დატოვებულია განუხილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
საქმე №ბს-1506(კს-22) 5 მაისი, 2023 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თამარ ოქროპირიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე, გენადი მაკარიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ.შ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლის ლ.მ-ის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გარდაცვლილი დ.შ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გასაჩივრდა დ.შ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლის ლ.მ-ის მიერ.
საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი იმ საფუძვლით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. ამასთანავე, კერძო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, კერძო საჩივარს ხელს აწერდა ლ.მ-ის წარმომადგენელი, თუმცა საქმის მასალებში დაცული არ იყო კერძო საჩივარზე ხელმომწერი პირის ვადაში არსებული მინდობილობა, კერძო საჩივრის ავტორის რწმუნებულს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ვადა ამოწურული ჰქონდა 2022 წლის 22 ივნისს, ხოლო კერძო საჩივარს ხელს აწერდა 2022 წლის 8 დეკემბერს. შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში კერძო საჩივრის შემომტანი/ხელმომწერი პირის კერძო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის - ვადაში არსებული მინდობილობისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. მასვე განემარტა, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, კერძო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება გაეგზავნა ლ.მ-ეს საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2023 წლის 01 მარტს. ამდენად, განჩინებით განსაზღვრული ხარვეზის შევსების 07 დღიანი ვადა 2023 წლის 10 აპრილს, 24 საათზე (ორშაბათი) ამოიწურა. დადგენილ ვადაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც ხარვეზის შევსებისათვის განსაზღვრული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მუხლის შესაბამისად საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, რჩება განუხილველად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 399-ე, 420-ე მუხლების თანახმად, ლ.მ-ის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.შ-ის სავარაუდო უფლებამონაცვლის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 23 სექტემბრის განჩინებაზე, დატოვებულ იქნეს განუხილველად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: თამარ ოქროპირიძე
მოსამართლეები: ქეთევან ცინცაძე
გენადი მაკარიძე