ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-297-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№2971-13 8 მარტი, 2013 წელი

ა-ი მ. 2971-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - ნ. ე-ს

ადვოკატ - ზ. ზ-ს

თარჯიმან - ე. მ-ს

მსჯავრდებულ - მ. ა-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ მ. ა-ს საჩივარი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის განაჩენით მ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,დ“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 4 თებერვლიდან.

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ მ. ა-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ მ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მ. ა-ს ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი - 10 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 4 თებერვლიდან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა მ. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან უნდა გათავისუფლდეს პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით და, ამასთან, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 33-ე თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-19 მუხლის თანახმად, პირს, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება, სასჯელისაგან გათავისუფლებასთან ერთად უნდა აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

საქმის მასალების მიხედვით, მ. ა-ა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა დიდი ოდენობით, არაერთგზის, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელდეს ზემოაღნიშნული მუხლების მოთხოვნები და იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ მ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებული მ. ა-ი გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

მსჯავრდებულ მ. ა-ს აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

მსჯავრდებული მ. ა-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე