კერძო საჩივარი

სისხლის სამართლის 20.03.2013
საქმის ნომერი
2კ-587-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
20.03.2013

გადაწყვეტილების ტექსტი

№5871-13 20 მარტი, 2013 წელი

ო. თ, 5871-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ თ. ჭ-ას

ადვოკატ – ტ. კ-ის

მსჯავრდებულ _ თ. ო-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. ო-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენით თ. ო-ი, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ–ის 179–ე მუხლის მე–2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - 6 წლით; საქართველოს სსკ–ის 178–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ–ის 59–ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. ო-ს სასჯელად განესაზღვრა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2007 წლის 14 ივნისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენი თ. ო-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. ო-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებით თ. ო-ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 22 თებერვლის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თ. ო-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მასვე ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“,„დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, თ. ო-ს საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინების თაობაზე თ. ო-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იმის გამო, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში, ითხოვა ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე საქართევლოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილით ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,ერთი მეოთხედით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი–მე–15 მუხლების მოქმედება“.

პალატა არ იზიარებს საქალაქო სასამართლოს განჩინების მოტივაციას მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით ჩადენილი ქმედების მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გამოყენების თაობაზე და რადგან სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება დანაშაულთა მძიმე კატეგორიას, რომლის ჩადენისას მსჯავრდებული იყო ნასამართლობის არმქონე არასრულწლოვანი, მიაჩნია, რომ მის მიმართ უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის მოთხოვნები, სადაც აღნიშნულია: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.

საქალაქო სასამართლომ ასევე კანონიერად იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-17 მუხლით, რომლის საფუძველზეც: ,,პირზე, რომელსაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59–ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით დაენიშნა/დაენიშნება, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისათვის ცალ–ცალკე“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე თ. ო-ს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რადგან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თ. ო-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მას სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

თ. ო-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. ო-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ თ. ო-ს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი – 6 წელი და განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

რადგან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე თ. ო-ს ¼-ით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 5 წელი და სასჯელად განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, მას სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, შეკრების წესით, საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა.

მას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2006 წლის 10 ოქტომბრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 31 იანვრის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. სილაგაძე

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ლ. მურუსიძე