გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1071-1327-04 25 იანვარი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),მ. სულხანიშვილი (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: გადახდის ბრძანების მიღება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს „ვ.-ის” გენერალურმა დირექტორმა გ. კ.-მ ქუთაისის საოლქო სასამართლოს განცხადებით მიმართა სს „ი.-ის” მიმართ გამარტივებული წესით დავალიანების _ 1173186 ლარის გადახდევინების შესახებ და სსკ-ის 302-ე, 303-ე, 396-ე მუხლების თანახმად მოითხოვა გადახდის ბრძანების მიღება. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრება დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ 2001წ. 1 ნოემბერს მიღებულ იქნა გადახდის ბრძანება, რომლითაც მოვალე სს „ი.-ს” კრედიტორის _ სს „ვ.-ის” სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი და დამატებითი დავალიანების სახით 1173186 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის _ 46927 ლარის, სულ _ 1220113 ლარის გადახდა.
მოვალემ _ სს „ი.-მ” აღნიშნულ ბრძანებაზე კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა შესაგებელი, შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 19 ნოემბრის განჩინებით გაუქმებულ იქნა 2001წ. 1 ნოემბრის გადახდის ბრძანება და დადგენილ იქნა დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნის საერთო სასარჩელო წესით განხილვა.
მოპასუხე _ სს „ი.-მ” თავის შესაგებელში არ ცნო სარჩელი და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხე მხარის გამოუცხადებლობის გამო, 2002წ. 13 თებერვალს გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სს „ი.-ს” გადასახდელად დაეკისრა 1173186 ლარისა და ადვოკატისათვის გაწეული ხარჯებისათვის დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა.
2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა მოპასუხე სს „ი.-მ” და მოითხოვა მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მოადგილე იმყოფებოდა ზემო იმერეთში და დიდთოვლობის გამო ვერ მოახერხა ქუთაისში ჩამოსვლა და სასამართლო სხდომაზე გამოცხადება. საქმის ხელახალი განხილვისას სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა საჩივრის ავტორი სს „ი.-ა”, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის _ სს „ვ.-ის” შუამდგომლობის საფუძველზე 2002წ. 5 აპრილს მიღებულ იქნა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ 2002წ. 13 სექტემბერს მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც სს „ს.-ის” (სს „ი.-ის” სამართალმემკვიდრის) საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმებულ იქნა მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 5 აპრილის მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე კოლეგიას. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა ამავე სასამართლოს 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქმის განხილვისას მოსარჩელე სს „ვ.-ის” წარმომადგენელმა ქ.ა.-მა მთლიანად დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ მათი სარჩელი არის საფუძვლიანი, რასაც ადასტურებს თვით ხელშეკრულება, ასევე შედარების აქტები, საგადასახადო ანგარიშფაქტურები, მოცემულ საქმეზე ჩატარებული საბუღალტრო ექსპერტიზაც და, აღნიშნულიდან გამომდინარე, მოითხოვა მოპასუხე სს „ს.-სათვის” მათ სასარგებლოდ ძირითადი თანხის _ 1173186 ლარის დაკისრება და, ასევე, სსკ-ის 47-53-ე მუხლების თანახმად, მოპასუხისათვის წარმომადგენლის ხარჯების სადავო თანხის 4%-ის ოდენობით დაკისრება.
მოპასუხე სს „ს.-ის” წარმომადგენელმა ნ.მ.-მ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქმეში არსებული შედარების აქტები შედგენილია არაუფლებამოსილი პირების მიერ, კერძოდ, სს „ვ.-ისა” და „ა.-ის” მხრიდან მას ხელს აწერს ბუღალტერი, რაც დაუშვებელია, რადგან „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონმა ახლებურად განსაზღვრა საწარმოს საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა წრე და ასეთად მიიჩნია საზოგადოების გენერალური დირექტორი, აქედან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია.
სასამართლო კოლეგიამ სს „ვ.-ის” სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ და მოპასუხე სს „ს.-ს” დააკისრა ძირითადი დავალიანების სახით 278558,50 ლარისა და საურავის სახით _ 139279,25 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მოთხოვნას სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო.
სასამართლო კოლეგიამ ვერ გაიზიარა საბუღალტრო ექსპერტიზის დასკვნა იმ ნაწილში, რომლითაც დაანგარიშებულია საურავის თანხები, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს ცალკეული ვადაგადაცილებული დღეების ოდენობიდან. სასამართლო კოლეგიამ ვერ დააკმაყფილა მოსარჩელის მოთხოვნა იმ სასამართლო ხარჯების ანაზღაურების ნაწილში, რომელიც შეეხება ადვოკატისათვის გაწეულ ხარჯებს, ვინაიდან საქმეში არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები.
სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ საქმეში არსებული შედარების აქტები წარმოადგენს მხარის მიერ ვალის აღიარებას მიუხედავად იმისა, რომ მას ხელს არ აწერენ საწარმოს დირექტორები. წარმოდგენილი პირების ხელმოწერებს თვით დირექტორები ადასტურებენ ბეჭდის დასმით, რის გამოც პალატამ ვერ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება იმის შესახებ, რომ მოთხოვნა არის ხანდაზმული, ვინაიდან აღნიშნული გარემოებების გამო სკ-ის 137-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობა არის შეწყვეტილი.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ს.-მ” და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმა. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება მოკლებულია ყოველგვარ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს შემდეგ გარემოებათა გამო: სასამართლომ უგელებელყო სსკ-ის 105-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო მხარეთა შორის გაფორმებულ ურთიერთშედარების აქტებს და სკ-ის 341-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია მხარის მიერ ვალის არსებობის აღიარებად. ამ შემთხვევაში სასამართლოს კოლეგიამ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან შედარების აქტები ხემოწერილია მხარეთა ბუღალტრების მიერ, ხოლო მხარის აღიარებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ სააქციო საზოგადოების დირექტორის მიერ ხელმოწერილი შედარების აქტი, ვინაიდან სწორედ იგი წარმოადგენს სააქციო საზოგადოების მესამე პირებთან ურთიერთობაში (“მეწარმეთა შესახებ” კანონის 9.1 მუხლი). სასამართლოს ასევე არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, ვინაიდან იგი დაკავშირებულია მოსარჩელის მოთხოვნასთან ძირითადი თანხის ნაწილში და რადგანაც ყოველგვარ მოთხოვნას მოკლებულია მოთხოვნა მისი დაკისრების ნაწილში, შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა საურავის დაკისრების თაობაზე.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ასევე სს „ვ.-ის” წარმომადგენელმა ქ. ა.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება 1.173.000 ლარის დაკმაყოფილებაზე და წარმომადგენლის მომსახურებისათვის 46927 ლარის მოპასუხის მიმართ დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში. კასატორის აზრით, გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი და გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის დასაბუთებული.
კასატორმა გაასაჩივრა აგრეთვე ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. აღნიშნული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოპასუხე სს „ი.-მ” და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ მოტივით, რომ გენერალური დირექტორი გ. ჟ.-ი 13-14 თებერვალს იმყოფებოდა ზემო იმერეთში და დიდი თოვლის გამო ვერ მოახერხა ქუთაისში ჩამოსვლა.
კასატორის აზრით, მოპასუხის საჩივარი და მისი მოთხოვნა იყო დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომ იმყოფებოდა ზემო იმერეთში; თუ გენერალური დირექტორის მოადგილე არ იყო ქ. ქუთაისში, შეიძლებოდა სხვა წარმომადგენლების დასწრება, რომელთა მინდობილობები არის საქმეში; მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის შესახებ, რომ საავტომობილო გზა დაკეტილი იყო; თუკი მოპასუხე ამტკიცებს, რომ დიდი თოვლის გამო ვერ ჩამოვიდა ქ.ქუთაისში, მაშინ როგორ ესწრებოდა იგი წინა დღეებში ქუთაისის საოლქო სასამართლოში გამართულ სხვა სასამართლო სხდომებს.
კასატორმა მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმება და, შესაბამისად, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება. აგრეთვე, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა საკასაციო საჩივრები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა მიიჩნევს, რომ სს „ვ.-ის” კასკადის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ამავე პალატის 2002წ. 13 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას იხელმძღვანელა სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის მიხედვითაც სარჩელში მითითებული გარემოებები ჩათვალა დამტკიცებულად. პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს ასეთი მოქმედება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას არასრულყოფილია, რადგან სასამართლომ ასეთ დროს აუცილებლად უნდა შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა მხარის მოთხოვნა სსკ-ის ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს. აღნიშნული ნორმა სასამართლოს საერთოდ არ გამოუყენებია და არ უმსჯელია იმის თაობაზე, ამართლებდა თუ არა იურიდიულად სარჩელში მითითებული გარემოებები სარჩელის მოთხოვნას. სარჩელის დაკმაყოფილება მითითებული ნორმის გამოყენების გარეშე შეუძლებელია. აღნიშნული გარემოების გამო სასამართლო თვლის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოტანილია საპროცესო ნორმების დარღვევით და ამიტომ სასამართლოს მიერ ასეთი გადაწყვეტილების გაუქმება გამომდინარეობს კანონის მოთხოვნიდან.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას. საკასაციო პალატა იზიარებს სს “ს.-ის” მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის შედარების აქტზე ბუღალტრის ხელმოწერა არ შეიძლება შეფასდეს, როგორც სააქციო საზოგადოების ვალის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად. „მეწარმეთა შესახებ” კანონის 56.3-ე მუხლის თანახმად, სააქციო საზოგადოებას სასამართლოში და სხვა ურთიერთობებში წარმოადგენენ დირექტორები. მოცემულ შემთხვევაში შედარების აქტი სხვა საზოგადოებასთან ურთიერთობაში მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო მტკიცებულებად, თუ მას ხელს მოაწერს სააქციო საზოგადოების დირექტორი. სსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. გამომდინარე აღნიშნული ნორმიდან, სს „ს.-ის” ვალის არსებობა არ შეიძლება დადასტურდეს შედარების აქტით, რომელსაც ხელს აწერს საზოგადოების ბუღალტერი.
პალატა მიიჩნევს, რომ სს „ს.-ის” ვალის არსებობა დადასტურებულია საპროცესო ნორმის დარღვევით, რასაც საქმეზე მოჰყვა არასწორი გადაწყვეტილების მიღება, რის გამოც პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის დარღვევით და იგი უნდა გაუქმდეს თანახმად სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და საქმე ხელახლა უნდა იქნეს განხილული იმავე კოლეგიის მიერ. საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო კოლეგიამ საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა შეაფასოს „მეწარმეთა შესახებ” კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და მიღებულ უნდა იქნეს შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს „ს.-ის” და სს „ვ.-ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და საქმეთა კოლეგიის 2004წ. 31 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე კოლეგიას. იმავე კოლეგიის 2002წ. 31 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
მხარეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მღიების დროს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.