დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 05.05.2005
საქმის ნომერი
ას-105-443-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
05.05.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-105-443-05 ას-105-443-05 5 მაისი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),ლ. ლაზარაშვილი

დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 1999წ. 7 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ დ. ხ-ის მშობლები ი. და კ. ხ-ები ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. მოსარჩელეს უარი ეთქვა ქორწინების თარიღად 1915წ. დადგენაზე. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა მემკვიდრეობასა და სახლმფლობელობასთან დაკავშირებული სხვა საკითხებიც.

დ. ხ-ის შვილმა _ ვ. ხ-ემ 2004წ. 16 აგვისტოს განცხადებით მიმართა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 1999წ. 7 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებად დ. ხ-ემ მიუთითა ცენტრალური სახელმწიფო საისტორიო არქივიდან 2004წ. 12 აგვისტოს მოპოვებულ ცნობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ „წყალტუბოს რ-ნის სოფ. .... 1912წ. საეკლესიო-მეტრიკული წიგნით დასტურდება, რომ ი. ხ-ემ 1912წ. 22 იანვარს ჯვარი დაიწერა კ. კ-ზე. განმცხადებლის მოსაზრებით, აღნიშნული საარქივო ცნობა საქმის განხილვისას სასამართლოსათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, გამოტანილი იქნებოდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილება.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სააპელაციო პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინებით ვ. ხ-ის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია რომ განმცხადებელს თავის დროზე შეეძლო, არქივიდან მოეპოვებინა ცნობა წინაპრების ქორწინების თარიღის შესახებ, მითუმეტეს, ამის დადგენას მოითხოვდა თავისი სარჩელით. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სსკ-ის 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი.

ეს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ხ-ემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას. კასატორი აღნიშნავს, რომ მამამისს _ დ. ხ-ეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისას მიეთითებინა ახალ მტკიცებულებაზე, ვინაიდან ეს მტკიცებულება იმჟამად ვერ მოიძებნა. დედის გარდაცვალებისას მამა იყო 10წ. და მშობლების ქორწინების თარიღისა და ადგილის შესახებ ინფორმირებული არ იყო.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწალა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული საფუძვლები კიდეც რომ დადასტურდეს, ამ გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავის ბარალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებელს საქმის განხილვის დროს ჰქონდა შესაძლებლობა, არქივიდან მოეპოვებინა ცნობა წინაპრების ქორწინების თარიღის შესახებ, რაც არ განახორციელა თავისივე ბრალით. შესაბამისად, საქმის წარმოების განახლების საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ვ. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 10 ნოემბრის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.