დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№5741-13 16 მარტი, 2013 წელი
კ-ი ზ., 5741-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ჩ-ის
ადვოკატების – ა. ზ-ის, ნ. ფ-ის
მსჯავრდებულ _ ზ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. კ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განაჩენით ზ. კ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და გასაღება) და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 25 თებერვლიდან.
აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 18 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 5 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 14 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №9 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ზ. კ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სასჯელი და საბოლოოდ მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლისა და 6 თვის ვადით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. კ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი დაინტერესებული პირის (რომელმაც სასამართლო სხდომაზე გადათქვა ჩვენება) განთქმითი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა დაუშვებელია. აღნიშნულის გათვალისწინებით, მსჯავრდებული ითხოვს განაჩენიდან ნარკოტიკების რეალიზაციის ფაქტის ამორიცხვას და მხოლოდ ამის შემდეგ მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, თუ მის მიერ ჩადენილი ქმედება არ კვალიფიცირდება ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების გასაღების ნიშნით.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ზ. კ-ს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, გასაღებისათვის. შესაბამისად, მის მიმართ ვერ მოხდება „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის გამოყენება და მისი სასჯელისგან სრულად განთავისუფლება.
რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას, რომ მას განაჩენით უკანონოდ დასდეს მსჯავრი ნარკოტიკული საშუალების გასაღებაში, პალატა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე საკასაციო პალატა მსჯელობს მხოლოდ იმ საკითხზე, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მოთხოვნები და არ არის უფლებამოსილი, გადასინჯოს იმ განაჩენის კანონიერება, რომლითაც მოხდა პირის მსჯავრდება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება ზ. კ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე