განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№2771-13 6 მარტი, 2013 წელი
ც-ე ვ., 2771-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ თ. ჯ-ის
მსჯავრდებულ _ ვ. ც-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ც-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით ვ. ც-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 100000 ლარი და 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 14 აგვისტოდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 27 მაისის განაჩენით ვ. ც-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივრები ცნობილ იქნა დაუშვებლად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 4 აგვისტოს განაჩენით ვ. ც-ეს საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (47 ეპიზოდი) დანაშაულთა ერთობლიობით მიესაჯა 72 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 50-ე მუხლის მე-4 ნაწილით მას საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 30 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 11 ნოემბრიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 188000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით შეიცვალა: საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (47 ეპიზოდი) ვ. ც-ეს საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა – 15000 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 2 აპრილის განჩინებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით ვ. ც-ისათვის დანიშნულ სასჯელს – 4 წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წელი, 5 თვე, 8 დღე და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის, 5 თვისა და 8 დღის ვადით, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 7 მარტიდან.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ც-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ც-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ც-ეს პროპორციულად ერთი მეოთხედით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 7 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (47 ეპიზოდი) და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლითა და 28 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ც-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ განჩინება დაუსაბუთებელი და უკანონოა შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულის აზრით, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა შემცირებულიყო 9 თვით, ხოლო 341-ე მუხლით – 1 წლით. მოსამართლემ კონკრეტულად არ განსაზღვრა, რომელი სასჯელიდან რამდენი დატოვა მოსახდელად; სავარაუდოდ, მან შეამცირა არა განაჩენებით დანიშნული, არამედ – 2012 წლის 2 აპრილის განჩინებაში მითითებული ერთიანი სასჯელი, რითიც მოხდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის იგნორირება და ერთი მეოთხედით შემცირდა პირველი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი, რამაც ხელოვნურად გაახანგრძლივა სასჯელის ვადა.
საჩივრის ავტორი ასევე მიიჩნევს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე მას ასევე ერთი მეოთხედით უნდა შემცირებოდა აღუსრულებელი ჯარიმა და დაკისრებოდა 75000 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ვ. ც-ე ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, 9 თვისა და 1 დღით თავისუფლების აღკვეთის, ხოლო ჯარიმის სახით – 75000 ლარის განსაზღვრას, 2 წლითა და 3 თვით კი – საქმიანობის უფლების ჩამორთმევას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ც-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17 მუხლების შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ც-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (47 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის 2012 წლის 7 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი – 8 თვე და 2 დღე და საბოლოოდ ვ. ც-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 3 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, ვ. ც-ის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, მაგრამ მასზე მაინც არ ვრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, ამავე მუხლში არსებული პირდაპირი მითითების გამო.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მოთხოვნას, მისთვის დაკისრებული ჯარიმის შემცირების თაობაზე, პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო. კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-18 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ/აღსრულებულ ჯარიმაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, მე-18, მე-20, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ც-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 2 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ც-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 341-ე მუხლით (47 ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და მიესაჯოს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლით დანიშნული და ამნისტიით ერთი მეოთხედით შემცირებული სასჯელის 2012 წლის 7 მარტისთვის მოუხდელი ნაწილი - 8 თვე და 2 დღე და საბოლოოდ ვ. ც-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით, 8 თვითა და 2 დღით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე