დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 08.03.2013
საქმის ნომერი
2კ-354-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
08.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№3541-13 8 მარტი, 2013 წელი

გ-ი ზ., 3541-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ნ. ფ-ის

ადვოკატ – ს. კ-ის

მსჯავრდებულ _ ზ. გ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივრები რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 23 მარტის განაჩენით ზ. გ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 17 წლით, 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ ზ. გ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2012 წლის 8 იანვრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 30 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. გ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელები და განესაზღვრა: სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით – 12 წლითა და 9 თვით, ხოლო 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. ზ. გ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. გ-მა საჩივრებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრებში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ უდანაშაულოა, იმყოფება უკანონო პატიმრობაში, რის გამოც არ სურს, მის მიმართ გავრცელდეს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი და შეუმცირდეს სასჯელი იმ დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. გ-ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე და 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელების ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის საბოლოოდ სასჯელის სახით 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა კანონიერია, ვინაიდან ამ მუხლებით მსჯავრდებისას იგი წინათ განზრახი დანაშაულისთვის იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მათზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი-მე-15 მუხლების მოქმედება.

რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას განაჩენით უკანონოდ დასდეს მსჯავრი და აქედან გამომდინარე, არ სურს, მასზე გავრცელდეს ამნისტია, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება, ხოლო ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელება კი არ არის დამოკიდებული პირის სურვილზე და სავალდებულო წესით ეხება ყველა იმ პირს, რომელმაც დანაშაული 2012 წლის 2 ოქტომბრამდე ჩაიდინა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე