გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 27.04.2006
საქმის ნომერი
ას-1067-1307-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.04.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1067-1307-05 27აპრილი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: უკანონო ნაგებობის მოშლა.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. თ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. დუშეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა უკანონო ნაგებობის აღება. მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ მოპასუხე მ. ჭ-შვილი მის საკუთრებაში არსებული სახლის კედლის გასწვრივ აწარმოებდა უკანონო მშენებლობას, რის აღსაკვეთადაც მიმართა როგორც მოპასუხეს, ასევე, რაიონულ გამგეობას. მიუხედავად გამგეობის კომისიის მიერ მოპასუხის მრავალგზის გაფრთხილებისა, იგი მაინც განაგრძობდა უკანონო მშენებლობას, რის შედეგადაც დაბნელდა მოსარჩელის კუთვნილი ოთახი, დაირღვა ინსოლაციისა და განათების კანონით გათვალისწინებული ნორმები.

აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით დუშეთის რაიონულ სასამართლოში შესაგებელი შეიტანა მ. ჭ-შვილმა. მოპასუხე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას და იგი უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: ზემოაღნიშნული მშენებლობა მიმდინარეობდა 24წ. წინ, ხოლო ამჟამად მოპასუხემ მხოლოდ შეასწორა და დაასრულა აივნის გადახურვა. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ პასპორტს, იგი მოპასუხემ არაკანონიერად მიიჩნია, რადგან მასზე ასახული ¹3 ოთახის შესახებ არსებობს გადაწყვეტილება.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 21 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა ტექნიკური ექსპერტიზა იმის გასარკვევად, მოპასუხე მ. ჭ-შვილის მიერ ქ. დუშეთში ... მოსარჩელე ო. თ-შვილის კედლის გასწვრივ აშენებული ნაგებობა არღვევს თუ არა ინსოლაციისა და განათების კანონით გათვალისწინებულ პირობებს და ადგება თუ არა ამით ზიანი მოსარჩელეს. ექსპერტიზის 2004წ. 18 ოქტომბრის დასკვნით, ქ. დუშეთში, ... მცხოვრები მოპასუხე მ. ჭ-შვილის კუთვნილი ნაგებობით, რომელიც მოსარჩელე ო. თ-შვილის ბინის გასწვრივ მდებარეობს, მოსარჩელის ბინის ინსოლაცია და ბუნებრივი განათება არ იზღუდება.

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 თებერვლის განჩინებით პროცესში საპროცესო თანამონაწილედ მოპასუხის მხარეზე ჩაბმულ იქნა ზ. ა-შვილი.

დუშეთის რაიონულმა სასამართლომ სსკ-ის 176-ე მუხლის შესაბამისად, არ მიიჩნია სადავო ნაგებობა მოსარჩელის მიერ თავისი საკუთრებით სარგებლობის დაუშვებელ ხელყოფად და 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დააკმაყოფილა.

2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-შვილმა შემდეგი საფუძვლებით: 1. პროცესის მიმდინარეობის დროს მოსამართლეს არ ეცვა მანტია; 2. ზ. ა-შვილის მიერ გაცემული რწმუნებულება მ. ჭ-შვილისათვის არ არის ნამდვილი, რადგანაც მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს მათი ქორწინების დამადასტურებელი მოწმობა; 3. სხდომის ოქმში მითითებული სხდომის დაწყებისა და დამთავრების დრო ყალბია; 4 საათი პროცესი არ გაგრძელებულა, ინსოლაცია და განათების პირობები არ იყო მითითებული სარჩელის საფუძვლად, არ ჩატარებულა მტკიცებულებების გამოკვლევა და პაექრობა; 4. სასამართლომ არასწორად შეაფასა მტკიცებულებები, უსაფუძვლოდ უთხრა უარი მხარეს დუშეთის გამგეობის მესამე პირად ჩართვაზე; 5. მოპასუხეების მიერ მშენებლობის წარმოების დროს დარღვეულია ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანება და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დადგენილი საკარმიდამო განაშენიანების ზონაში სამეზობლო ნაკვეთის მიჯნაზე, მიჯნასთან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესი; 6. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი შუამდგომლობა ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 5 მაისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოსარჩელე ქ. დუშეთში, ... მდებარე სახლის პირველ სართულზე არსებული სამი საცხოვრებელი ოთახის, დერეფნისა და ღია აივნის მესაკუთრეა, მოპასუხეები კი ... მდებარე სახლში ცხოვრობენ, რომელიც ზ. ა-შვილის სახელზეა აღრიცხული; მათ უკავიათ ორი საცხოვრებელი ოთახი, შუშაბანდი, ღია აივანი, სამზარეულო და სააბაზანო_ტუალეტი.

დადგენილია ასევე ის გარემოება, რომ სათანადო ორგანოების ნებართვის საფუძველზე, მოპასუხეებმა თავისი სახლის გასწვრივ აბაზანა და ტაუალეტი ააშენეს, რომლის კანონიერებას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის. რაც შეეხება, მოპასუხეების საკუთრებაში არსებულ ღია აივანს, დადგენილია, რომ იგი მოპასუხე მხარემ გადახურა იმის გამო, რომ ნალექით ივსებოდა სახლის სარდაფი. სააპელაციო სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია 2004წ. 18 ოქტომბრის ექსპერტიზის დასკვნა.

სააპელაციო პალატამ სამოქალაქო სამართლებრივი განხილვის საგნად არ მიიჩნია აივნის გადახურვის კანონიერება და არც ის, თუ რამდენადაა დაცული საჯარო კანონმდებლობის ნორმები.

რაც შეეხება სხდომის ოქმის მიმართ გამოთქმულ პრეტენზიებს, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 291-ე მუხლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ სამი დღის განმავლობაში მხარეებსა და მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ წარადგინონ თავიანთი შენიშვნები ოქმის მიმართ, მიუთითონ უსწორობასა და უსრულობაზე და რადგან აპელანტს აღნიშნული საპროცესო მექანიზმი არ გამოუყენებია, ამიტომ მას არ შეუძლია ამ საპროცესო მოქმედების შესრულების გარეშე ოქმის სისწორეზე დავა.

რაც შეეხება ზ. ა-შვილის მიერ მ. ჭ-შვილზე გაცემული რწმუნებულების ნამდვილობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის მოსაზრება ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა, რადგანაც იმის დადგენას, არიან თუ არა მოპასუხეები რეგისრტირებულ ქორწინებაში სამართლებრივად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგანც ზ. ა-შვილს შეეძლო ნებისმიერი პირისათვის დაევალებინა პროცესში მონაწილეობის მიღება. სააპელაციო პალატამ ისინი საპროცესო თანამონაწილეებად მიიჩნია. სსსკ-ის 86-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ მათგანს მიანდონ.

სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. თ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება. საკასაციო საჩივრის საფუძვლად კი მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

მოპასუხის მიერ დარღვეულია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის 2001წ. 18 სექტემბრის ¹57 ბრძანებითა და საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს მიერ დადგენილი «საკარმიდამო განაშენიანების ზონაში სამეზობლო ნაკვეთების მიჯნაზე, მიჯნასთან ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების დამხმარე და სხვა ნაგებობების მშენებლობის წესი”. აღნიშნული ნორმების დაუცველობის დასადასტურებლად მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოითხოვა ექსპერტიზის ჩატარება, რაზეც სასამართლოს მხრიდან უარი მიიღო.

კასატორი დავობს დამხმარე ნაგებობის უკანონოდ აშენების, ზემოაღნიშნული კანონების ნორმების დარღვევისა და მშენებლობისათვის სათანადო ნებართვის არარსებობის გამო.

სააპელაციო პალატამ დაარღვია სსსკ-ის 390-ე მუხლი და არ მიუთითა კანონი, რის საფუძველზეც მოპასუხეს უფლება ჰქონდა, რომ აეშენებინა დამხმარე ნაგებობა.

მოსარჩელემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მოითხოვა დუშეთის რაიონის გამგეობის პროცესში მესამე პირად ჩაბმა, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ უთხრა უარი, ხოლო სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული უარი მიიჩნია მართებულად და არ მიუთითა კანონის ნორმა, რომლითაც იხელმძღვანელა.

კასატორმა მიუთითა ასევე სხდომის ოქმის სიყალბეზე.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სსკ-ის 249-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.

სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, თუ ამ კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია, იგი აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს. თუ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო სამართლებრივი შეფასება, რომლის გამოც აუქმებს გადაწყვეტილებას, მაშინ ის განჩინებაში უთითებს, თუ რომელი ფაქტები საჭიროებს გამოკვლევას, რა მტკიცებულებებია შესაკრები და რა სხვა კონკრეტული საპროცესო მოქმედება უნდა შეასრულოს სააპელაციო სასამართლომ.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმის გარემოებების ბუნდოვანება არ იძლევა საქმის სწორი სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას და ამიტომ თვლის, რომ დამატებით გამოკვლევას საჭიროებს შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: სკ-ის 176-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომელიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შეუძლებელია, გაირკვეს აღნიშნული ნორმის საფუძველზე აქვს თუ არა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება, ამიტომ გასარკვევია, კერძოდ:

რა არის სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი, ღია აივნის გადახურვა, როგორც ეს გასაჩივრებული განჩინების სამოტივაციო ნაწილშია აღნიშნული, თუ მოსარჩელის კედლის გასწვრივ აშენებული ნაგებობა, როგორც ეს ამავე განჩინების აღწერილობით ნაწილშია მოცემული; რას წარმოადგენს სადავო ნაგებობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, არ ირკვევა დავა მხოლოდ გადახურვას ეხება, თუ მშენებლობას, რომელიც ნებართვის გარეშეა ნაწარმოები. მართალია, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სათანადო ორგანოების ნებართვის საფუძველზე მოპასუხეებმა თავისი სახლის გასწვრივ აბაზანა და ტუალეტი ააშენეს, რომლის კანონიერებას მოსარჩელე სადავოდ არ ხდის, მაგრამ სარჩელიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სწორედ მშენებლობა ხდება სადავო.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა კასატორის მოთხოვნას გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების თაობაზე დასაბუთებულად მიიჩნევს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ო. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 22 ივლისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.