განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
#1155ap_10 10 Tebervali, 2011 weli
№7081-13 21 მარტი, 2013 წელი
გ-ე ზ, 7081-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ ი. დ-ას
მსჯავრდებულ _ ზ. გ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თერჯოლის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგის 2008 წლის 15 აპრილის განაჩენით ზ. გ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (1960 წლის რედაქცია) – 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენით თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 15 აპრილის განაჩენი შეიცვალა შემდეგი მიმართებით:
ზ. გ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2006 წლის 28 აპრილის რედაქცია) და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 15 მაისიდან.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №14 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ზ. გ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. გ-ეს ¼-ით შეუმცირდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და სასჯელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 15 მაისიდან.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. გ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას და იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაული ჩადენილი აქვს არასრულწლოვანების ასაკში, ითხოვა სასჯელისაგან გათავისუფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებულ განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს მოტივაციას მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-16 მუხლის გავრცელებისა და დანიშნული სასჯელის ¼-ით შემცირების თაობაზე.
საქმის მასალებით ცნობილია, რომ მსჯავრდებულმა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანაშაულის ერთი ეპიზოდი ჩაიდინა არასრულწლოვანების პერიოდში – 2005 წლის 13 ივნისს, ხოლო მე-2 ეპიზოდი სრულწლოვანების პერიოდში – 2006 წლის 29 იანვარს და რადგან ორივე ეპიზოდისთვის დანიშნულია ერთიანი სასჯელი, იმის გამო, რომ არ დამძიმდეს მსჯავრდებულის მდგომარეობა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ და ზ. გ-ის მიერ ჩადენილ ქმედებაზე უნდა გავრცელდეს ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-2 მუხლი, სადაც აღნიშნულია: ,,გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც არასრულწლოვანების ასაკში ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. გ-ეს უნდა გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს 2009 წლის 15 მაისიდან.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს .
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულ ზ. გ-ეს გაუნახევრდეს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი – 10 წელი და განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ზ. გ-ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2009 წლის 15 მაისიდან.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 5 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე