დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№6971-13 19 მარტი, 2013 წელი
ს-ე ი., 6971-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ხ-ის
მსჯავრდებულ _ ი. ს-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ი. ს-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის განაჩენით ი. ს-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილით (1960 წლის რედაქცია) და მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი 3 წელი – ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის დრო – 2012 წლის 22 მარტიდან 2012 წლის 26 ივლისის ჩათვლით და სასჯელის მოხდა დაეწყო 2012 წლის 26 ივლისიდან.
2013 წლის 17 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №6 პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ი. ს-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულ ი. ს-ეს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და განესაზღვრა: 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 2 წელი და 3 თვე – პირობითი მსჯავრი, 3 წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2012 წლის 22 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ი. ს-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლი (1960 წლის რედაქცია) შეესაბამება ამჟამად მოქმედი სსკ-ის 180-ე მუხლს; იმის გათვალისწინებით, რომ მას ზარალი სრულად აქვს ანაზღაურებული, მსჯავრდებული ითხოვს „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის სისრულეში მოყვანას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულ ი. ს-ისთვის სსკ-ის 93-ე მუხლით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება კანონიერია, რადგან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე–16 მუხლის შესაბამისად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება. ვინაიდან, მოცემულ კონკრეტულ საქმეზე არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლის (1960 წლის რედაქცია) შესაბამისობა მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლთან, სასამართლო კანონისმიერად მოკლებულია შესაძლებლობას, გაავრცელოს „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება ი. ს-ისთვის საქართველოს სსკ-ის 93-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) დანიშნულ სასჯელზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ი. ს-ისთვის საბოლოოდ განსაზღვრული სასჯელი – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, 2 წელი და 3 თვე პირობითი მსჯავრი 3 წლის გამოსაცდელი ვადით – შეესაბამება ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი. ს-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე