განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 18.03.2013
საქმის ნომერი
2კ-670-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
18.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№6701-13 18 მარტი, 2013 წელი

ბ-ე დ., 6701-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, , პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ე. ე-ას

მსჯავრდებულ _ დ. ბ-ის

ადვოკატ – ტ. მ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენით დ. ბ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 2 წლით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით – 4 წლით, 108-ე მუხლით – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ დ. ბ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 18 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2006 წლის 15 აგვისტოდან.

აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის განაჩენით შეიცვალა: დ. ბ-ე გამართლდა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მას სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 108-ე მუხლით განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 1 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხაშურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ დ. ბ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ დ. ბ-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა დ. ბ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 25 ივნისის განაჩენის დადგენის დროისათვის იგი ნასამართლობის არმქონე იყო, რადგან ყველა წინა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა, ამიტომ მსჯავრდებული ითხოვს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ დ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 9 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა - კანონიერია.

რაც შეეხება მსჯავრდებულ დ. ბ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულ სასჯელს, საკასაციო პალატა აღნიშნავს: იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას იგი ნასამართლობის არმქონე იყო და, ამავდროულად, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–3 მუხლის საფუძველზე, მსჯავრდებული დ. ბ-ე უნდა გათავისუფლდეს ამ მუხლით დანიშნული სასჯელისგან. შესაბამისად, საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ბ-ეს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ დ. ბ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

მსჯავრდებული დ. ბ-ე გათავისუფლდეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან.

საბოლოოდ მსჯავრდებულ დ. ბ-ეს სასჯელის სახით განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 4 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე