ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-560-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№5601-13 19 მარტი, 2013 წელი

მ-ი ხ, 5601-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

პაატა ქათამაძე, გიორგი შავლიაშვილი

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ლ. ყ-ის

მსჯავრდებულ _ ხ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ხ. მ-ის საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 15 მაისის განაჩენით ხ. მ-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილით – 7 წლით, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 11 წლით, 109-ე მუხლის „ა“, „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით – 12 წლითა და 6 თვით, ხოლო მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით – 11 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობითა და სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების წესით ხ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან - 2005 წლის 13 მაისიდან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 26 სექტემბრის განაჩენით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა: ხ. მ-ი გამართლდა სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებითა და მე-19,109-ე მუხლის „ა“, „გ“, „თ“, „ლ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების ნაწილში; ხ. მ-ის ქმედება სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტზე (2006 წლის 31 მაისიდან მოქმედი რედაქცია) და ამ მუხლით მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა; ხ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2, მე-3 ნაწილებით (1999 წლის 22 ივლისის რედაქცია) და მიესჯა: სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, ხოლო მე-3 ნაწილით - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით ხ. მ-ს საბოლოოდ განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2005 წლის 13 მაისიდან.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 25 აპრილის განჩინებით ხ. მ-ისა და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე, ხ. მ-ი გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით დანიშნული სასჯელისაგან, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელი - 11 წელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2005 წლის 13 მაისიდან.

მსჯავრდებული ხ. მ-ი საჩივარში აღნიშნავს, რომ ,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, მას სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ითხოვს გასაჩივრებული განჩინების შეცვლას მის სასიკეთოდ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-17 მუხლის თანახმად, პირზე, რომელსაც სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ-ცალკე.

მოცემულ შემთხვევაში ხ. მ-ს საბოლოო სასჯელი - 11 წელი განესაზღვრა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი, მე-2 , მე-3 ნაწილებითა და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელთა ნაწილობრივი შეკრებით. ამასთან, გასაჩივრებული განჩინებით მსჯავრდებული გათავისუფლდა სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული სასჯელებისაგან. ამდენად, 11 წლით თავისუფლების აღკვეთიდან სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი შეადგენს 4 წელს, 4 თვესა და 15 დღეს, რაც აღნიშნული კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, უნდა შემცირდეს ერთი მეოთხედით. 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელის პროპორციული წილი შეადგენს 3 წელს, 3 თვესა და 15 დღეს, რაც ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-12 მუხლის თანახმად, უნდა განახევრდეს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ხ. მ-ს სსკ-ის 179-ე მუხლით უნდა განესაზღვროს 3 წლით, 3 თვითა და 11 დღით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 1 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა. სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მსჯავრდებულს საბოლოოდ უნდა განესაზღვროს 4 წლით, 11 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2005 წლის 13 მაისიდან. შესაბამისად, ხ. მ-ი უნდა ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ ხ. მ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. მ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ–ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით, 3 თვითა და 11 დღით თავისუფლების აღკვეთა;

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ხ. მ-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ–ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით დანიშნული სასჯელი და მოსახდელად განესაზღვროს 1 წლით, 7 თვითა და 22 დღით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით ხ. მ-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 4 წლით, 11 თვითა და 3 დღით თავისუფლების აღკვეთა.

ხ. მ-ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2005 წლის 13 მაისიდან.

ხ. მ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

გ. შავლიაშვილი