დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ბს-1059(კ-22) 25 აპრილი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობა:
ბიძინა სტურუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მაია ვაჩაძე, გოჩა აბუსერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ. მ. ბ. ა-ა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2019 წლის 8 ოქტომბერს ჯ. მ. ბ. ა-ამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის №1000683564 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსათვის ჯ. მ. ბ. ა-ას მიერ 2019 წლის 03 სექტემბერს წარდგენილი №1000683564 განცხადების არსებითად განხილვის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ. მ. ბ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის №1000683564 გადაწყვეტილება და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელის 2019 წლის 03 სექტემბრის №1000683564 განცხადებასთან დაკავშირებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინებით სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება. მითითებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.1. მუხლის მიხედვით, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბინადრობის ნებართვა არის საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის უფლება, ხოლო ბინადრობის ნებართვის მოწმობა - იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, რომელიც ეხმარება უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ჩაებას სხვადასხვა სახის სამართლებრივ ურთიერთობებში, ისარგებლოს საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო და სხვა, მსგავსი ტიპის მომსახურებით. შესაბამისად, სახელმწიფო, გასცემს რა ბინადრობის მოწმობას უცხოელზე, იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს მისი უფლებების და თავისუფლებების დაცვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე. ეს გულისხმობს გარკვეული პრივილეგიების მინიჭებას კონკრეტული პირისათვის დროის იმ მონაკვეთში, რა პერიოდშიც უცხოელი კანონიერად იმყოფება საქართველოში.
„საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამავე დადგენილების მე-5 მუხლით დადგენილია შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში მითითებულია, რომ შრომითი ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, უცხოელმა სააგენტოში უნდა წარადგინოს: ა) დადგენილი ფორმის განცხადება; ბ) უცხოელის სამგზავრო დოკუმენტის ასლი; გ) საქართველოში კანონიერად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; დ) მუშაობისა და სამეწარმეო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი (შრომითი ხელშეკრულება ან სამუშაოზე მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი); თუ აღნიშნული დოკუმენტებით ვერ დასტურდება უცხოელის ლეგალური შემოსავალი, შემოსავლად ასევე შეიძლება, ჩაითვალოს უცხოელის პირად საბანკო ანგარიშზე რიცხული თანხა (მათ შორის, ბანკის მიერ გაცემული ცნობა), რომლის ოდენობაც, შრომითი ბინადრობის ნებართვის ხანგრძლივობის გათვალისწინებით, ყოველთვიურად არ უნდა იყოს საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები; დ1) ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მისი დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის, ხოლო საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების შემთხვევაში წლიური ბრუნვა არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; ე) ფოტოსურათი, ზომით 3/4; ვ) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
განმცხადებელს 2019 წლის 04 სექტემბრის №1000683564/7 წერილით დაუდგინდა ხარვეზი და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, 2019 წლის 12 სექტემბრამდე, მას დაევალა წარმოედგინა: 1. შემოსავლების სამსახურიდან, უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისათვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2. შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.
განმცხადებელს დოკუმენტაციების წარმოსადგენად განსაზღვრული ვადა 2019 წლის 12 სექტემბრის №1000683564/7 წერილით გაუგრძელდა 2019 წლის 20 სექტემბრამდე, ვინაიდან №1000685338/7 წერილით განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელს არ წარმოუდგენია ხარვეზის აღმოსაფხვრელად საჭირო დოკუმენტები, განცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83–ე მუხლის მე–5 ნაწილის მიხედვით დარჩა განუხილველად. ხარვეზის დადგენის თაობაზე წერილი ატვირთულია სააგენტოს ინტერნეტგვერდზე 2019 წლის 04 სექტემბერს, რაც დასტურდება სააგენტოს 2019 წლის 04 ნოემბრის №1/310478 წერილით.
კასატორის განმარტებით, არამართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ კანონი მოპასუხეს არ ავალდებულებდა, თუმცა განმცხადებლის ინტერესის გათვალისწინებით სააგენტოს უნდა ემსჯელა მისთვის გონივრული ვადის მიცემასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის ვადის გაგრძელების ინტერესი მხარეს არ ჰქონია. კასატორის განმარტებით, ასევე უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ არსებითად არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ გარკვეული სახის დოკუმენტაციაზე, რომლებშიც ფაქტობრივად, ასახული იყო ხარვეზით დადგენილი ინფორმაცია, მაშინ როცა განცხადებელმა, ერთი მხრივ, თავად ითხოვა საქმისწარმოების გაგრძელება, მეორე მხრივ კი,სასამართლომ თავადვე აღნიშნა, რომ წარმოდგენილი იყო ხარვეზით დადგენილი ინფორმაცია.
კასატორის განმარტებით, სააგენტომ მხარის ინტერესების გათვალისწინებით იმსჯელა ყველა საკითხზე, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას, შესაბამისად, დაუსაბუთებელია სასამართლოს არგუმენტი, არსებითი მსჯელობის გარეშე გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 29 დეკემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სასამართლოებმა არსებითად სწორად გადაწყვიტეს მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ჯ. მ. ბ. ა-ას უარი უთხრა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი დამსაქმებელი კომპანიის წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია გაცემული შემოსავლების სამსახურის მიერ და ასევე დამსაქმებელი კომპანიიდან გაცემული ცნობა კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომლის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელზე საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს სააგენტო. ამასთან, ბინადრობის ნებართვის მოპოვების საფუძვლებისა და მიზნების გათვალისწინებით, საქართველოში გაიცემა რამდენიმე სახის ბინადრობის ნებართვა, მათ შორის, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბინადრობის ერთ-ერთი სახეა შრომითი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად უცხოელზე, რომელიც სააგენტოს წარუდგენს საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელ დოკუმენტს, აგრეთვე ცნობას, რომლითაც დასტურდება, რომ მის მიერ საქართველოში სამეწარმეო ან შრომითი საქმიანობიდან მიღებული ყოველთვიური შემოსავალი/შრომის ანაზღაურება არ არის საქართველოში განსაზღვრული საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმის ხუთმაგ ოდენობაზე ნაკლები, და რომლის დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე 50 000 ლარზე ნაკლები არ არის. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მუხლის მიზნებისათვის არის არანაკლებ 35 000 ლარისა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველ თითოეულ უცხოელზე. ამასთან, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხი განიხილება და წყდება საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო). აღნიშნული წესის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო ყველა დოკუმენტი წარდგენილი უნდა იქნეს განცხადებასთან ერთად. სააგენტო უფლებამოსილია, ადმინისტრაციული წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, დამატებით მოითხოვოს იმ დოკუმენტების წარდგენა, რომლებიც ასაბუთებენ ამ წესით გათვალისწინებულ ცალკეულ ფაქტებსა და გარემოებებს (საკითხის განხილვისა და გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დადგენისათვის). უცხოელს ასევე შეუძლია, სააგენტოში საკითხის განხილვის პროცესში, თავისი ინიციატივით, წარადგინოს საკითხის განხილვისათვის საჭირო დამატებითი დოკუმენტები, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლების გამოსავლენად, სააგენტო უფლებამოსილია, ხოლო კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,გ’’, ,,დ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების გამოსავლენად ვალდებულია, განცხადების მიღებიდან 3 დღეში გამოითხოვოს შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო ორგანოებისაგან.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ კოდექსის 78-ე მუხლის მოთხოვნებთან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განმცხადებელი ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარუდგენს კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, ადმინისტრაციული ორგანო განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დამატებითი დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის დაწესებული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა, ხოლო იმავე მუხლის მე-5 ნაწილი ადგენს, რომ თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საფუძველი გახდა ის გარემოება, რომ ჯ. მ. ბ. ა-ამ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში არ წარადგინა კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია. ამასთან, სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, კომპანიის წლიური ბრუნვა 50 000 ლარზე ნაკლებია, რომელიც არასაკმარისია შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველი ერთი უცხოელისთვისაც.
საქმის მასალების შესაბამისად, ეგვიპტის არაბული რესპუბლიკის მოქალაქე ჯ. მ. ბ. ა-ა (დაბადების თარიღი - ... წელი) შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებულია შპს „ფ...აში“, მზარეულის პოზიციაზე. დასაქმებულის ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1500,00 ლარს. ხელშეკრულება დადებულია 2020 წლის 01 ივლისამდე. ჯ. მ. ბ. ა-ა არის სს ,,ს...ოს ბანკში“ და სს „თ...ი ბანკში“ ანგარიშების მფლობელი. სს ,,ს...ოს ბანკში“ 2019 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით შემოსული თანხის ჯამი შეადგენდა 56,05 ლარს და 6,482.03 აშშ დოლარს, ხოლო სს „თ...ი ბანკში“ 2019 წლის 2 სექტემბრის მდგომარეობით მის ანგარიშზე არსებული ნაშთი შეადგენს 6000,34 აშშ დოლარს.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 3 სექტემბერს ჯ. მ. ბ. ა-ამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 4 სექტემბრის N1000683564/7 გადაწყვეტილებით ჯ. მ. ბ. ა-ას ეცნობა, რომ დამატებით წარსადგენი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის შპს „ფ...ას“ წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, და შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით გაცემული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა ხარვეზით დადგენილი დოკუმენტების წარდგენა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში 2019 წლის 12 სექტემბრამდე.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 04 სექტემბრის წერილის პასუხად, 2019 წლის 10 სექტემბერს, ჯ. მ. ბ. ა-ამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა შემდეგი დოკუმენტები: 1. შპს „ფ...ას“ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ 2019 წლის 8 თვის ინფორმაცია და 2. შპს „ფ...ას“ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ 2019 წლის 07 თვის ინფორმაცია; ასევე, ცნობა, რომლის თანახმად შპს „ფ...აში“ დასაქმებულია ერთი უცხოელი თანამშრომელი ჯ. მ. ბ. ა-ა.
სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2019 წლის 12 სექტემბრის №1000683564/7 წერილით ჯ. მ. ბ. ა-ას მიეთითა, რომ ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი. კერძოდ არ იყო წარდგენილი: 1.შემოსავლების სამსახურიდან, უფლებამოსილი პირის მიერ, შესაბამისი წესით დამოწმებული დამსაქმებელი კომპანიის შპს „ფ...ას“ წლიური ბრუნვის შესახებ დოკუმენტაცია, ვინაიდან დამსაქმებელი საწარმოს/დაფუძნებული საწარმოს (გარდა საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულებისა) წლიური ბრუნვა შრომითი ბინადრობის ნებართვის მსურველისთვის თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. უცხოელის დამსაქმებელი/დაფუძნებული საგანმანათლებლო ან სამედიცინო დაწესებულების წლიური ბრუნვა ამ მიზნებისთვის არ უნდა იყოს 35 000 ლარზე ნაკლები შრომითი ბინადრობის მსურველ თითოეულ უცხოელზე; 2. შესაბამისი კომპანიიდან ცნობის სახით დაზუსტებული ინფორმაცია დამსაქმებელ კომპანიაში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობის შესახებ. მითითებული ხარვეზით გათვალისწინებული დოკუმენტების წარსადგენად მოსარჩელეს განესაზღვრა
ვადა 2019 წლის 20 სექტემბრამდე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ზემოაღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა ინფორმაციის ინტერნეტგვერდზე: sda.gov.ge-ზე განთავსება. სააგენტოს 2019 წლის 20 სექტემბრის №1000683564 გადაწყვეტილებით, განსაზღვრულ ვადაში დამატებითი დოკუმენტის/ინფორმაციის წარუდგენლობის გამო განუხილველად იქნა დატოვებული ჯ. მ. ბ. ა-ას განცხადება საქართველოში შრომითი ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.
2019 წლის 16 სექტემბერს ჯ. მ. ბ. ა-ამ განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და წარადგინა სსიპ შემოსავლების სამსახურის 06.09.2019 წლის №21-11/96471 წერილი, რომლითაც შპს „ფ...ას“ (თბილისი, ...ის ქ. 11), მისივე 2019 წლის 04 სექტემბრის №1807921-11 წერილის პასუხად ეცნობა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით 06.09.2019 წლის მდგომარეობით შპს „ფ...ას“ სახელზე რეგისტრირებული GPRS საკონტროლო სალარო აპარატის (...) ფისკალური მაჩვენებლიდან ამოღებული ინფორმაციის მიხედვით 01.09.2018 წლიდან 05.09.2019 წლის ჩათვლით, ბრუნვა შეადგენდა 35 161.39 ლარს. ასევე, დამატებით წარადგინა შპს „ფ...ას“ ამონაწერი სს ,,ს...ოს ბანკის“ ანგარიშიდან 01.09.2018-15.09.2019 წ. პერიოდისათვის (ბოლო ბრუნვის თარიღი - 13.08.2018 წ.) და 2019 წლის 1 ივლისით დათარიღებული შპს „ფ...ასა“ და ჯ. მ. ბ. ა-ას შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება №3.
საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 02.10.2019 წლის № SSG 8 19 00179491 წერილით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, მისივე, 2019 წლის 4 სექტემბრის №1000683564/1 წერილის პასუხად ეცნობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს ჯ. მ. ბ. ა-ასთვის (...) „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უარის თქმის კანონიერი საფუძველი არ გააჩნია. ამასთან მათი ინფორმაციით კომპანია შპს „ფ...ა“ არ ფუნქციონირებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არსებითად არ უმსჯელია ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და საკითხის გადაწყვეტისას დაეყრდნო მხოლოდ იმ გარემოებას, რომ თითქოს მითითებულ ვადაში განმცხადებლის მიერ არ იქნა წარდგენილი მოთხოვნილი დოკუმენტები. იმ პირობებში, როდესაც ჯ. მ. ბ. ა-ას 2019 წლის 3 სექტემბრის განცხადებაზე სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის 20 სექტემბერს, ადმინისტრაციული ორგანო არ იყო შეზღუდული, მხარის ინტერესის გათვალისწინებით და საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ემსჯელა მოსარჩელისთვის გონივრული ვადის მიცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელემ 2019 წლის 10 სექტემბერს წარდგენილი განცხადებით მოითხოვა №1000683564 საქმეზე ხარვეზის ვადის მაქსიმალური ვადით გაგრძელება, მან ასევე 2019 წლის 10 სექტემბერს და 16 სექტემბერს წარადგინა გარკვეული სახის დოკუმენტაცია, რაზეც ადმინისტრაციულ ორგანოს ყურადღება არ გაუმახვილებია და არ უმსჯელია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნული გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ არსებობდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული გარემოებები არ ქმნის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველს, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარზე 16.08.2022წ. №57626 საგადახდო მოთხოვნით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი№300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განჩინება;
3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (ს/კ 202307404) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 16.08.2022წ. №57626 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ბ. სტურუა
მ. ვაჩაძე
გ. აბუსერიძე