დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№4071-13 12 მარტი, 2013 წელი
ა-ი ნ, 4071-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
პაატა სილაგაძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან - გიორგი შავლიაშვილის
პროკურორ - ნ. გ-ს
მსჯავრდებულ - ნ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ნ. ა-ს საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ნ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 24 თებერვლამდე და გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.
მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 7000 ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 2 სექტემბრის დადგენილებით დაკმაყოფილდა არასაპატიმრო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსის წარდგინება.
გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 24 თებერვლამდე.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხაშურის რაიონული სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებით მსჯავრდებულ ნ. ა-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
ნ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 24 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული ძირითადი სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2012 წლის 25 აგვისტოდან. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო - 2009 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 24 თებერვლამდე.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ნ. ა-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და სასჯელის შემსუბუქება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული, გარდა სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილისა.
ამდენად, რომ ხაშურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლით, რომლის თანახმადაც, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ. ა-ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: პ. სილაგაძე
გ. შავლიაშვილი