დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ას-1129-1375-05 21 მარტი, 2006
ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),მ. სულხანიშვილი
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით გადაცემული თანხის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. ი-იამ 2003წ. სექტემბერში სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ინდივიდუალური საწარმო «ნ. ჯ-იას» მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის დაკისრება. მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ მას და მოპასუხეს შორის 2001წ. 9 მარტს დაიდო ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად‚ მან მოპასუხესთან შეიტანა 500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით _ 2001წ. 9 სექტემბრამდე. მოპასუხეს ამ თანხით სარგებლობისათვის მისთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 25 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 650 აშშ დოლარი. მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შორის 2001წ. 13 აპრილს კვლავ დაიდო ანალოგიური ხელშეკრულება, მან შეიტანა 740 აშშ დოლარი, რომლის ყოველთვიური პროცენტი შეადგენდა 37 აშშ დოლარს. ეს ხელშეკრულებაც დაიდო 6 თვის ვადით, რომლის გასვლისთანავე მოპასუხეს ძირითადი სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის სახით უნდა გადაეხადა 1612 აშშ დოლარი, რომლის გადახდაზეც მან უარი განაცხადა. რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა დავის საგანი და მოითხოვა მოპასუხისათვის 1240 აშშ დოლარის (ძირითადი თანხის) გადახდევინება, ხოლო პროცენტის გადახდის ნაწილში სარჩელზე უარი თქვა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ი-იას სარჩელი დაკმაყოფილდა _ ინდივიდუალურ საწარმო «ნ. ჯ-იას» თ. ი-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1240 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ინდივიდუალური მეწარმე «ნ. ჯ-იამ».
მოცემული საქმე არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. ბოლოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ჯ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ი-იას სარჩელი დაკმაყოფილდა _ ინდივიდუალურ საწარმო «ნ. ჯ-იას» თ. ი-იას სასარგებლოდ დაეკისრა 1240 აშშ დოლარის ექვივალენტის გადახდა ლარებში. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის _ ინდივიდუალური საწარმო «ნ. ჯ-იას» მტკიცება იმის თაობაზე, რომ მათ შორის ხელშეკრულება 2001წ. 9 მარტს დაიდო გადასახდელად დარჩენილ პროცენტის თანხაზე, ხოლო 2001წ. 13 აპრილს კი იგი აიძულეს, რომ დაედო ხელშეკრულება პროცენტის პროცენტზე. სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისას გამოიყენა სკ-ის 317-ე, 319-ე და 327-ე მუხლები. ამ ნორმებიდან გამომდინარე სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა მოპასუხის ის მოსაზრება, რომ ერთ-ერთ ხელშეკრულებაზე ხელი იძულებით მოაწერინეს; რადგან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე ეს საკითხი სადავოდ არ გაუხდია. სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ ჩათვალა ნ.ჯ-იას მითითება იმის შესახებ, რადგან ინდივიდუალურ მეწარმეს მის მიერ გასესხებულ თანხაზე არ მიუღია სარგებელი, შესაბამისად, არც ის გადაუხდის თ.ი-იას ვალს, რადგან ასეთი პირობა ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთაAშორის დადებულია სესხის ხელშეკრულება და სკ-ის 623-ე მუხლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელე თ. ი-იას უნდა დაუბრუნოს მის მიერ მიღებული თანხა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ინდივიდუალური მეწარმე «ნ. ჯ-იას» დირექტორმა ნ. ჯ-იამ და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. მისი საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულება არსებობდა, რადგან მას და მოსარჩელე თ. ი-იას შორის დაიდო სადეპოზიტო ანაბრის ხელშეკრულება. კასატორის მითითებით თ. ი-ია წარმოადგენს არა მსესხებელს, არამედ სადეპოზიტო ანგარიშის მეანაბრეს, რასაც ადასტურებს სასარჩელო განცხადება და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ კანონი განსხვავებულ საპროცენტო განაკვეთებს აწესებს ამ ხელშეკრულებებისათვის, ამასთან სესხის ხელშეკრულებისათვის კანონი აწესებს უზრუნველყოფის ღონისძიებას ანაბრის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ მეორე ხელშეკრულება დაიდო იძულებით, იგი წარმოადგენს პროცენტის პროცენტს, რაც სკ-ის 403-ე მუხლის თანახმად დაუშვებელია. თ.ი-იას სახელით სასამართლოში საქმის განხილვისას მონაწილეობას იღებდა მისი დედა ლ. ი-ია, რომელსაც არ ჰქონდა სათანადო წესით გაცემული რწმუნებულება, რწმუნებულება კი წარმოადგინა მოგვიანებით _ 2005წ. 20 მაისს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები, დაარღვია სსკ-ის 393-ემუხლი, 394-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის და 102-ე მუხლის მოთხოვნები, ასევე სკ-ის 403-ე მუხლის მოთხოვნა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ მხარეთა შორის 2001წ. 9 მარტს დადებული ხელშეკრულებით მოსარჩელე თ. ი-იამ მოპასუხე ინდივიდუალურ მეწარმე «ნ. ჯ-იას» გადასცა 500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით, მოპასუხეს თანხის სარგებლობისათვის მისთვის უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 25 აშშ დოლარი, ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 650 აშშ დოლარი. მხარეთა შორის დადებული 2001წ. 13 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე თ. ი-იამ შეიტანა 740 აშშ დოლარი, რომლის ყოველთვიური პროცენტი შეადგენდა 37 აშშ დოლარს. ამ ხელშეკრულებების შინაარსიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მხარეთა შორის ურთიერთობას და იგი სესხის ხელშეკრულებად მიიჩნია სკ-ის 623-ე მუხლის საფუძველზე. ამ ნორმის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს‚ დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამიტომ საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე არ წარმოადგენს საბანკო დაწესებულებას, რის გამოც ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის დაიდო სადეპოზიტო ანაბრის ხელშეკრულება.
საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მეორე ხელშეკრულება დაიდო იძულებით და იგი წარმოადგენს პროცენტის პროცენტს, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამ ნორმის თანახმად‚ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების არასწორად გამოყენება და განმარტება. საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ინდივიდუალური მეწარმე ლომბარდი «ნ. ჯ-იას» ასეთი დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ თ.ი-იას ნაცვლად სასამართლოში მონაწილეობას იღებდა მისი დედა ლ. ი-ია და მან მხოლოდ 2005წ. 20 მაისს წარმოადგინა რწმუნებულება, რადგან სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 22 ივნისის სხდომაზე ლ. ი-ია პროცესზე მონაწილეობდა სსკ-ის შესაბამისად გაცემული რწმუნებულების საფუძველზე.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ინდივიდუალური მეწარმე ლომბარდი «ნ. ჯ-იას» საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ინდივიდუალური მეწარმე ლომბარდი «ნ. ჯ-იას» საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 22 ივნისის გადაწყვეტილება.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.