დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-315-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3151-13 8 მარტი, 2013 წელი

მ-ი ნ, 3151-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის

პროკურორ - დ. ნ-ს

მსჯავრდებულ - ნ. მ-ს

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. მ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 მარტის განაჩენით ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 იანვრიდან.

ნ. მ-ს, როგორც ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელს, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: ა) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლის ვადით ჩამოერთვას: ა) საექიმო საქმიანობის უფლება; ბ) საადვოკატო საქმიანობის უფლება; გ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის უფლება; დ) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; ე) პასიური საარჩევნო უფლება; ვ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება. მსჯავრდებულ ნ. მ-ს აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა უნდა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 29 სექტემბრის განაჩენით:

ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 იანვრიდან.

2013 წლის 15 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. მ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

მსჯავრდებულ ნ. მ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2009 წლის 13 იანვრიდან. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. მ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.

მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, იგი უნდა გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით, ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდება გასაღების ნიშნით. ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება. რადგან ნ. მ-ი ნასამართლევია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისა და გასაღებისათვის, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ნ. მ-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. ოშხარელი

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე