გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 13.06.2006
საქმის ნომერი
ას-1133-1379-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1133-1379-05 13 ივნისი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)‚

ნ. კვანტალიანი,მ. ცისკაძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2005წ. 17 თებერვალს სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა ზ. თ-რმა სარჩელი აღძრა ჭიათურის რაიონულ სასამართლოში სს «ჭ-ის» მიმართ და აღნიშნა, რომ ჭიათურის რაიონის სოფ. ...ში წლების განმავლობაში არსებობდა მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, რომელიც მოქმედი იყო 1925 წლამდე. ეკლესია და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკოლა, სოფლის კანტორა, მაღაზია და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები დაინგრა მაღაროს მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად. აღნიშნული ეკლესია, 2002წ. 14 ოქტომბრის საკონსტიტუციო შეთანხმების საფუძველზე გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიას. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე დანგრეული შენობები გადატანილ და აღდგენილ იქნა უსაფრთხო ადგილზე, მოსახლეობას მიეცა ზარალის კომპენსაცია სს «ჭ-ის» მიერ, ეკლესია კი, როგორც ტაბუდადებული, მიტოვებულ იქნა უყურადღებოდ. დროთა განმავლობაში ინგრეოდა და ზიანდებოდა საეკლესიო ფრესკები და კედლის მოხატულობა.

მოსარჩელის მითითებით, ეკლესიის დაზიანების ფაქტს არ უარყოფს სს «ჭ-ის» ხელმძღვანელობა. 2005წ. 10 მაისს სს «ჭ-ის» აღმასრულებელი დირექტორის მიმართვაში წიაღის დაცვისა და სამთო საქმის დეპარტამენტის უფროსის _ ზ.ქ-იასადმი ირკვევა, რომ სოფ. ...ის ეკლესია სს «ჭ-ის» მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად 1948-1953 წლებში დაინგრა, რაზედაც უნდა შემდგარიყო ზარალის აქტი, თუმცა არ შემდგარა მაშინდელი ხელმძღვანელობის მიზეზით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ეკლესიის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენა ან ზარალის აქტის შედგენა და თანხის გადახდა.

მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ჭიათურის რაიონის სოფ. ...ში ეკლესიის დაზიანება მოხდა 1948-55 წლებში მიმდებარე უბნებზე მარგანეცის მადნის მოპოვებისას მიწისქვეშა სამუშაოების შედეგად, რაზედაც არ შემდგარა არანაირი დოკუმენტი მიყენებული ზიანის დასადგენად და დასაზუსტებლად. მოპასუხის აზრით, აღნიშნული მოთხოვნა არის ხანდაზმული. რაც შეეხება სს «ჭ-ის» რეაბილიტაციის მმართველის და აღმასრულებელი დირექტორის მიმართვას მთავარანგელოზის ეკლესიის მშენებლობის საინიციატივო ჯგუფისადმი, სადაც მითითებულია, რომ სს «ჭ-ი» შეეცდება შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს სამშენებლო მასალებით ტაძრის მშენებლობისათვის, ეს არის მათი კეთილი ნება და არა ვალდებულება.

ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სრულიად საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა კ.სოფრომაძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ჭიათურის რაიონული სასამართლოს 2005წ. 1 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სარჩელი დაკმაყოფილდა. სს «ჭ-ს» სრულიად საქართველოს საპატრიარქოს სასარგებლოდ დაეკისრა 340 732 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ეკლესიის დაზიანება და ნგრევა მოხდა 1948-55 წლებში ანუ იმ პერიოდში, როდესაც მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ეკლესია საბჭოთა სახელმწიფო ქონებას წარმოადგენდა. ეკლესიის ნგრევისა და დაზიანების მომენტისათვის საქართველოს საპატრიარქოს სასამართლოში სარჩელის შეტანა არ შეეძლო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ იმ დროისათვის მიწა და მასზე მდგარი ეკლესია მის საკუთრებას არ წარმოადგენდა. საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის მიღწეული კონსტიტუციური შეთანხმების მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ეკლესიის ჭეშმარიტ მესაკუთრეს _ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს 2002წ. 14 ოქტომბრიდან გაუჩნდა სარჩელის წარდგენის გზით თავისი დარღვეული უფლებების დაცვის შესაძლებლობა. ამდენად, ხანდაზმულობის ვადაც მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან ანუ 2002წ. 14 ოქტომბრიდან უნდა აითვალოს.

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წერილობითი ფორმით აღიარა ტრესტ «ჭ-ის» მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამთო სამუშაოების წარმოების მიზეზით ეკლესიის ნგრევის ფაქტი, სასამართლომ, სკ-ის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება სრულად დააკისრა ტრესტ «ჭ-ის» სამართალმემკვიდრეს სს «ჭ-ს», სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს მიერ დამტკიცებული ჭიათურის რაიონის სოფ. ...ში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესიის ესკიზური პროექტის ღირებულების _ 340732 ლარის ოდენობით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება სს «ჭ-ის» წარმომადგენელმა ლ.საღირაშვილმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორის აზრით, სასამართლო, სსკ-ის 244-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებული იყო შეეფასებინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე როგორც სარჩელში, ასევე მოწინააღმდეგე მხარის მიერ მითითებული გარემოებები; დღეის მდგომარეობით შეუძლებელია იმის დადგენა, 1948-55 წლებში სამთო სამუშაოებით თუ რა სახის ზიანი მიადგა ეკლესიას; თვით საქართველოს საპატრიარქოს პროექტის შესავალ ნაწილში მითითებულია, რომ ეკლესიის დანგრევას ხელი შეუწყო 1991წ. მიწისძვრამ.

სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სკ-ის (1997წ. რედაქციით) 1507-ე მუხლი, რადგან იგი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ვინაიდან დაზიანება მოხდა 1948-55 წლებში ანუ 55 წლის წინ. კასატორის აზრით, სწორედ აქედან უნდა მომხდარიყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა, რადგან მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოიშვა 1948-55 წლებში და არა 2002წ. 14 ოქტომბერს.

საოლქო სასამართლომ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნია საბჭოთა სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით 1921-63 წლებში, ეკლესიისა და მისი მსახურების მიმართ დაუფარავი აგრესია, რომლის დროს ათასობით სასულიერო პირი დაიხვრიტა და რეპრესირებულ იქნა, დანგრეულ და მიწასთან გასწორებულ იქნა არა ერთი ეკლესია და მონასტერი. მაგრამ საოლქო სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია იმ ფაქტისათვის, რომ საბჭოთა კავშირი დაემხო 1991 წელს და დაიწყო ეკლესია-მონასტრების აღმშენებლობა, თუმცა მხარეს მთელი ამ ხნის განმავლობაში არ მოუთხოვია სს «ჭ-ისგან» ზარალის აქტის შედგენა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1964წ. რედაქციით), რომლის 75-ე მუხლის საფუძველზე, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები და თვლის, რომ სს «ჭ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ჭიათურის რაიონის სოფ. ...ში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია აშენებულია 1899-1903 წლებში. აღნიშნული ეკლესია მოქმედებდა 1903წ. 21 ნოემბრიდან 1925 წლამდე. სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ 1925 წლიდან საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების მიღწევამდე ანუ 2002წ. 14 ოქტომბრამდე პერიოდში სოფ. ...ში მდებარე მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია და მის ირგვლივ განლაგებული საეკლესიო მიწა იყო სახელმწიფო საკუთრება და მას განკარგავდა მხოლოდ სახელმწიფო. ეკლესიის და სასაფლაოს ირგვლივ მდებარე ტერიტორიაზე მარგანეცის მოპოვება მიმდინარეობდა 1935-44 წლებში. შემდგომში ტაძრის მიმდებარე ტერიტორია სს «ჭ-ის» მიერ დამუშავებულ იქნა 1948-50 წლებში, ხოლო ველის საბოლოო დაძიება მოხდა 1993 წელს. სს «ჭ-ის» ადმინისტრაციის წარმომადგენლები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 1953-1955 წლებში ტრესტ «ჭ-ის» მიერ წარმოებული მიწისქვეშა სამთო სამუშაოების მიზეზით დაინგრა სოფ. ...ის ეკლესია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ეკლესიის დაზიანება და ნგრევა მოხდა 1948-55 წლებში ანუ იმ პერიოდში, როდესაც მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე ეკლესია საბჭოურ სახელმწიფო ქონებას წარმოადგენდა.

სსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებათა მიმართ, რომლებიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია საქართველოს საპატრიარქოს პროექტის შესავალ ნაწილში მითითებულ გარემოებაზე, რომლის თანახმად, ეკლესიის დანგრევას ასევე ხელი შეუწყო 1991წ. მიწისძვრამ; სამართლებრივი შეფასება არ მიეცა საქართველოს გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ბუნების სტიქიური პროცესებისა და გეოეკოლოგიური კვლევის ცენტრ «ს-ის» დასკვნაში მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 1955წ. შემდეგ დღემდე წიაღისეულის დამუშავება არ მომხდარა, რაიმე სახის დეფორმაციები მიწის ზედაპირზე არ დაფიქსირებულა. დეფორმაციები ასევე არ დაფიქსირებულა ეკლესიის მიმდებარე უბანზეც.

საქმის მასალებში წარმოდგენილი ჭიათურის რაიონის სოფ. ...ში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოს ესკიზური პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, «ჭიათურის რაიონში მარგანეცის ინტენსიური მოპოვება სოფ. ...ის ტერიტორიასაც შეეხო, სოფლისა და უშუალოდ ეკლესიის ქვემოთ მდებარე ქანებში ხდებოდა მადნის მოპოვება, რამაც გამოიწვია მიწის ჯდენა და, აქედან გამომდინარე, ეკლესიის ნგრევა. გარდა ამისა, ეკლესიის ნგრევა 1991წ. მიწისძვრამაც დააჩქარა.»

სააპელაციო სასამართლომ სრულიად საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა და ხელოვნების საბჭოს მიერ დამტკიცებული ჭიათურის რაიონის სოფ. თაბაგრეში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესიის ესკიზური პროექტისა და ამ პროექტის სამშენებლო სამუსაოების ხარჯთაღრიცხვის ¹1 დანართის შესაბამისად პროექტის ღირებულების (340 732 ლარის) გათვალისწინებისას და ამ თანხის სრულად სს «ჭ-ზე» დაკისრებისას საერთოდ არ მისცა სამართლებრივი შეფასება ზემოაღნიშნულ გარემოებებს და არ იმსჯელა ეკლესიისათვის მიწისძვრით მიყენებულ ზიანზე.

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002წ. 14 ოქტომბერს მიღწეული კონსტიტუციური შეთანხმების მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს (მოქმედს და არამოქმედს), მათ ნანგრევებს, აგრეთვე, მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. ამავე შეთანხმების მე-11 მუხლით სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში) სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე.

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ჭიათურის რაიონის სოფ. ტაბაგრებში მდებარე მთავარანგელოზის ეკლესიის ნგრევა მიმდინარეობდა 1948-55 წლებში ანუ კონსტიტუციური შეთანხმების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ პერიოდში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ეკლესიისათვის მიყენებულ მატერიალურ ზიანზე ნაწილობრის პასუხისმგებელია სახელმწიფოც.

სსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება არასრულია, რის გამოც იგი, თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტისა, უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განხილვისათვის უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებში წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივი და სრული განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს მოპასუხე სს «ჭ-ის» წილი პასუხისმგებლობა ეკლესიის დაზიანებასა და ნგრევაში.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «ჭ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 4 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.