დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1375(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, გენადი მაკარიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა...“).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 20 ივნისს შპს „ა...მ“ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელემ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №კ/რ-376-53 რევიზიის აქტის და 2017 წლის 31 მაისის №02/34999 გადაწყვეტილების (ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 თებერვლის განჩინებით, შპს ,,ა...ის" სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თელავის რაიონულ სასამართლოს.
თელავის რაიონულ სასამართლოს 2021 წლის 5 ნოემბრის სხდომის ოქმით მოპასუხე მხარედ მიეთითა - სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო.
თელავის რაიონულ სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით შპს ,,ა...ის" სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის №02/34999 გადაწყვეტილება შპს ,,ა...ის" დირექტორის ა.ყ-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №კ/რ-376-53 რევიზიის აქტი და სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დაევალა გარემოებათა სრულყოფილად გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი გადაწყვეტილების მიღება სადავო საკითხთან დაკავშირებით.
თელავის რაიონულ სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თელავის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენდა პაციენტ ო.ჩ-სთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის გამო შპს „ა...ის“ დაჯარიმების კანონიერება. სარეცენზიო დასკვნა იყო არა მტკიცებითი ფორმის, არამედ სათუო, ალბათობის ხასიათის, რომელიც უშვებდა მყარ შესაძლებლობას, რომ პათოლოგიის კვლავ არსებობის მიზეზი არ ყოფილიყო შპს ,,ა...ის“ არასრული სამედიცინო მომსახურებით გამოწვეული. სხვა მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებელს გახდიდა მოპასუხის პოზიციას (თუნდაც ალტერნატიული დასკვნა), არც პირველი და არც მეორე ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა. აღნიშნული გარემოება კი საბოლოო ჯამში მიუთითებდა იმაზე, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის მიღებისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ შესწავლილ იქნა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის დეპარტამენტის უფროსის, მ.ხ-ის წერილში (№604/55917; 29.03.16 წ.) მოყვანილი ფაქტები. კასატორი მიუთითებს მომზადებულ სამედიცინო დასკვნაზე, მასში მოყვანილ პაციენტის სამედიცინო ჩვენების განვითარებაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლოს მსჯელობა შპს „ა...ის“ სასარჩელო განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ არ არის დასაბუთებული, რადგან რეგულირების სააგენტომ შეისწავლა საქმის მასალები, საკითხი რეცენზიაზე იქნა გადაგზავნილი და მათი დასკვნით გამოიკვეთა (№2017/164; 21.03.17 წ.), რომ „ოპერაციის ოქმი არასაკმარისად დეტალურად ასახავდა ჩატარებულ ქირურგიულ ჩარევას: არ იყო აღწერილი გაკეთდა თუ არა გასტროტომია (მითითებულია საყლაპავის დიგიტალური კონტროლი), აღწერილია: „საყლაპავი გამოიყო დიაფრაგმიდან, გაიკვეთა სიგრძეზე 3,0 სმ სერომუსკულარულად“. არ იყო აღწერილი საყლაპავის სტენოზირებული უბნის სიგრძე და რამდენად საკმარისი იყო შესრულებული მიოტომია (3,0 სმ), არ იყო აღწერილი გაიკვეთა თუ არა საყლაპავის ცირკულარული კუნთოვანი შრე. ოპერაციის შემდეგ კლინიკური სურათის შენარჩუნება შესაძლებელია იყოს დაკავშირებული როგორც ზემოთ აღნიშნული ქირურგიული ჩარევის ხარვეზებთან, ასევე მოცემული პათოლოგიისთვის დამახასიათებელ მიმდინარეობასთან“. სარეცენზიო დასკვნაში მკაფიოდ არის მითითებული, რომ შპს „ა...ში“ პაციენტ ო.ჩ-სათვის, 10-14 (03.16 წ.) პერიოდში, გაწეული მომსახურება, უნდა ჩათვლილიყო „არასრულად ან/და არაჯეროვნად“. ამასთან, სარეცენზიო დასკვნა გამყარებული იყო შესაბამისი ლიტერატურით. აღნიშნულიდან გამომდინარე, რეგულირების სააგენტოს მიერ სრულად არის შესწავლილი და გამოკვლეული შპს „ა.ყ-ის“ კლინიკაში პაციენტ ო.ჩ-სათვის გაწეული სამედიცინო მომსახურება და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით აღნიშნული ჩათვლილია - არაჯეროვნად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 9 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
პაციენტი ო.ჩ-ი 2016 წლის 10 მარტს გეგმიური ოპერაციული მკურნალობისთვის მოთავსდა შპს „ა...ში“. პაციენტს ჩაუტარდა წინასაოპერაციო კვლევები და იმავე დღეს ჩატარდა ოპერაცია - „ლაპარატომია, საყლაპავის კარდიალური ნაწილის სტენოზის პლასტიკა“. პოსტოპერაციულ პერიოდში პაციენტის მდგომარეობა იყო სტაბილური, გართულებების გარეშე, უჩიოდა ტკივილს ჭრილობის არეში, უტარდებოდა დანიშნული მკურნალობა. პაციენტი 2016 წლის 14 მარტს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე ამბულატორიული მეთვალყურეობის რეკომენდაციით.
პაციენტ ო.ჩ-ს ოპერაციის შემდეგ შპს „ნ...ში“ ჩაუტარდა საყლაპავის ენდოსკოპიური დილატირების 5 პროცედურა. აღნიშნულის საფუძველზე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ...ის დეპარტამენტის ინიციატივით დაიწყო მოცემული საკითხის შესწავლა.
საქართველოს ქირურგთა ასოციაციის მიერ შესწავლილი იქნა პაციენტ ო.ჩ-ის სამედიცინო დოკუმენტაცია და 2017 წლის 16 მარტს მიღებული იქნა რეცენზია მოქალაქე ო.ჩ-ის სამედიცინო დოკუმენტაციაზე. აღნიშნული რეცენზიის მიხედვით, კითხვაზე ჩატარდა თუ არა სრულყოფილად/ჯეროვნად შპს „ა...ში“ ოპერაციული და პოსტოპერაციული მკურნალობა, გაცემული იქნა შემდეგი პასუხი: ოპერაციის შემდგომ დაავადების კლინიკური სურათის შენარჩუნება შესაძლებელია იყოს დაკავშირებული, როგორც რეცენზიის აქტში აღნიშნულ ქირურგიული ჩარევების ხარვეზებთან (არასრულად არის აღწერილი ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია), ასევე მოცემული პათოლოგიისთვის დამახასიათებელ მიმდინარეობასთან“.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №კ/რ-376-53 რევიზიის აქტით შპს „ა...ს’’ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების №1 დანართის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, განესაზღვრა დამატებითი ფინანსური ჯარიმა ასანაზღაურებელი თანხის (1 350 ლარი) სამმაგი ოდენობით, რამაც შეადგინა 4 050 ლარი.
სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის №02/34999 გადაწყვეტილებით შპს „ა...ის’’ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეში, სადავო საკითხს მოსარჩელისათვის პაციენტ ო.ჩ-ისათვის გაწეული არასრული ან არაჯეროვანი მკურნალობის გამო დაკისრებული ჯარიმის საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სადავო პერიოდში მოქმედ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მე-4 მუხლის „ა“-„გ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის პრინციპებია: ა) მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების საყოველთაო და თანაბარი ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს ნაკისრი სახელმწიფო სამედიცინო პროგრამებით გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში; ბ) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა, პაციენტის პატივის, ღირსებისა და მისი ავტონომიის აღიარება; გ) ექიმისა და სხვა სამედიცინო პერსონალის დამოუკიდებლობა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში; კ) პირველადი ჯანმრთელობის დაცვის, მათ შორის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების პრიორიტეტულობა, მათში სახელმწიფო და კერძო სექტორების მონაწილეობა, საოჯახო მედიცინისა და ოჯახის ექიმის ინსტიტუტის განვითარება და მასზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
მითითებული კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქესა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვთ, ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმისა.
სადავო პერიოდში მოქმედი, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36-ე დადგენილებით დამტკიცებული საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირველი მუხლის თანახმად, პროგრამის მიზანია: ა) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე საქართველოს მოსახლეობისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის, კერძოდ: ა.ა) პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე მოსახლეობის გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა; ა.ბ) ამბულატორიული მომსახურების მოხმარების გაზრდა ძვირადღირებული და მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალური მომსახურების მოხმარების რაციონალიზაციის მიზნით; ა.გ) მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება გადაუდებელ და გეგმიურ სტაციონარულ და ამბულატორიულ მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით. ბ) ამ დადგენილების 21 მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 9 დეკემბრის №218 ან/და 2012 წლის 7 მაისის №165 დადგენილებებით განსაზღვრული შესაბამისი მოსარგებლეებისათვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა იმავე დადგენილებებით განსაზღვრული სადაზღვევო ვაუჩერის შესაბამის სამედიცინო მომსახურებებზე; გ) ჯანმრთელობის დაზღვევის არმქონე ვეტერანებისთვის შექმნას ფინანსური უზრუნველყოფა ამ დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობისათვის.
მითითებული პროგრამა განსაზღვრავს, რომ პროგრამის ზედამხედველობა მოიცავს პროგრამის განხორციელებაზე ზედამხედველობას პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ეფექტიანი შესრულების მიზნით. პროგრამის ზედამხედველობას ახორციელებენ პროგრამის განმახორციელებელი (იმ პერიოდში - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო) და რეგულირების სააგენტო, დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში. პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების ზედამხედველობის სახეობები განისაზღვრება შემთხვევათა ტიპების შესაბამისად. თავის მხრივ, შემთხვევები კლასიფიცირდება შემდეგ ტიპებად: ა) გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება (ამბულატორიული და სტაციონარული); ბ) გეგმური ამბულატორიული მომსახურება; გ) გეგმური სტაციონარული მომსახურება. შემთხვევათა ზედამხედველობა მათ შორის მოიცავს მიმწოდებლის მიერ სამედიცინო მომსახურების გაწევისას ამავე დადგენილების №1 დანართის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების კონტროლს, რევიზიას ახორციელებს რეგულირების სააგენტო (მუხლი 9). რევიზიისას შესაძლებელია, გამოყენებული იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციები (გაიდლაინები) და დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტები (პროტოკოლები) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და რეცენზენტთა დასკვნები. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე, მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მხარის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა (მუხლი 16).
პროგრამის მე-19 მუხლის (მუხლი 19. საჯარიმო სანქციები) მე-9 პუნქტით დადგენილია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელმა პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე უარი განუცხადა პროგრამის მოსარგებლეს, ან მომსახურება გაუწია დაგვიანებით (მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გარდა), ან არასრულად, ან არაჯეროვნად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პაციენტ ო.ჩ-ის სამედიცინო შემთხვევაზე 2017 წლის 16 მარტს მიღებული იქნა რეცენზია. აღნიშნული რეცენზიის მიხედვით, კითხვაზე ჩატარდა თუ არა სრულყოფილად/ჯეროვნად შპს ,,ა...ში’’ ოპერაციული და პოსტოპერაციული მკურნალობა, გაცემული იქნა შემდეგი პასუხი: ოპერაციის შემდგომ დაავადების კლინიკური სურათის შენარჩუნება შესაძლებელია იყოს დაკავშირებული, როგორც რეცენზიის აქტში აღნიშნულ ქირურგიული ჩარევების ხარვეზებთან (არასრულად არის აღწერილი ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია), ასევე მოცემული პათოლოგიისთვის დამახასიათებელ მიმდინარეობასთან (ს.ფ. 94-96). საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო რევიზიის აქტი №კ/რ-376-53 არსებითად დაფუძნებულია სწორედ მითითებულ რეცენზიაზე.
საკასაციო სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოთა შეფასებას, რომ სადავო გადაწყვეტილებებში საჯარიმო სანქციის გამოყენების შესაბამისი დასაბუთება მითითებული არ არის. გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები არსებითად ეფუძნება რეცენზიას, რომელშიც ცალსახად არ არის აღნიშნული, რომ პაციენტისათვის (ო.ჩ-ი) გაწეული სამედიცინო მომსახურება იყო არასრული ან არაჯეროვანი. დასკვნაში მითითებულია, რომ ოპერაციის შემდგომ დაავადების კლინიკური სურათის შენარჩუნება შესაძლებელია იყოს დაკავშირებული, როგორც რეცენზიის აქტში აღნიშნულ ქირურგიული ჩარევების ხარვეზებთან (არასრულად არის აღწერილი ჩატარებული ქირურგიული ოპერაცია), ასევე მოცემული პათოლოგიისთვის დამახასიათებელ მიმდინარეობასთან. ამდენად, მითითებული მტკიცებულება, მიუთითებს მხოლოდ სამედიცინო დაწესებულების მიერ არასათანადო მკურნალობის ალბათობაზე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს (თანამდებობის პირის) ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 17.2. მუხლი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს და ავალდებულებს დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებები ბს-626-596(კ-07); №ბს-1236(კ-18)).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სადავო საკითხი გამოირჩევა სპეციფიკურობით და დაკავშირებულია სამედიცინო სფეროსთან, რომელიც მოითხოვს შესაბამისი საკითხის სიღრმისეულ და დეტალურ ცოდნას, ხოლო სადავო აქტები არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს სათანადო დასაბუთებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას და მიზანშეწონილად მიიჩნევს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 10 აპრილის №კ/რ-376-53 რევიზიის აქტის სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობას. შესაბამისად, ასევე საფუძვლიანია სადავო რევიზიის აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2017 წლის 31 მაისის №02/34999 გადაწყვეტილების ბათილად ცნობაც.
ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს 18/11/2022 წ. საგადახდო მოთხოვნა №08302-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი, 210 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 10 ოქტომბრის განჩინება;
3. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (ს/კ 205035120) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 18/11/2022წ. საგადახდო მოთხოვნა №08302-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
გ. მაკარიძე