დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
Nბს-159(კ-22) 22 თებერვალი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა გ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებაზე (მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; მესამე პირები - ბ. ა-ი, რ. ა-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 14 იანვარს გ. ა-მა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ. სარჩელის დაზუსტების შემდეგ, გ. ა-მა მოითხოვა ბ. ა-ისა და რ. ა-ის კანონიერ სარგებლობაში არსებული საცხოვრებელი ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანების ბათილად ცნობა, ასევე მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობებისა და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივნისის N756 ბრძანების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა; რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის N... გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოპასუხე მხარეებად გ. ა-მა დაასახელა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 29 მარტის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ ბ. ა-ი და რ. ა-ი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე „წესის“ მე-4 მუხლის საფუძველზე, კანონიერი მოსარგებლე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარადგენს წერილობით განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას უნდა ერთვოდეს სხვადასხვა დოკუმენტები, მათ შორის, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), ასევე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა).
საქმეზე წარმოდგენილი, საქართველოს სსრ ქ. თბილისის კიროვის რაიონის მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული 1970 წლის 29 მაისის N8638 ორდერით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ა-ს, ოჯახით, რომელიც შედგებოდა 7 პირისაგან, მიეცა უფლება, დაეკავებინა თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე სახლში, 49 კვ.მ ფართის 2 ოთახი. აღნიშნულ ორდერში მითითებულ იქნა შ. ა-ის ოჯახის შემადგენლობა (შ. ა-ი, ლ. ა-ა და მათი შვილები - ა. ა-ა, მ. ა-ი, რ. ა-ი, რ. ა-ი და ბ. ა-ი), რომელსაც უფლება ჰქონდა აღნიშნული საცხოვრებელი ფართის დაკავებაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შ. ა-ისა და ლ. ა-ას გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეთა შეუთანხმებლობის გამო, სადავო ბინის საკუთრებაში მიღებასთან დაკავშირებული საკითხები განხილულ იქნა სამოქალაქო წესით, სამოქალაქო კანონმდებლობის საფუძველზე, რის შედეგადაც, განისაზღვრა ბინათმფლობელთა სამართლებრივი უფლებები. საქმეზე წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის 7/14 წილის პრივატიზების უფლება დაუდგინდა ბ. ა-ს, ხოლო 3/14 წილის პრივატიზების უფლება - გ. ა-ს. სასამართლომ აღნიშნა, რომ 1970 წლის 29 მაისის ორდერში მითითებულ თითოეულ პირს ჰქონდა ამ ორდერით გადაცემული, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის 1/7 წილის პრივატიზების უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ რ. ა-ისა და მ. ა-ის წილები (1/7-1/7) მემკვიდრეობით მიიღო მამამ - შ. ა-მა, მისი წილი ბინაში გახდა 3/7. ამდენად, შ. ა-ის გარდაცვალების შემდგომ, მისი დანაშთი სამკვიდრო, შესაბამისი წილებით - 3/14-3/14 მიიღეს ბ. ა-მა და გ. ა-მა, ხოლო ლ. ა-ის გარდაცვალების შედეგად, მისი 1/7 წილი სრულად მიიღო შვილმა -ბ. ა-მა. ამდენად, ბ. ა-ის წილი გახდა 7/14 (კუთვნილი 1/7 + მამისგან მემკვიდრებით მიღებული 3/14 და დედისგან მემკვიდრეობით მიღებული 1/7), ხოლო გ. ა-ის წილი განისაზღვრა მხოლოდ მამისაგან მიღებული 3/14-ით. რაც შეეხება დანარჩენ წილს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის ეტაპზე ორდერში მითითებული სხვა პირები არ მოითხოვდნენ თავიანთი წილების განსაზღვრას, სასამართლოს არ განუსაზღვრავს 1970 წლის 29 მაისის ორდერში მითითებული პირების - ა. და რ. ა-ების წილები, თუმცა განმარტა, რომ მათ არ ერთმევათ უფლება, მოითხოვონ ბინის პრივატიზება კუთვნილი წილის მიხედვით. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად, მიიჩნია, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე მთლიანი ბინის (14/14) განაწილების შედეგად, გ. ა-ის და ბ. ა-ის კუთვნილი წილების დადგენის შემდგომ (3/14+7/14), დანარჩენ 4/14 წილზე მოთხოვნის უფლება დარჩათ ა. და რ. ა-ებს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე (არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით წარდგენილ განცხადებაზე დასართავი დოკუმენტაციის ჩამონათვალი), ასევე „წესის“ მე-5 მუხლის მეორე, მე-4 პუნქტებზე და განმარტა, რომ თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ხოლო თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 27 თებერვალს ბ. ა-მა განცხადებით მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგეობას. განმცხადებელმა მოითხოვა თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინაზე, ა. ა-ას მემკვიდრეების მიერ 2/14 წილის სანოტარო თანხმობით დათმობის საფუძველზე, ბ. ა-ის სასარგებლოდ პრივატიზება, ხოლო დარჩენილი 2/14 ბინის წილის - რ. ა-ის სასარგებლოდ პრივატიზება. ამასთანავე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანებით ბ. ა-ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მას უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 4/14 ნაწილიდან 2/14 (1/7) წილი, ხოლო რ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 2/14 წილი. ამდენად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის 4/14 წილზე ბ. ა-ისა და რ. ა-ის უფლების თაობაზე ჩუღურეთის რაიონის გამგეობისათვის წარდგენილი დოკუმენტები საფუძვლად დაედო ბ. ა-ისა და რ. ა-ის სასარგებლოდ ბინის შესაბამისი წილის პრივატიზების შესახებ 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანების გამოცემას.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნული 4/14 წილი წარმოადგენდა სადავო ბინის სწორედ იმ ნაწილს, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ ყოფილა განაწილებული გ. და ბ. ა-ებზე. აღნიშნული წილი წარმოადგენდა ა. და რ. ა-ების მოთხოვნის ობიექტს. პალატის მოსაზრებით, სადავო ბრძანებით უძრავი ნივთის 4/14 წილის პრივატიზებით არ შეცვლილა და არ შეზღუდულა გ. ა-ის უფლება, ვინაიდან როგორც სამოქალაქო დავაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით იქნა დადგენილი, გ. ა-ის სასარგებლოდ, 3/14 წილზე რეგისტრირებულია მისი საკუთრების უფლება. ამდენად, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანება ვერ ჩაითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს გ. ა-ის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. აღნიშნულ ბრძანებაში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ კანონიერად არის მიჩნეული პრივატიზების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანება და აპელანტიც არ მიუთითებს აღნიშნული ბრძანების შედეგად გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გაუქმების რაიმე სხვა საფუძველზე, ასევე არსებობს საკუთრების მოწმობების, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივნისის N756 ბრძანებისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის N..., N... გადაწყვეტილებების კანონიერად მიჩნევის საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-მა. კასატორმა აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა იგი. 2012 წლის 6 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, ბ. ა-ს მიეცა 7/14 (იგივე 1/2) წილის პრივატიზების უფლება, გ. ა-ს - 3/14 წილის პრივატიზაციის უფლება, ხოლო დარჩენილი 4/14 წილი დარჩა სახელმწიფოს სახელზე. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ვინაიდან საკასაციო სასამართლომ ბ. და გ. ა-ების საკასაციო საჩივრები დატოვა განუხილველად, დაუშვებლობის გამო. ჩუღურეთის რაიონის გამგეობას შესაგებელში მითითებული აქვს, რომ ბრძანების მიღების დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ ა. და რ. ა-ებს არ ერთმევათ უფლება, მოითხოვონ კუთვნილ წილზე ბინის პრივატიზება. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილების მიხედვით, კანონიერ მოსარგებლედ ითვლება ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის საფუძველზე (ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში - მისი მემკვიდრე. ამავე დადგენილებით, სავალდებულოა მოსარგებლის მიერ 2007 წლის 2 თებერვლამდე ფართობზე რეგისტრაციის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ა. და რ. ა-ები მითითებულნი იყვნენ 1970 წლის 29 მაისს გაცემულ ორდერში, თუმცა ისინი არ სარგებლობდნენ ამ ფართით და არც იყვნენ რეგისტრირებულნი საპრივატიზაციო ფართში. 1971 წელს ა. ა-ა (ი-ა) გადავიდა საცხოვრებლად თავის მეუღლესთან და მიიღო მეუღლის გვარი „ი-ა", ხოლო 1982 წელს რ. ა-მა მიიღო ბინა თბილისში, ...ის ქუჩაზე და გადავიდა საცხოვრებლად. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე, ა. ა-ა (ი-ა) და რ. ა-ი არ სარგებლობდნენ სადავო ფართით. ეს ფაქტი დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი, ა. და რ. ა-ების სახელზე გაცემული ჩაწერის ბარათებით. 2013 წლის საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაში აღნიშნულია შემდეგი: „სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ა-ის სიკვდილის შემდეგ, მის ქონებას ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა ორი მემკვიდრე - ბ. ა-ა და გ. ა-ი. შესაბამისად, დარჩენილი მემკვიდრეები, რომლებიც ორდერში არიან ჩაწერილები, არ ცხოვრობენ სადავო ბინაში და არ სარგებლობენ საპრივატიზაციო ფართით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაურკვეველია, სასამართლომ რის საფუძველზე მიანიჭა ბინის პრივატიზების უფლება ორდერში ჩაწერილ ყველა პირს..“. „..შ. ა-ის გარდაცვალების შემდეგ, მისი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო მხოლოდ მისმა ორმა შვილმა - გ. ა-მა და ბ. ა-ამ, რის გამოც, ამჟამად მხოლოდ ისინი ითვლებიან კანონიერ მოსარგებლეებად და მხოლოდ მათ უნდა მიენიჭოთ სადავო ბინის პრივატიზების უფლება..“. ამავე განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილება. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებით.
კასატორის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების მიღებისას სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის განჩინება და სწორად არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილება, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული, ვინ წარმოადგენს კანონიერ მოსარგებლეს. სადავო 2017 წლის 22 მარტის N33.011708112 ბრძანება უნდა ჩაითვალოს იმ სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად, რომელიც პირდაპირ და უშალო ზიანს აყენებს გ. ა-ის კანონიერ უფლებას და ინტერესს. აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, გ. ა-ის მიერ დაკავებული ოთახის ფართობის 1/3 ნაწილი გადადის ბ. ა-ას საკუთრებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 4 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული გ. ა-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მესამე პირების - ბ. ა-ისა და რ. ა-ის სასარგებლოდ, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინაზე 2/14-2/14 წილების პრივატიზების შესაძლებლობის გამორიცხვა და იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების უკანონოდ ცნობა, რომლებიც მითითებულ მისამართზე მდებარე შესაბამის უძრავ ქონებაზე, პრივატიზების გზით მესამე პირებზე საკუთრების უფლების გადასვლას ადასტურებს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის N2ბ/2269-12 გადაწყვეტილებით, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის 7/14 წილის პრივატიზების უფლება დაუდგინდა ბ. ა-ს, ხოლო 3/14 წილის პრივატიზების უფლება - გ. ა-ს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინა შ. ა-ის შვიდწევრიან ოჯახს გადაეცა 1970 წლის 29 მაისის ორდერით. დასახელებულ ორდერში შ. ა-ის ოჯახის წევრებად მითითებულნი იყვნენ: შ. ა-ი, მისი მეუღლე - ლ. ა-ი და შვილები - ა. ა-ი, მ. ა-ი, რ. ა-ი, რ. ა-ი, ბ. ა-ი. „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 1 თებერვლის N107 დადგენილებიდან გამომდინარე, 1970 წლის 29 მაისის ორდერში მითითებულ თითოეულ პირს წარმოეშვა ამ ორდერით გადაცემული, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის 1/7 წილის პრივატიზების უფლება. 1984 წლის 3 თებერვალს შ. ა-ი და ლ. ა-ი განქორწინდნენ, ხოლო 1984 წლის 20 ივნისს შ. ა-სა და ტ. კ-ოს შეეძინათ შვილი - გ. ა-ი. რ. ა-ისა და მ. ა-ის წილები (1/7-1/7) მემკვიდრეობით მიიღო მამამ - შ. ა-მა, რის შემდეგაც, შ. ა-ის წილი თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინაში გახდა 3/7. შ. ა-ი გარდაიცვალა 2006 წლის 17 თებერვალს. მისი დანაშთი სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს ბ. ა-მა და გ. ა-მა. შესაბამისად, ბ. ა-მა და გ. ა-მა მემკვიდრეობით მიიღეს თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის 3/14-3/14 წილი. ლ. ა-ი გარდაიცვალა 2009 წლის 11 ივლისს და მისი 1/7 წილი, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინაში მიიღო შვილმა - ბ. ა-მა, რის შემდეგაც, აღნიშნულ ბინაში ბ. ა-ის წილი გახდა 7/14 (კუთვნილი 1/7 + მამისგან მემკვიდრებით მიღებული 3/14 და დედისგან მემკვიდრეობით მიღებული 1/7). სასამართლოს განმარტებით, 1970 წლის 29 მაისის ორდერში მითითებულ პირებს - ა. ა-ს და რ. ა-ს არ ერთმევათ უფლება, მოითხოვონ კუთვნილი წილის მიხედვით ბინის პრივატიზების უფლება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის განჩინებით განუხილველად დარჩა ბ. ა-ისა და გ. ა-ის მიერ წარდგენილი საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის N2ბ/2269-12 გადაწყვეტილებაზე, დაუშვებლობის გამო. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2015 წლის პირველი ივნისის N465 ბრძანებით კანონიერ მოსარგებლეს - ბ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 7/14 (იგივე ½) წილი. ბ. ა-ზე 2015 წლის პირველ ივნისს გაიცა N7 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 13 ოქტომბრის N... გადაწყვეტილებით, თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში არსებული 50.32 კვ.მ ბინის (ს/კ...) ½ წილზე დარეგისტრირდა ბ. ა-ის საკუთრების უფლება, ხოლო ½ წილზე - სახელმწიფოს (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის) საკუთრების უფლება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ჩუღურეთის რაიონის გამგებლის 2015 წლის 23 სექტემბრის N837 ბრძანებით კანონიერ მოსარგებლეს - გ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფო საბინაო ფონდში არსებული, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 3/14 წილი. გ. ა-ზე 2015 წლის 2 დეკემბერს გაიცა N14 საკუთრების უფლების მოწმობა, რომლის საფუძველზეც, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 7 დეკემბრის N... გადაწყვეტილებით თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში არსებული 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართის (ს/კ ...) 3/14 წილზე დარეგისტრირდა გ. ა-ის საკუთრების უფლება, 7/14 ნაწილზე - ბ. ა-ის საკუთრების უფლება, ხოლო 4/14 ნაწილზე - სახელმწიფოს (დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის) საკუთრების უფლება.
2017 წლის 27 თებერვალს ბ. ა-მა განცხადებით მიმართა ჩუღურეთის რაიონის გამგებელს. განმცხადებელმა მოითხოვა თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინაზე წილის თავის სასარგებლოდ პრივატიზება, ა. ა-ას (ქორწინების შემდეგ - ი-ას) მემკვიდრის მიერ მისი დათმობის საფუძველზე, ასევე აღნიშნული ბინის წილის პრივატიზება რ. ა-ის სასარგებლოდ. განცხადებასთან ერთად, გამგეობას წარედგინა: 1) ჯ. ი-ის სანოტარო წესით დამოწმებული, ხელმოწერით დადასტურებული 2016 წლის 25 აგვისტოს განცხადება, რომლითაც ჯ. ი-მა, როგორც გარდაცვლილი დედის - ა. ა-ის მემკვიდრემ, უარი განაცხადა თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის პრივატიზების უფლებაზე, დეიდის - ბ. ა-ის სასარგებლოდ; 2) რ. ა-ის მიერ გაცემული მინდობილობა, რომლითაც მან დას - ბ. ა-ას მიანიჭა უფლებამოსილება, განეხორციელებინა თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე ბინის პრივატიზაცია რ. ა-ის სახელით; 3) საქართველოს სსრ ქ. თბილისის კიროვის რაიონის მშრომელთა დეპუტატთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის მიერ გაცემული 1970 წლის 29 მაისის N8638 ორდერი, რომლითაც შ. ა-ს ოჯახით (შედგებოდა 7 პირისაგან) მიეცა უფლება, დაეკავებინა თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე სახლის 49 კვ.მ ფართის 2 ოთახი. აღნიშნულ ორდერში შ. ა-ის ოჯახის წევრებად მითითებულნი იყვნენ: შ. ა-ი, ლ. ა-ი და მათი შვილები - ა. ა-ი, მ. ა-ი, რ. ა-ი, რ. ა-ი და ბ. ა-ი; 4) ა. ა-ასა და ა. ი-ის ქორწინების მოწმობა; 5) ა. ი-ას გარდაცვალების მოწმობა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანებით ბ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 4/14 ნაწილიდან 2/14 (1/7) წილი, ხოლო რ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 2/14 წილი. შესაბამისად, 2017 წლის 22 მარტს ბ. ა-აზე გაიცა N5 საკუთრების უფლების მოწმობა, ხოლო რ. ა-ზე - N6 საკუთრების უფლების მოწმობა.
2018 წლის 16 აპრილს ბ. ა-მა N... განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. განმცხადებელმა მოითხოვა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია. განცხადებასთან ერთად, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, N5 საკუთრების უფლების მოწმობა, შიდა აზომვითი ნახაზი და Nბ33.011708112 ბრძანება.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის №... გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ. ა-ის განცხადება და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) თანამესაკუთრეთა კუთვნილი წილები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: ბ. ა-ი - 9/14, გ. ა-ი - 3/14, სახელმწიფო (დიდუბე-ჩუღირეთის რაიონის გამგეობა) - 2/14.
2018 წლის 16 აპრილს ბ. ა-მა, როგორც რ. ა-ის წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად, მარეგისტრირებელ ორგანოს წარედგინა N6 საკუთრების უფლების მოწმობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის N... გადაწყვეტილებით ბ. ა-ის განცხადება დაკმაყოფილდა და ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ ...) თანამესაკუთრეთა წილები შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: ბ. ა-ი - 9/14, გ. ა-ი - 3/14, რ. ა-ი - 2/14.
2018 წლის 26 მარტს გ. ა-ის წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანებისა და მის საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საჩივრის მიხედვით, ა. და რ. ა-ებს სადავო აქტით პრივატიზებულ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ წარუდგენიათ, ამასთან, ისინი არ წარმოადგენდნენ კანონიერ მოსარგებლეებს, ვინაიდან არ სარგებლობდნენ აღნიშნული ქონებით.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივნისის N756 ბრძანებით გ. ა-ის წარმომადგენლის 2018 წლის 26 მარტის ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მოცემული სამართალურთიერთობა დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებულ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესთან“, რომელიც არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 2007 წლის 2 თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს.
ზემოაღნიშნული „წესის“ მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლე არის ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან არაიზოლირებული) ფართობით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე. ამავე „წესის“ მე-4 მუხლის საფუძველზე, კანონიერი მოსარგებლე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოში წარადგენს წერილობით განცხადებას არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად წარსადგენ სავალდებულო დოკუმენტებს შორის, მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებულია არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვ.), ასევე ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ (იზოლირებულ და არაიზოლირებულ) ფართობთან ერთად შესაბამისი მიწის ნაკვეთის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემისას, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, აგრეთვე ინფორმაცია ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან (ცნობა-დახასიათება, საინვენტარიზაციო გეგმა და სხვა). ამავე „წესის“ მე-5 მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ კანონიერი მოსარგებლის მიერ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები აკმაყოფილებს ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო დადგენილ ვადაში იღებს გადაწყვეტილებას საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე, ხოლო მე-4 პუნქტის შესაბამისად, თუ კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულია რამდენიმე კანონიერი მოსარგებლე, მათ საცხოვრებელი ან/და არასაცხოვრებელი (იზოლირებული ან/და არაიზოლირებული) ფართობი შეიძლება გადაეცეთ საერთო საკუთრებაში ყველა კანონიერი მოსარგებლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ მოსარჩელის ინტერესში არსებულ უძრავ ქონებასთან მიმართებაში, შესაბამისი წილობრივი მონაცემებით ბინათმფლობელთა სამართლებრივი უფლებები განისაზღვრა სამოქალაქო საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებით. კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე მთლიანი ბინის (14/14) განაწილების შედეგად, გ. ა-ის და ბ. ა-ის კუთვნილი წილების დადგენის შემდგომ (3/14+7/14), დანარჩენ 4/14 წილზე მოთხოვნის უფლება დარჩათ ა. და რ. ა-ებს.
საკასაციო პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ წილებზე მოთხოვნის უფლებამ ცვლილება განიცადა მხოლოდ ა. და რ. ა-ებისათვის მიკუთვნებულ 4/14 წილთან მიმართებაში. კერძოდ, ბ. ა-მა, კუთვნილ 7/14 წილთან ერთად, დმატებით 2/14 წილზე უფლება მოიპოვა ა. ა-ას მემკვიდრეების მიერ კუთვნილი 4/14 წილიდან 2/14 წილის ბ. ა-ის სასარგებლოდ დათმობის საფუძველზე. შესაბამისად, დარჩენილი 2/14 ბინის წილზე უფლება დარჩა რ. ა-ს. სწორედ აღნიშნული ფაქტობრივი საუძვლების არსებობის პირობებშია გამოცემული სადავო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანება, რომლითაც ბ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 4/14 ნაწილიდან 2/14 (1/7) წილი, ხოლო რ. ა-ს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე 50.32 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის 2/14 წილი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ თბილისში, ...ის ქუჩა N5-ში მდებარე სადავო უძრავი ნივთის 4/14 წილთან დაკავშირებით გამოცემული ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანებით არ შეზღუდულა გ. ა-ის უფლება, რამდენადაც 4/14 ნაწილი სადავო ბინის იმ ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით არ განაწილებულა გ. და ბ. ა-ებზე. აღნიშნული წილი წარმოადგენდა ა. და რ. ა-ების მოთხოვნის ობიექტს. სამოქალაქო დავაზე მიღებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ა-ის საკუთრების უფლება განსაზღვრულია მითითებულ მისამართზე მდებარე ბინის 3/14 წილზე, რომელიც კავშირში არ არის 2017 წლის 22 მარტის Nბ33.011708112 ბრძანებით ბ. ა-ისა და რ. ა-ისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემულ 4/14 ნაწილთან (2/14 წილი - ბ. ა-ი; 2/14 წილი - რ. ა-ი).
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის N189 დადგენილებით დამტკიცებული „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონიერი მოსარგებლის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო გასცემს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლის საკუთრებაში გადაცემის დამადასტურებელ დოკუმენტს - საკუთრების უფლების მოწმობას. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კანონიერ სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართობზე საკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე უფლების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაცია.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სადავო საკითხის სამართლებრივი შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პრივატიზების თაობაზე მიღებული სადავო ბრძანების კანონიერად მიჩნევის პირობებში, ასევე კანონიერად უნდა იქნეს მიჩნეული აღნიშნული ბრძანების საფუძველზე გაცემული საკუთრების მოწმობები და მითითებული ბრძანების უცვლელად დატოვების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 17 ივნისის N756 ბრძანება. შესაბამისად, არ არსებობს რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 აპრილის N... და 2018 წლის 20 აპრილის N... გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის წინაპირობები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. ამდენად, გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის პირობებში, მ. მ-ს (პირადი N...) უნდა დაუბრუნდეს გ. ა-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 25 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ა-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განჩინება;
3. მ. მ-ს (პირადი N...) დაუბრუნდეს გ. ა-ის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით 2022 წლის 25 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის N200122900, სახაზინო კოდი N300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე