განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 19.03.2013
საქმის ნომერი
2კ-739-I-13
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.03.2013

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№7391-13 19 მარტი, 2013 წელი

პ-ი თ., 7391-13 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე)

ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე

სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის

პროკურორ _ ა. ხ-ის

მსჯავრდებულ _ თ. პ-ის

მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ თ. პ-ის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენით თ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 5000 ლარი. თ. პ-ს სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2008 წლის 9 თებერვლიდან 12 მარტის ჩათვლით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 21 სექტემბრის განაჩენით თ. პ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 27 დღე და საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით, 4 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2010 წლის 6 სექტემბრიდან; მასვე 3 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.

2013 წლის 16 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №15 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ თ. პ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ. პ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული თ. პ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 4 წელი, 10 თვე, 27 დღე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა 3 წლით, 8 თვითა და 5 დღით თავისუფლების აღკვეთა; მასვე აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა თ. პ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს საგარეჯოს რაიონული სასამარათლოს 2008 წლის 25 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელზე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას, როგორც განაჩენის დადგენის დროისათვის ნასამართლობის არმქონე პირზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ თ. პ-ის საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლება კანონიერია. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, თ. პ-ისთვის საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის ერთი მეოთხედით შემცირება, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული მძიმე კატეგორიის დანაშაულებს მიეკუთვნება და, შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება „ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ლი–მე-15 მუხლების მოქმედება.

ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს სსკ-ის 181-ე მუხლით დანიშნული (და არა მოუხდელი) სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 თვე და 3 დღე უნდა ჩაეთვალოს მოხდილად და საბოლოოდ თ. პ-ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს 3 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-8, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 26-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მსჯავრდებულ თ. პ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება:

„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ თ. პ-ს ერთი მეოთხედით შეუმცირდეს საქართველოს სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და მიესაჯოს 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 თვე და 3 დღე ჩაეთვალოს მოხდილად. საბოლოოდ თ. პ-ს სასჯელის სახით განესაზღვროს 3 წლით, 7 თვითა და 27 დღით თავისუფლების აღკვეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 12 თებერვლის განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. სილაგაძე