ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№5911-13 19 მარტი, 2013 წელი
დ-ი ვ, 5911-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - მ. ჟ-ს
მსჯავრდებულ - ვ. დ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. დ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით:
დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.
ვ. დ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი და საბოლოოდ მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 აგვისტოდან.
2013 წლის 13 იანვარს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ვ. დ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ვ. დ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებულ ვ. დ-ს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, სად-ში მოსახდელი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, პირობით მსჯავრად ჩათვლილი 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდა ¼-ით - 3 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, ¼-ით შემცირებულ 3 წლისა და 9 თვის საგამოცდო ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2010 წლის 21 აგვისტოდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ვ. დ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, უნდა გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ. დ-ს უნდა გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს. ვინაიდან დანიშნული სასჯელი - 3 წელი მას მოხდილი აქვს, მთლიანად უნდა გათავისუფლდეს ამ სასჯელისაგან.
ამავე კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება; ხოლო მე-18 მუხლის თანახმად, ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე.
ამდენად, მსჯავრდებულ ვ. დ-ს ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ. დ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღვეთის სახით უნდა შეეფარდოს 2 წელი და 3 თვე, რასაც იხდის 2010 წლის 21 აგვისტოდან, ხოლო დანარჩენი 2 წელი და 3 თვე უნდა ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2012 წლის 21 ნოემბრიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. დ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ. დ-ს გაუნახევრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 7 თებერვლის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 3 წელს, რაც ჩაეთვალოს მოხდილად.
მსჯავრდებულ ვ. დ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 2 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც შეადგენს 4 წელსა და 6 თვეს.
საბოლოოდ მსჯავრდებულ ვ. დ-ს მოსახდელად განესაზღვროს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღვეთის სახით შეეფარდოს 2 წელი და 3 თვე, რასაც იხდის 2010 წლის 21 აგვისტოდან, ხოლო დანარჩენი 2 წელი და 3 თვე ჩაეთვალოს პირობით, 3 წლისა და 3 თვის გამოსაცდელი ვადით, რომლის ათვლა დაეწყოს 2012 წლის 21 ნოემბრიდან.
მსჯავრდებული ვ. დ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე