ივნისს ქ. თბილისის მერიას მიმართა №203303/15 ადმინისტრაციული საჩივრით.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის №000845 დადგენილების საფუძველზე, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 28 ივნისს გაიცა №4-5 სააღსრულებო ფურცელი. ხოლო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2016 წლის 28 ნოემბრის №1-2349 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ქ. ჭ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 11 მაისის დადგენილება.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.

საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ შ. ა-ემ 1974 წლის 11 აპრილს მიმართა ქ. თბილისის პირველი მაისის აღმასკომის თავმჯდომარეს და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის საფუძვლით, მოითხოვა ქ. თბილისში, .... №3-ის მიმდებარედ არსებული მისი კუთვნილი ავტოფარეხის რ. ჭ-ისათვის გადაფორმება. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და პირველი მაისის რაისაბჭოს აღმასკომის 14.04.1982წ. №07/33-46მ გადაწყვეტილებით დამტკიცებული №14 ოქმით დაადგინა, რომ შ. ა-ის სახელზე რიცხული, ...ის მე-3 კორპუსის მდებარე ლითონის ავტოგარაჟი გადაუფორმდა მოქალაქე რ. ჭ-ეს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 2 ივლისის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, .... კორპუსი №3, ბინა №27 (ფართი 70,00 კვ.მ.) მესაკუთრეს წარმოადგენს ქ. ჭ-ე. ამონაწერში უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 29.11.2006 წლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა №2-160 (ნოტარიუსი ლ. უ-ი). ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, ქ. ჭ-ე ისე იქნა ცნობილი სამშენებლო სამართალდამრღვევ პირად, რომ მხედველობაში არ იქნა მიღებული შ. ა-ის შემდეგ რ. ჭ-ის მიერ სადავო ავტოფარეხის მართლზომიერი მფლობელობისა და სარგებლობის ფაქტი. ამასთან, დადგენილია, რომ ქ. ჭ-ე წარმოადგენს აწ გარდაცვლილი რ. ჭ-ის კანონით მემკვიდრეს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

საკასაციო სასამართლოს მითითებით, საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

ამდენად, მართებულია ქვედა ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ, რადგან ადმინისტრაციულ პროცესში მოქმედი ინკვიზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით (სასკ-ის მე-4, მე-19 მუხ.), მართალია, სასამართლოს აქვს შესაძლებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით შეაგროვოს დამატებითი მტკიცებულებები, თუმცა აღნიშნული უზრუნველყოფს ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრას და არა ორგანოში განსახორციელებელი წარმოების ჩანაცვლებას. საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ მსჯელობას და აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სათანადოდ არ შეაფასეს მათთან წარდგენილი მტკიცებულებები, არ დაადგინეს სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენაზე პასუხისმგებელი პირი, არ გამოიკვლიეს საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებები შეაგროვოს დაინტერესებულ მხარეთა მოსმენის, მოწმეთა დაკითხვის ან კანონით სხვა ნებისმიერი განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ბუდუ რამიშვილს ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 14.06.2021წ. №11049301718 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბ. რ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციისა და ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება.

3. ბ. რ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს ქ. ჭ-ის საკასაციო საჩივარზე 14.06.2021წ. №11049301718 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ბ. სტურუა

მ. ვაჩაძე

გ. აბუსერიძე