დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 13.03.2013
საქმის ნომერი
2კ-415-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
13.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№4151-13 13 მარტი, 2013 წელი

ჯ-ა ვ., 4151-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ს. გ-ის

მსჯავრდებულ _ ვ. ჯ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 14 მარტის განაჩენით ვ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 1 წელი ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 4 მარტიდან.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელი, 4 თვე და 15 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. ჯ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ არ ეთანხმება აღნიშნული განჩინებით მისთვის საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ ვ. ჯ-ასათვის საქართველოს სსკ-ის მე-19,178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 4 წლით, 1 თვითა და 15 დღით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, საიდანაც 3 წელი, 4 თვე და 15 დღე უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 9 თვე – ჩაეთვალა პირობით, 1 წლისა და 6 თვის გამოსაცდელი ვადით – კანონიერია, ვინაიდან ვ. ჯ-ა ამ მუხლით მსჯავრდებისას წინათ განზრახი დანაშაულისთვის – საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლით – იყო ნასამართლევი და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-18, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ვ. ჯ-ას საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე