დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.06.2006
საქმის ნომერი
ას-10-462-06
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-10-462-06 5 ივნისი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 21 იანვარს ა. ა-ნმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს შპს „ბ. ს. ს-ის“ მიმართ და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა. მოსარჩელემ თავის სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ შპს „ბ. ს. ს-ში“ მიმდინარე რეორგანიზაციის შედეგად იგი სამსახურიდან გაათავისუფლეს კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, გათავისუფლების ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ა. ა-ნი გაათავისუფლეს შტატების შემცირების გამო. მოსარჩელის განმარტებით, სინამდვილეში მისი შტატი არ შემცირებულა, დარჩა ისე, როგორც იყო რეორგანიზაციამდე.

მოპასუხე შპს „ბ. ს. ს-მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ა. ა-ნის მიმართ, სარჩელი არ ცნო, მოსარჩელის მოთხოვნა მიიჩნია დაუსაბუთებლად და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისივე განმარტებით, შრომის კანონთა კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელე ერთი თვით ადრე გაფრთხილებული იყო რეორგანიზაციასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ ცვლილებებზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 2 მარტის გადაწყვეტილებით ა. ა-ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-ნმა და მოითხოვა ამ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და მისი სარჩელის დაკმაყოფილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა. ა-ნის სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო.

ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შპს „ბ. ს. ს-მა“ შეიტანა საჩივარი, რომლითაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება, რადგან მხარე არ ყოფილა სხდომაზე მიწვეული კანონით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო მხოლოდ შპს „ბ. ს. ს-ის“ წარმომადგენელი, მაგრამ თვით შპს „ბ. ს. ს-ს“ არანაირი შეტყობინება სასამართლო უწყების გზით არ მიუღია.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 15 სექტემბრის განჩინებით მიღებულ იქნა შპს „ბ. ს. ს-ის“ საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „ბ. ს. ს-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პალატაში საქმის მოსმენა დაინიშნა 2005წ. 14 ივნისს და მხარეები სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებულ იქნენ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, სასამართლო უწყება სასამართლოზე მოწვევის შესახებ ჩაბარდა როგორც შპს „ბ. ს. ს-ის“ წარმომადგენელ თ. ც-ძეს, ისე მის დირექტორს თ. გ-ძეს. სასამართლოს უწყებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა მხარეს სადავოდ არ გაუხდია. მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაბეჭდ ეგზემპლარზე გაიპარა ტექნიკური ხარვეზი და საქმის განხილვის თარიღად, ნაცვლად 14 ივნისისა მითითებულია 17 ივნისი, მაგრამ აღნიშნული ხარვეზი სასამართლოს განჩინებით გამოსწორებულ იქნა, რადგან დადგენილ იქნა, რომ სხდომა ნამდვილად ჩატარდა 2005წ. 14 ივნისს და მხარეებიც მიწვეული იყვნენ ამ დღეს.

პალატამ ჩათვალა, რომ შპს „ბ. ს. ს-ს“ სასამართლოს სხდომის დღის შესახებ ეცნობა სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რადგან საქმეში მოიპოვება მხარეთა მიერ ხელმოწერით დადასტურებული სასამართლოს უწყებები პალატის სხდომის 2005წ. 14 ივნისს გამართვის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 387-ე მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივანის ახსნა-განმარტებას.

სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

მოცემულ შემთხვევაში მომჩივანმა მიუთითა 233-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რაც მან ვერ დაადასტურა, ხოლო ისეთ მიზეზზე, რომელსაც სასამართლო საპატიოდ მიიჩნევდა, მხარეს არ განუცხადებია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ბ. ს. ს-ის“ საჩივრის დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ. ს. ს-მა“, რომელმაც მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 10 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და საქმის უკან დაბრუნება ხელახლა განსახილველად.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ის ნორმა, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 17 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სანაცვლოდ უარი უნდა ეთქვა ა. ა-ნის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

მოცემულ შემთხვევაში კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს სსკ-ის 230-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რადგან ა. ა-ნის სარჩელში მითითებული გარემოებები არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. კასატორის პრეტენზია გამომდინარეობს იქიდან, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც აბათილებენ სასარჩელო მოთხოვნას.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის აღნიშნულ მოსაზრებას იმ მოტივით, რომ სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. აღნიშნული მუხლის მიხედვით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ არ ხდება მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება, პირიქით, სარჩელში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში სასამართლოს ვალდებულება სასარჩელო მოთხოვნის შეფასებით შემოიფარგლება და არა იმით, თუ რა საწინააღმდეგო სახის მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი მოპასუხეს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნულის მიხედვით სასამართლომ უნდა გაარკვიოს, დამტკიცებულად ცნობილი გარემოებების საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონით შესაძლებელია თუ არა.

წარმოდგენილი სასარჩელო განცხადებით ა. ა-ნი მოითხოვს სამუშაოზე აღდგენას იმ მოტივით, რომ შპს „ბ. ს. ს-ში“ მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად მისი შტატი არ შემცირებულა და უკანონოდ იქნა გათავისუფლებული სამსახურიდან.

სააპელაციო სასამართლოს მიერ სწორად იქნა მიჩნეული სარჩელში მითითებული ფაქტები დამტკიცებულად და ჩაითვალა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება კანონის შესაბამისად შესაძლებელია. ასეთ პირობებში კი მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების შეფასება და არსებითი გადაწყვეტილების მიღება კანონის თანახმად არ დაიშვება.

ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა და, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შპს „ბ. ს. ს-ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ძალაში დარჩეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 10 ოქტომბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება