ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№4561-13 13 მარტი, 2013 წელი
ა-ი ბ, 4561-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
მაია ვაჩაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - ნ. ფ-ს
ადვოკატ - რ. მ-ს
მსჯავრდებულ - ბ. ა-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ბ. ა-ს საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის ,,ა“, ,,გ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ლ“ ქვეპუნქტებით _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნულ განაჩენში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აგვისტოს განაჩენით შევიდა ცვლილება, კერძოდ:
ბ. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით _ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ამავე მუხლის მეორე ნაწილით _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, 19,109-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია), ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,გ“, ,,დ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია) _ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“, ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძვ.რედაქცია) _ 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, 264-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ახალი რედაქცია), ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ძვ.რედაქცია) _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 21 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.
2013 წლის 14 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ბ. ა-ს მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ბ. ა-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ბ. ა-ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მისჯილი სასჯელისაგან - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთისაგან.
ბ. ა-ი გათავისუფლდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისჯილი სასჯელისაგან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.
ბ. ა-ს გაუნახევრდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ა“, „გ“, „ზ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით დანიშნული სასჯელი - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საბოლოოდ დანიშნულ სასჯელს - 18 წელს გამოაკლდა 12 წელი და დარჩენილი 6 წელი შემცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ ბ. ა-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ბ. ა-ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
მსჯავრდებულ ბ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ბ. ა-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა იმ მოტივით, რომ იგი უნდა გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაული (სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები).
ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის მომზადება ან/და მცდელობა.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი - მე-15 მუხლების მოქმედება.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებული ბ. ა-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3, მე-7 და მე-16 მუხლების საფუძველზე გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, რაც იყო სრულიად კანონიერი.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ 2013 წლის 19 თებერვალს გამოიტანა განჩინება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ და „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე მსჯავრდებულ ბ. ა-ს ერთი მეოთხედით შეუმცირა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 1 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ სასჯელის ზომად განუსაზღვრა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსსკ-ის 287-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების მიმღებ სასამართლოს უფლება აქვს ზეპირი მოსმენის გარეშე განჩინებით აღმოფხვრას გადაწყვეტილებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობა, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელის ღონისძიების შესახებ.
გასაჩივრებული განჩინებით მოსამართლემ იმსჯელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის რომელი მუხლის საფუძველზე უნდა მომხდარიყო მსჯავრდებულის გათავისუფლება სასჯელის მოხდისაგან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვალს გამოტანილი განჩინებით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ იცვლება გადაწყვეტილება მსჯავრდებულ ბ. ა-ს მიმართ და აღნიშნული გავლენას ახდენს სასჯელის ღონისძიებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება მსჯავრდებულ ბ. ა-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ბ. ა-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 19 თებერვლის განჩინება უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ.
აღსრულდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება და ბ. ა-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიადნ.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: მ. ვაჩაძე
პ. ქათამაძე