დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 29.03.2005
საქმის ნომერი
ას-1113-1300-04
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
29.03.2005

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1113-1300-04 29 მარტი, 2005 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მ. ცისკაძე,მ. სულხანიშვილი

დავის საგანი: კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა, სამკვიდრო ქონების ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. ს-ე გარდაიცვალა 1979წ. 1 მაისს. მას დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები: ზ. ს-ე, ნ. გ-ი და ე. მ-ე. 1998წ. 19 აგვისტოს ზ. ს-ემ აღიდგინა მემკვიდრეობა დედის სამკვიდრო ქონებაზე, მათ შორის საცხოვრებელ სახლზე მდებარე ქუთაისში, ... ¹3-ში 3\4-ზე; ზ. ს-ე გარდაიცვალა 2002წ. 31 ოქტომბერს. ნ. გ-ის შვილმა, მ. გ-მა ბიძის _ ზ. ს-ის მიერ გაცემული ანდერძის საფუძველზე 2003წ.23 მაისს მიიღო ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაბიძის დანაშთ ქონებაზე. მოსარჩელე ნ. ს-ემ სარჩელი აღძრა მოპასუხე ქუთაისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ე. გ-ის მიმართ და მოითხოვა დედის _ ნ. ს-ის სამკვიდრო ქონების, მათ შორის, ქუთაისში ... ¹3-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1\4-ის, ასევე, მოძრავი ნივთების 1\3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა; შესაბამისი ცვლილებების შეტანა ზ. ს-ის სახელზე 1998წ. 19 აგვისტოს გაცემულ კანონისმიერი მემკვიდრეობისა და მ. გ-ის სახელზე 2003წ. 23 მაისს გაცემულ ანდერძისმიერ მემკვიდრეობის მოწმობაში.მოგვიანებით საქმეში მესამე პირად დამოუკიდებელი მოთხოვნით ჩაება მ. გ-ი და ნოტარიუსი თ. მ-ე. მოსარჩელის განმარტებით, იგი დედის გარდაცვალების შემდეგ ძმასთან ერთად დაეუფლა დედის დანაშთ ქონებას. კერძოდ, ნიშნობის ოქროს ბეჭედს, საკერავ მანქანას, ბადრიჯნის საწურს და ხალიჩას. ძმას ზ. ს-ეს მასთან შეთანხმების გარეშე აღუდგენია მემკვიდრეობა, რის შესახებ ძმის გარდაცვალების შემდეგ გაიგო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისის განჩინებით ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 19 თებერვლის გარაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ი, მამკვიდრებლის ნ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მოძრავ ნივთებს, კერძოდ, საკერავ მანქანას, ბადრიჯნის საწურს, ხალიჩას და ოქროს ბეჭედს. სასამართლომ საქმის მასალების მიხედვით მიიჩნია, რომ არ დასტურდება დასახელებული ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების ფაქტი. ამასთან, ჩათვალა, რომ ბადრიჯნის საწური, ხაჩილა და საკერავი მანქანა არის საყოფაცხოვრებო ნივთები და სამოქალაქო სამართლის კოდექსის 545-ე მუხლის თანახმად, ეკუთვნის სამკვიდროს დამტოვებელთან ერთად მცხოვრებ კანონისმიერ მემკვიედრეებს მათი მემკვიდრეობის რიგისა და სამემკვიდრეო წილის მიუხედავად თუ ისინი ცხოვრობდნენ სამკვიდროს დამტოვებელთან არანაკლებ ერთი წლისა მის სიკვდილამდე და თანაც საერთო მეურნეობა ჰქონდათ მასთან ან მის რჩენაზე იმყოფებოდნენ. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ის 556-ე, 451-ე მუხლებზე.

ნ. გ-მა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: მოწმეებმა დაადასტურეს, რომ სადავო ნივთები მამკვიდრებლის საკუთრება იყო. თუკი მოწინააღმდეგე მხარე ამ ნივთების კუთვნილების საკითხს სადავოდ გახდიდა სსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით, მას უნდა ემტკიცებინა ეს და არა მოსარჩელეს. სასამართლოს ძველებური ხალიჩა და საკერავი მანქანა საყოფაცხოვრებო ნივთებად არ უნდა მიეჩნია. ამასთან, ბეჭედი არ არის საყოფაცხოვრებო ნივთი, რასაც სასამართლომ შეფასება არ მისცა,სამოქალაქო სამართლის კოდექსის მოქმედების პერიოდშიც სამკვიდრო ქონების ნაწილის დაუფლება ნიშნავდა, რომ მემკვიდრემ მიიღო მთლიანი სამკვიდრო. კასატორი დაობს დედის სამკვიდრო ქონებაზე, რომელზეც მისგან ფარულად აღიდგინა მემკვიდრეობა ძმამ ზ. ს-ემ და არა ამ უკანასკნელის სამკვიდრო ქონებაზე, შესაბამისად, მოითხოვს ცვლილებების შეტანას როგორც იმ სამემკვიდრეო მოწმობაში, რომლითაც ზ. ს-ემ აღიდგინა მემკვიდრეობა დედის დანაშთ ქონებაზე, ისე _ ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილების შეტანას, რომლითაც ზ. ს-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე გახდა მისი შვილი მ. გ-ი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მამკვიდრებელი ნ. ს-ე გარდაიცვალა 1979წ. 1 მაისს. მოსარჩელე ნ. ს-ე დედის, ნ. ს-ის გარდაცვალების დროისათვის გათხოვილი იყო და ცხოვრობდა მეუღლის ოჯახში. სამკვიდრო საცხოვრებელი სახლისა და სხვა მოძრავი ნივთების ფაქტიურ ფლობას შეუდგა მამკვიდრებლის ვაჟი ზ. ს-ე, რომელმაც დედის ქონებაზე მემკვიდრეობა აღიდგინა 1998წ. 19 აგვისტოს – დედის გარდაცვალებიდან 19 წლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლომ რაიონულ სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. გ-ი მამკვიდრებლის ნ. ს-ის გარდაცვალების შემდეგ დაეუფლა მოძრავ ნივთებს, კერძოდ: საკერავ მანქანას, ბადრიჯნის საწურს და ოქროს ბეჭედს, მაგრამ ამავე მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულად არ მიიჩნია აღნიშნული ნივთების მამკვიდრებლისადმი კუთვნილების ფაქტი.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 545-ე მუხლის შესაბამისად, ჩვეულებრივი საოჯახო მოწყობილობა და საყოფაცხოვრებო საგნები ეკუთვნის სამკვიდროს დამტოვებელთან ერთად მცხოვრებ კანონისმიერ მემკვიდრეებს მათი მემკვიდრეობის რიგისა და სამემკვიდრეო წილის მიუხედავად, თუ ისინი ცხოვრობდნენ სამკვიდროს დამტოვებელთან არა ნაკლებ ერთი წ.ა მის სიკვდილამდე და თანაც საერთო მეურნეობა ჰქონდათ მასთან ან მის რჩენაზე იმყოფებოდნენ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული მუხლის თანახმად, მოძრავი ნივთების ბადრიჯნის საწურის, ხალიჩის და საკერავი მანქანის დაუფლება არ მიიჩნია სამკვიდროს ნაწილის დაუფლებად ვინაიდან ისინი საყოფაცხოვრებო ნივთებად ჩათვალა.

სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთი საკასაციო პრეტენზია არ არის წამოყენებული. სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

კასატორი მიუთითებს, რომ იგი დაეუფლა დედის ოქროს ბეჭედს, რაც საყოფაცხოვრებო ნივთად არ შეიძლება ჩაითვალოს. მართალია ოქროს ბეჭედი საყოფაცხოვრებო ნივთი არ არის, მაგრამ მისი მამკვიდრებლისადმი კუთვნილებასაქმის მასალებით არ არის დადასტურებული. სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მიღებულად ითვლება, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდრო ქონების ფლობას ან მართვას, აგრეთვე, როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება ნ. გ-ის მიერ სამკვიდრო ქონების ფლობის ან მართვის ფაქტი, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ მას არ მიუღია სამკვიდრო და მოთხოვნა დედის სამკვიდრო ქონების ნაწილის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის, ასევე, ზ. ს-ისა და მ. გ-ის სახელზე გაცემული მემკვიდრეობის მოწმობებში ცვლილებების შეტანის შესახებ უსაფუძვლოა.

სსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ საოლქო სასამართლოს პალატის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციოსაჩივარშიმითითებული კანონის დარღვევები არ დასტურდება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 ივნისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია ინვალიდობის გამო.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.