დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ბს-1312(კ-22) 16 მარტი, 2023წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გიორგი გოგიაშვილი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. ლ-ემ 13.07.2021წ. სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის 20.04.2021წ. №03-1107/ო ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე კანონით დადგენილი წესითა და ვადებში მოსარჩელისა და მისი ოჯახის წევრის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე ახალი აქტის გამოცემის მოპასუხისთვის დავალდებულება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 12.04.2022წ. გადაწყვეტილებით, პ. ლ-ეის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის თაობაზე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1107/ო ბრძანება, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაევალა მოსარჩელე - პ. ლ-ეის და მისი ოჯახის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე კანონით დადგენილი წესით და ვადებში ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინებით სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ დგინდება მოსარჩელის ოჯახის სხვის საკუთრებაში ცხოვრების ფაქტი, კერძოდ, მხარეთა განმარტებით, პ. ლ-ე 1992 წლიდან დასთან ერთად ცხოვრობს ქ. ჩ-ას საკუთრებაში არსებულ ბინაში, იგი არის ომის ვეტერანი, ხოლო მის დას - ქ. ლ-ეს მინიჭებული აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რის გამო საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადის შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, პ. ლ-ეის ოჯახის მდგომარეობა შეფასდა 5 ქულით, ამასთან, საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააღსრულებო ბიუროს 01.10.2019წ. და 01.10.2019წ. წერილების (გაფრთხილება) თანახმად, მოვალე ქ. ჩ-ას ვალდებულებების შესასრულებლად შესაძლოა სარეალიზაციოდ მიექცეს ქ. ჩ-ას კუთვნილი უძრავი ქონება. პ. ლ-ესა და მის დას საკუთრებაში არ აქვთ რაიმე სახის უძრავი ქონება, რის გამო მუდმივი საცხოვრებლის არარსებობის გამო, მოცემული საჭიროებიდან გამომდინარე სარგებლობდნენ სხვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით. სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის შესაძლებლობა არ გამორიცხავს მოსარჩელის უფლებას, როგორც დევნილი ოჯახი განსახლებული იქნეს ნორმატიული აქტით გათვალისწინებული წესით, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული უძრავი ქონება ექვემდებარება რეალიზაციას მესაკუთრის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ.
კასატორმა აღნიშნა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ერთადერთ შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა მოსარჩელის განსახლების სასწრაფო საჭიროება. მოსარჩელე 29 წელია ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე და ამ ეტაპზე სასწრაფო განსახლებას არ საჭიროებს, ამასთანავე, მოსარჩელის მამის საკუთრებაშია რამდენიმე უძრავი ქონება. რაც შეეხება ქ. ჩ-ას საკუთრებაში არსებული ფართის სარეალიზაციოდ მიქცევას, აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები ადმინისტრაციულ ორგანოში წარდგენილი არ ყოფილა, რის გამო კასატორის მოსაზრებით ამ საკითხზე სასამართლოს არ უნდა ემსჯელა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ორგანოების, მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა. საქმეში დაცული მასალებით პ. ლ-ე და ქ. ლ-ე არიან იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილები, ასევე პ. ლ-ე არის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, ხოლო ქ. ლ-ე - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. დევნილის მოწმობებში მოსარჩელეების დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებულია ქ. თბილისი, ...ის ქ. №.... საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. №19 სხდომის ოქმის თანახმად, ოროთახიანი ბინის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა პ. ლ-ეს, რომლის ოჯახი შედგება ორი პირისაგან. უარის თქმის საფუძვლად მითითებულია ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობა 1992 წლიდან მონიტორინგის მისამართზე ცხოვრების გამო. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 20.04.2021წ. №03-1107/ო ბრძანებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 02.04.2021წ. გადაწყვეტილების საფუძველზე (ოქმი №19), პ. ლ-ეს ამ ეტაპზე განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო უარი ეთქვა ქ. თბილისში გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფაზე. საქმეში დაცული მასალებით მოსარჩელის დროებით საცხოვრებელ (რეგისტრაციის) ადგილად მითითებული ფართი, კერძოდ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბინა 14 წარმოადგენს სხვა პირის, ქ. ჩ-ას საკუთრებას. თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 01.10.2019წ. და 23.10.2019წ. წერილებით ქ. ჩ-ა გაფრთხილებული იქნა აღსრულების ქვემდებარე აქტების - სააღსრულებო ფურცლებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ქ. თბილისში, ...ის ქ. №...-ში მდებარე ბ. 14-ის სარეალიზაციოდ მიქცევის თაობაზე. საჯარო რეესტრის 13.10.2021წ. წერილების მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის მონაცემებით პ. ლ-ეის და ქ. ლ-ეის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 08.04.2021წ. №01-30/ნ ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლი უზრუნველყოფის წესის“ 6.1 მუხლის თანახმად გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-4 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გაითვალისწინა მითითებული ნორმის მოთხოვნა, რომელიც მას პრიორიტეტულობის პრინციპის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას ავალდებულებდა. კასატორის მითითება იმის თაობაზე, რომ ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლება გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენს, ვინაიდან 1992 წლიდან ცხოვრობს მონიტორინგის მისამართზე, ასევე კასატორის მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მშობლებს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, არ ქმნის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარის თქმის უპირობო სამართლებრივ საფუძველს. დროებით, აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სხვის საკუთრებაში არსებული ფართით სარგებლობის ფაქტი არ გამორიცხავს დევნილის უფლებას, მოცემულ ეტაპზე იქნეს დაკმაყოფილებული საცხოვრებლით, ცალკეული კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე (სუს 18.03.2020წ. განჩინება, საქმე №ბს-156(კ-20)). უფრო მეტიც, საცხოვრებელი ფართის მიღების თაობაზე განაცხადების შეფასების ელექტრონული ფორმის თანახმად, 5 ქულიდან 1,5 ქულა მოსარჩელის ოჯახს მიენიჭა სწორედ იმ კრიტერიუმის გამო, რომელიც ადგენს ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას. ამდენად, გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პ. ლ-ეის (განცხადებით გათვალისწინებული პირების) საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე უარი ამ ეტაპზე მოსარჩელის განსახლების გადაუდებელი საჭიროების არარსებობის გამო დასაბუთებული არ არის, შესაბამისად, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელ ორგანოს წარმოეშვა მოსარჩელის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 11.07.2022წ. განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. სხირტლაძე
მოსამართლეები: ქ. ცინცაძე
გ. გოგიაშვილი