ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№3021-13 7 მარტი, 2013 წელი
კ-ე ჯ., 3021-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. დ-ას
ადვოკატ – ე. პ-ის
მსჯავრდებულ _ ჯ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. კ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის განაჩენით ჯ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით – 1 წლით, 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 14 წლით, 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჯ. კ-ეს განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც შთანთქა სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 14 ივნისიდან.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 6 მარტის განაჩენით შეიცვალა: ჯ. კ-ეს განაჩენიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით წარდგენილი ბრალდება; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 26 ნოემბრისა და 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებებით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 7 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №16 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ჯ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 262-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, დანიშნული 15 წლით თავისუფლების აღკვეთიდან საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 10 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ჯ. კ-ის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელების მოხდისაგან გათავისუფლება კანონიერია. ასევე კანონიერია ჯ. კ-ისთვის „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება, ვინაიდან აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს და მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ჯ. კ-ეს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი მისთვის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელში და მიესაჯოს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა უნდა აეთვალოს 2005 წლის 14 ივნისიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-13, მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. კ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 და მე-13 მუხლების თანახმად, მსჯავრდებული ჯ. კ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 260-ე და 273-ე მუხლებით დანიშნული სასჯელების მოხდისგან.
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ჯ. კ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადა აეთვალოს 2005 წლის 14 ივნისიდან.
მსჯავრდებულ ჯ. კ-ეს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს მოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე