განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 16.03.2013
საქმის ნომერი
2კ-550-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
16.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№5501-13 16 მარტი, 2013 წელი

ჭ-ა ლ., 5501-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ მ. ც-ას

მსჯავრდებულ _ ლ. ჭ-ას

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 4 იანვრის განაჩენით ლ. ჭ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 8 წლით, 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) – 17 წლით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელები შეიკრიბა ნაწილობრივ და ლ. ჭ-ას საბოლოოდ განესაზღვრა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 21 ივნისიდან.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 4 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №8 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდა დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 13 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. ჭ-ამ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. იგი ითხოვს, დაზუსტდეს, ამნისტიის საფუძველზე რომელ მუხლზე რამდენით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულ ლ. ჭ-ასთვის საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 109-ე მუხლის „თ“, „ი“, „ლ“ პუნქტებით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) დანიშნული სასჯელები უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით საბოლოოდ დანიშნულ სასჯელში - 18 წლით თავისუფლების აღკვეთაში - თითოეულის წილის პროპორციულად. კერძოდ:

ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 12 წელი, 7 თვე და განესაზღვროს 9 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა. ასევე ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი - 5 წელი, 5 თვე და განესაზღვროს 4 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, მე-17, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 9 წლით, 5 თვითა და 8 დღით თავისუფლების აღკვეთა.

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ლ. ჭ-ას ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი და განესაზღვროს 4 წლითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში - მათ შორის ლ. ჭ-ასთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელის ნაწილში - დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე