დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-101-417-05 30 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 30 მარტს ი. ა.-მ ნ. კ.-ის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის და მისი თანმხლები პირების გამოსახლება ქ. თბილისში, ¹21 ბინიდან შემდეგი საფუძვლით:
2003წ. 8 დეკემბერს თ. კ.-ის წარმომადგენელ ნ. კ.-ისაგან შეისყიდა ზემოთ მითითებულ მისამართზე არსებული ბინა და კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა ამ ბინის მესაკუთრედ. მიუხედავად აღნიშნულისა, ნ. კ.-ე მის თანმხლებ პირებთან ერთად არ ათავისუფლებს მითითებულ ბინას. ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოპასუხე ნ. კ.-ის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო მის წინააღმდეგ გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება _ იგი თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლდა სადავო ბინიდან. ამავე სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ.კ.-ის წარმომადგენლის საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ.კ.-ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ.კ.-ე, მიუხედავად კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებისა, არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ გამოუცხადებლობა საპატიოდ ჩათვლილიყო, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. 2005წ. 14 იანვარს ნ.კ.-ის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. კასატორმა მოითხოვა მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება შემდეგი საფუძვლით:
მოპასუხე ნ. კ.-ე ამჟამად პატიმარია, ხოლო მისი ძმა (სადავო ბინის ყოფილი მესაკუთრე) და მშობლები სასამართლო პროცესზე არ ყოფილან მიწვეულნი, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილი არ იყო, გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს უცვლელად არ უნდა დაეტოვებინა რაიონული სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის ფარგლებში გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებანი და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სარჩელის მიხედვით მოპასუხეები არიან ნ. კ.-ე და მისი თანმხლები პირები (თანმხლებ პირთა ვინაობა დაუდგენელია, ვინაიდან სარჩელში მათი ვინაობა მითითებული არ არის და არც სასამართლოს დაუდგენია ამ პირთა წრე), ანუ სახეზეა საპროცესო თანამონაწილეობა.
სსკ-ის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად.
ამავე კოდექსის 87-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს, ხოლო მე-2 ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, თანამონაწილეებს შეუძლიათ, საქმის წარმოება მიანდონ ერთ-ერთ თანამონაწილეს.
მოცემულ შემთხვევაში ნ.კ.-ეს მის თანმხლებ პირთა მიერ გაცემული მონდობილობა საქმის წარმოების მინდობის შესახებ არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, დანარჩენი თანამოპასუხეები სარგებლობდნენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რაც მინიჭებული აქვს მოპასუხეს, ანუ ისინი სასამართლო პროცესზე მოწვეულნი უნდა ყოფილიყვნენ კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ მათი არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში იყო უფლებამოსილი სასამართლო მათ წინააღმდეგ გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო პროცესზე ნ.კ.-ის თანმხლები პირები არა თუ არ იყვნენ მოწვეულნი, არამედ მათი ვინაობაც კი არ დაუდგენია სააპელაციო სასამართლოს.
სსკ-ის 394-ე მუხლის „ბ” ქვეპუნქტის პირველი წინადადების შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
ამავე კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ხოლო 241-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ზემოთ მითითებული გარემოებების გამო საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე მხოლოდ ერთ-ერთი თანამოპასუხის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის გამო ყველა თანამოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება, მაშინ, როცა თანამოპასუხეები სასამართლო პროცესზე მოწვეულნი არ იყვნენ დადგენილი წესით და მათი ვინაობა დაუდგენელი იყო, არ შეიძლებოდა, ხოლო სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გაეუქმებინა კანონის დარღვევით გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სარჩელში აღნიშნული უნდა იყოს მოპასუხის გვარი, სახელი და მისამართი. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი წინადადების შესაბამისად, თუ სარჩელი შეტანილია 178-ე მუხლში მითითებული პირობების დარღვვით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას ამ ხარვეზის შესახებ და მოსარჩელეს მისცემს ვადას მის შესავსებად.
მოცემულ შემთხვევაში საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა მოახდინოს თანამოპასუხე პირთა წრის განსაზღვრა და კანონით დადგენილი წესით მათი სასამართლო პროცესზე მოწვევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. კ.-ის წარმომადგენელ დ. შ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.