დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1258(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „...ი").
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2021 წლის 13 მაისს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - შპს „...ის“ მიმართ.
მოსარჩელემ მოპასუხისათვის სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის 2020 წლის 12 აპრილიდან 2021 წლის 6 ოქტომბრამდე ჯამში - 30 082 ლარის ოდენობით გადახდის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2020 წლის 12 აპრილიდან 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად 1690 ლარის, ჯამში 5915 ლარის გადახდა; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 177,45 ლარის ოდენობით.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „...ს“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისათვის 2020 წლის 12 აპრილიდან 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად 1690 ლარის, ჯამში 6140,30 ლარის, გადახდა; შპს „...ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 184,21 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა დადგენილად მიჩნეულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. №13-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 15 695 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (შენობა №1, საერთო ფართით 648,77 კვ.მ., №2, №3, №4) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სახელმწიფოს სახელზე. ამ უძრავი ქონებიდან 1380 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა, 3 წლის ვადით, 2017 წლის 12 აპრილის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, იჯარით გადაცემული იყო შპს „...ისათვის“. ამდენად, აღნიშნული ფართით მართლზომიერად სარგებლობის დრო ამოიწურა 2020 წლის 12 აპრილს.
სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ რამდენჯერმე მიმართა წერილითა შპს „...ს“ და მოითხოვა სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით (მდებარე: ქ. თბილისი, ...ის ქ. №13, ს/კ №...) არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, 2020 წლის 12 აპრილიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის, თუმცა აღნიშნული მიმართვების შპს „...ზე“ ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეს არ ერთვის.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შპს „...ის’’ წარმომადგენლის პოზიციაზე, რომ 2020 წლის 12 აპრილიდან 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით პერიოდში ნამდვილად ჰქონდა დაკავებული აღნიშნული ფართი, თუმცა ამ პერიოდში გაგზავნილი ჰქონდა წერილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში იჯარის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, ამავდროულად, მიიღო წერილობითი პასუხი, რომ სააგენტო იჯარის ვადის გახანგრძლივების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროებდა დამატებით ვადას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავოდ არ იყო გამხდარი შპს „...ის’’ მიერ 2020 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო საკუთრებით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი, დროის ამ მონაკვეთზე სააპელაციო სასამართლო დამატებით აღარ იმსჯელებდა. რაც შეეხება 2020 წლის აგვისტოდან 2020 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდს, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს - 2021 წლის 21 სექტემბერს მომზადებულ ოქმს ფაქტების კონსტატაციის შესახებ და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 ოქტომბრის სამსახურებრივ ბარათს, რომლის მიხედვით დასტურდებოდა მითითებული პერიოდებისათვის შპს „...ის“ მიერ ქონების გამოთავისუფლების ფაქტი, თუმცა მათი შინაარსის გათვალისწინებით შეუძლებელია დადგინილიყო კონკრეტულად როდის მოხდა შპს „...ის“ მიერ უძრავი ნივთით სარგებლობის შეწყვეტა და მისი გამოთავისუფლება. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის შესახებ ოქმს ერთვოდა 21 სექტემბრით დათარიღებული ფოტოები, სადაც ასახული იყო ცარიელი შენობა, არ დგინდებოდა ის ფაქტი, რომ ამ პერიოდში მოცემულ ფართში საქმიანობას ახორციელებდა ან დაკავებული ჰქონდა შპს „...ს’’. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 ოქტომბრის №117795 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, შპს „...ი“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №13-ში მდებარე (ს/კ ...) უძრავ ქონებას არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისათვის აღარ იყენებდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად არ დასტურდებოდა 2020 წლის აგვისტო - 2021 წლის 6 ოქტომბრის პერიოდში შპს „...ის’’ მიერ ფართით არამართლზომიერი სარგებლობის ფაქტი. შესაბამისად, ამ ნაწილში გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
რაც შეეხება აპელანტის სააპელაციო პრეტენზიას შპს „...ისთვის’’ დაკისრებული თანხის გამოანგარიშების შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია აღნიშნული მითითება და განმარტა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის 30 ივლისის ჩათვლით პერიოდი ნამდვილად მოიცავდა 3 (სამ) თვესა და 19 (ცხრამეტ) დღეს და არა 3 (სამ) თვესა და 15 (თხუთმეტ) დღეს, როგორც ეს მითითებული იყო საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 10 სექტემბრის №004933520 ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, ქ. თბილისში, ...ის ქ. №13-ში მდებარე, №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან დამკვეთის მიერ ორთოფოტოზე მონიშნული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და №1 შენობა-ნაგებობის მთლიანი ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება 2020 წლის 12 აპრილიდან დასკვნის მომზადების დღემდე, საორიენტაციოდ,შეადგენდა თვეში 1 690 ლარს.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „...ს’’ უნდა დაკისრებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად ფლობისა და სამეწარმეო მიზნით გამოყენებისთვის (2020 წლის 12 აპრილიდან 30 ივლისის ჩათვლით პერიოდი) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 6 140 ლარის და 30 თეთრის (1690 ლარი X 3 თვე და 19 დღის თანხა) გადახდა და ამ ნაწილში შეცვალა საქლაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიუთითებს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე და 492 მუხლებზე და აღნიშნავს, რომ შპს „...მა“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობა შეწყვიტა 2021 წლის 06 ოქტომბრისთვის, შესაბამისად, არამართლზომიერი სარგებლობის საფასურიც უნდა დაეკისროს 2020 წლის 12 აპრილიდან 2021 წლის 06 ოქტომბრამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 6 ოქტომბრამდე სახელმწიფო ქონებით არამართლზომიერად სარგებლობისთვის შპს „...ისათვის“ თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლიანობის შეფასება წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის 13 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობა არსებობს ორი კუმულატიური გარემოების არსებობის შემთხვევაში - სახელმწიფო ქონების მართლზომიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა და შესაბამისი ქონების სამეწარმეო/კომერციული მიზნით გამოყენების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს ეკისრება ვალდებულება დაასაბუთოს კონკრეტული პირის მიერ კონკრეტულ პერიოდში შესაბამისი ქონების არამართლზომიერად, სამეწარმეო მიზნებით გამოყენების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები და ფოტომასალები, ვერ ადასტურებენ შპს „...ის“ მიერ 2020 წლის აგვისტოდან 2021 წლის 6 ოქტომბრამდე პერიოდში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით სარგებლობისა და სამეწარმო საქმიანობისათვის გამოყენების ფაქტს. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურომ 2021 წლის 21 სექტემბერს მოამზადა თბილისში, ...ის ქ. №13-ში მდებარე ერთ-ერთი ობიექტის შიგნით არსებული ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ ფაქტის კონსტატაციის ოქმი, რომლითაც დაფიქსირდა ობიექტის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში არსებობა. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2021 წლის 6 ოქტომბრის №117795 სამსახურებრივი ბარათის თანახმად, კი დასტურდება, რომ შპს „...ი“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ, ქ. თბილისში, ...ის ქ. №13-ში მდებარე (ს/კ ...) უძრავ ქონებას არამართლზომიერად, სამეწარმეო საქმიანობისათვის აღარ იყენებდა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მტკიცების ტვირთი ვერ იქნა დაძლეული, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა შესაბამის პერიოდში შპს „...ის“ მიერ სახელმწიფო ქონების გამოყენების ფაქტი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეესაბამება საკასაციო სასამართლოს დადგენილ პრაქტიკას (21.02.19წ. №ბს-1449(კ-18); 16.04.19წ. №ბს-41(კ-19)).
ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე