გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1062-1314-05 4 მაისი, 2006 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),რ. ნადირიანი (მომხსენებელი),თ. თოდრია
დავის საგანი: საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 7 ნოემბერს ლ. და ი. გ-იანებმა სარჩელით მიმართეს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ო. გ-იანისა და ზ. ლ-შვილის მიმართ და აღნიშნეს, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე, ¹106 ბინა იყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «... 288-ის» მიერ აშენებული კოოპერატიული ბინა. აღნიშნული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიეს და კოოპერატივში შეტანილი პაის მესაკუთრეს წარმოადგენდა მოსარჩელეების აწ გარდაცვლილი დედა მ. გ-იანი, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს. მას გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები – შვილები: ლ. გ-იანი, ი. გ-იანი და ო. გ-იანი.
2003 წლამდე არ წამოჭრილა საკითხი ბინის მემკვიდრეობით მიღების შესახებ. მხოლოდ ერთმა მემკვიდრე ო. გ-იანმა და მისმა შვილმა, დანარჩენი მემკვიდრეების თანხმობის გარეშე, მიისაკუთრეს სადავო ბინა და 2003წ. 27 აგვისტოს ნოტარიუსის მიერ გაიცა საკუთრების მოწმობა და ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა მათ სახელზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ლ. და ი. გ-იანებმა მოითხოვეს სადავო ბინაზე 2003წ. 27 აგვისტოს გაცემული საკუთრების მოწმობისა და თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული უძრავი ქონების რეგისტრაციის ბათილად ცნობა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-იანისა და ი. გ-იანის წარმომადგენელ მ.ჯ-ძის სარჩელი საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრში ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. და ი. გ-იანებმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 7 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. და ი. გ-იანების სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ო. გ-იანისა და ზ. ლ-შვილის სახელზე 2003წ. 27 აგვისტოს გაცემული საკუთრების მოწმობა, შესაბამისად, გაუქმდა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის რეგისტრაცია ზ. ლ-შვილისა და ო. გ-იანის სახელზე რიცხულ სადავო ბინაზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კერძოდ, ქ. თბილისში, ... მდებარე ¹106 ბინა იყო საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ «... 288-ის» მიერ აშენებული კოოპერატიული ბინა, აღნიშნული საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის მეპაიესა და კოოპერატივში შეტანილი პაის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. გ-იანი, რომელიც გარდაიცვალა 1994 წელს. მას გარდაცვალების შემდეგ დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები – შვილები: ლ., ი. და ო. გ-იანები. 2003წ. 27 აგვისტოს ნოტარიუსმა გასცა საკუთრების მოწმობა და ბინა საჯარო რეესტრში აღირიცხა ო. გ-იანის სახელზე.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ, სადავო ბინის პაის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ. გ-იანი და საკუთრების მოწმობის გაცემა მოხდა არაკანონიერად, ვინაიდან პაი მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო მემკვიდრეებზე. სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 54-ე მუხლი.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-იანმა და ზ. ლ-შვილმა და მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სასამართლოს მიერ დავის საგნის შეცვლით დაირღვა სსკ-ის 381-ე მუხლის მოთხოვნა და სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა შეცვლილი საფუძვლით სასარჩელო მოთხოვნაზე, არამედ უნდა ემსჯელა, თუ რამდენად კანონიერად გაიცა საკუთრების მოწმობა კასატორების სახელზე კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მეხუთე პუნქტის თანახმად, «საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებელი ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან». აღნიშნული დადგენილების მიხედვით პრივატიზაცია, ანუ საკუთრების შეძენა ბინაზე ხდება პრივატიზაციის დროისათვის ბინაში მცხოვრებ და რეგისტრირებულ პირებზე, როგორებსაც წარმოადგენენ კასატორები. მოსარჩელეები კი პრივატიზაციის პერიოდისათვის არ ყოფილან ბინაში რეგისტრირებული და მათ არ მიუღიათ მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში. მოსარჩელეებმა ასევე ვერ დაადასტურეს მემკვიდრეობის ფაქტი და არ წარმოადგინეს მემკვიდრეობის მოწმობა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მ. გ-იანი იყო სადავო ბინის მესაკუთრე, ვინაიდან მას მთლიანად ჰქონდა გადახდილი საცხოვრებელი ბინის ღირებულება და იყო კოოპერატივის პაის მესაკუთრე. პაი მემკვიდრეობით უნდა გადასულიყო, ნოტარიუსმა კი საკუთრების მოწმობა გასცა ო. გ-იანისა და ზ. ლ-შვილის სახელზე.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორების _ ო. გ-იანისა ზ. ლ-შვილის მოსაზრებას, რომ საოლქო სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად სწორად და კანონიერად გაიცა საკუთრების მოწმობა კასატორების სახელზე.
სააპელაციო პალატას არ მიუთითებია სამართლის იმ ნორმაზე, რომლის საფუძველზეც ჩათვალა მ. გ-იანი სადავო ბინის მესაკუთრედ; თავისთავად, მხოლოდ ბინის ღირებულების გადახდის ფაქტი არ წარმოშობს უძრავ ქონებაზე საკუთრების შეძენის უფლებას.
სკ-ის 183-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ,,უძრავი ნივთის შესაძენდ აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.”
ასევე, სააპელაციო პალატას საერთოდ არ უმსჯელია გასაჩივრებული სანოტარო აქტის (საკუთრების მოწმობის) სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, კერძოდ, სწორად იქნა თუ არა გამოყენებული ნოტარიუსის მიერ აქტში მითითებული ნორმები – ნოტარიუსმა, სხვა ნორმებთან ერთად, იხელმძღვანელა საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ) გადაცემის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 1 თებერვლის ¹ 107-ე დადგენილებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საკუთრების მოწმობის გაცემა მოხდა კანონის დარღვევით, რაც, სკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, ამ მოწმობის ბათილად ცნობის საფუძველია.
მითითებული ნორმის მიხედვით, ,,ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს.”
სააპელაციო პალატას არ მიუთითებია საკუთრების მოწმობის, როგორც გარიგების, შინაარსის შესახებ – არ განუმარტავს, მოწმობის გაცემისას იყო თუ არა საერთოდ გარიგება პირებს შორის და თუ იყო – რა შინაარსის, შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის მიერ სკ-ის 54-ე მუხლის გამოყენება იურიდიულად დაუსაბუთებელია.
საკასაციო პალატა, სსკ-ის 394-ე მუხლის ,,ე” პუნქტის შესაბამისად, თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული და იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სააპელაციო პალატამ უნდა გამოარკვიოს, იყო თუ არა მ. გ-იანი სადავო ბინის მესაკუთრე კანონით დადგენილი წესით, რა სახის მოქმედება იქნა განხორციელებული ნოტარიუსის მიერ, სწორად გამოიყენა თუ არა ნოტარიუსმა კანონი.
განსახილველი სარჩელის საგანია მოპასუხეების სახელზე გაცემული საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ბათილად ცნობა, რაც აღიარებით სარჩელს წარმოადგენს (სსკ-ის 180-ე მუხლი). აღიარებითი სარჩელის აღძვრის ერთ-ერთი წინაპირობაა _ იურიდიული ინტერესი. ამ სარჩელის გადაწყვეტას გარკვეული შედეგი უნდა მოჰქონდეს მოსარჩელისათვის. თუ არ არსებობს იურიდიული ინტერესი, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას აღიარებითი სარჩელის მიღებასა და განხილვაზე. აღიარებითი სარჩელის დროს მოსარჩელის უფლება ჯერ არ არის დარღვეული, მაგრამ არსებობს მისი მომავალში დარღვევის საშიშროება. აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, თუ უკვე შესაძლებელია Aაღიძრას მიკუთვნებითი სარჩელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს მოსარჩელეების იურიდიული ინტერესი ამ დავის მიმართ ანუ საკუთრების მოწმობისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილობა რა შედეგს მოუტანს მოსარჩელეებს, ასევე, შესაძლებელი იყო თუ არა მოსარჩელეებს აღეძრათ მიკუთვნებითი სარჩელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ო. გ-იანისა და ზ. ლ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.