დატოვებულია უცვლელად

სისხლის სამართლის 15.03.2013
საქმის ნომერი
2კ-512-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5121-13 15 მარტი, 2013 წელი

ე-ე დ., 5121-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ გ. ქ-ის

მსჯავრდებულ _ დ. ე-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ე-ის საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 27 დეკემბრის განაჩენით დ. ე-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით და განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2001 წლის 18 მარტიდან 2002 წლის 27 მარტამდე.

აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005 წლის 14 ივნისის განჩინებით დარჩა უცვლელად.

გორის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 6 დეკემბრის განაჩენით დ. ე-ეს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გადაზიდვა) მიესაჯა 15 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 17 სექტემბრიდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 25 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ე-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ე-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ე-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 17 სექტემბრიდან.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ე-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მის მიმართ სასამართლომ სწორად არ გამოიყენა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან წინა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა და, ამავდროულად, მის მიერ წინათ ჩადენილი დანაშაული არ ყოფილა განზრახი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს მისი საქმის განხილვასა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით. ამასთანავე, ის არ არის ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, გარდა იმავე კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულისა, რომელიც ასევე არ კვალიფიცირდებოდა გასაღების ნიშნით.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით მსჯავრდებისას დ. ე-ე იყო ნასამართლევი, ვინაიდან არ იყო გასული საქართველოს სსკ-ით დადგენილი ნასამართლობის გაქარწყლების ვადა. ხოლო რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მის მიერ წინათ ჩადენილი დანაშაული იყო გაუფრთხილებელი, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 113-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განზრახ დანაშაულთა რიცხვს მიეკუთვნება. შესაბამისად, დ. ე-ის მიმართ ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის მოქმედება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ე-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე