გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
ას-1142-1388-05 ას-1142-1388-05 6 დეკემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ახალაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ხელშეკრულებაზე უარის თქმა და ქონების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. მ-ემ 2004წ. მარტში სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ა-ას მიმართ და მოითხოვა მასსა და ქ. ა-ას შორის 2001წ. 5 სექტემბრის ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარება და, სკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თბილისში, ... მდებარე ¹16 ბინის დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, მას და მოპასუხეს შორის სანოტარო წესით დაიდო თბილისში, ... მდებარე ¹16 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მე-7 მუხლის თანახმად, მყიდველმა ქ. ა-ამ იკისრა ვალდებულება, გამყიდველისთვის _ თ. მ-ვის გადაეხადა შეთანხმებული ფასი _ 7.000 ლარი სანოტარო წესით გაფორმების დღეს. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ შეიძინა საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ ქონებაზე და საჯარო რეესტრში აღირიცხა მესაკუთრედ. ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასის გადახდის ვალდებულება მოპასუხის მხრიდან არ შესრულებულა. 2003წ. დეკემბერში მოპასუხეს წერილობით ეცნობა, თუ მის მიერ გარკვეული დროის განმავლობაში არ შესრულდებოდა თანხის გადახდის თაობაზე ნაკისრი ვალდებულება, თ.მ-ე უარს იტყოდა ხელშეკრულებაზე. ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრულმა დამატებითმა ვადამ უშედეგოდ ჩაიარა.
ქ. ა-ამ შეგებებული სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თ. მ-ვის 2001წ. 11 სექტემბრიდან ყოველთვიურად თ.მ-ზე ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის შეწყვეტამდე 150 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯებისა და სახელმწიფო ბაჟის - 450 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდის დაკისრება.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 20 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.მ-ის სარჩელი მასა და მოპასუხეს შორის 2001წ. 5 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარების და უძრავი ქონების დაბრუნების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ.ა-ას შეგებებული სარჩელი 2001წ. 11 სექტემბრიდან თ.მ-ზე ყოველთვიურად 150 აშშ დოლარის შესაბამისი ლარისა და გაწეული ხარჯების 450 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის დაკისრების თაობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ.მ-ის წარმომდაგენელმა მ.ს-ემ თ.მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ივნისის განჩინებით გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005წ. 22 თებერვლის გადაწყვეტილება თ. მ-ის სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული კანონი, კერძოდ, საქმის განმხილველმა სასამართლომ პრეიუდიციულად დადგენილად მიიჩნია არა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით, არამედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით დადგენილი ფაქტები. სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტით კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები პრეიუდიციულად მიიჩნევა მხოლოდ იმ პირობით, რომ სხვა სამოქალაქო საქმის განხილვაში იგივე პირები, ე.ი. იგივე მოსარჩელე, იგივე მოპასუხე ან იგივე მესამე პირი მონაწილეობს, თუ ერთ-ერთი მხარე მაინც სხვა პირია, გადაწყვეტილებას არ შეიძლება, ჰქონდეს პრეიუდიციული ძალა და ამ გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები ვერ დაედება საფუძვლად სხვა საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.
ქ. აგაჯანოვას წარმომადგენელმა ი.კ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ივნისის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო სასამართლოს სკ-ის 377-ე მუხლის შესაბამისად, თავად შეეძლო, გამოეკვლია საქმის როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი მხარეები. არასწორია სასამართლოს მსჯელობა, თითქოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 18 ნოემბრის განჩინებას არა აქვს პრეიუდიციული ძალა. საქმეში მხარეებად მონაწილეობდნენ ქ. ა-ა, როგორც მოსარჩელე და თ. მ-ე ოჯახის წევრებთან ერთად, როგორც მოპასუხეები. აღნიშნული პირები არ შეიძლება, შეფასდნენ სხვადასხვა მხარეებად, ხოლო განჩინება ფართო გაგებით იგივე გადაწყვეტილებაა. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებითა და თბილისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 14 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით დადგენილია ქ. ა-ას მიერ თ. მ-საგან ... ბინის შეძენის ფაქტი. ის გარემოება, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით თ. მახარაძე გამოსახლდა სადავო ბინიდან მოწმობს, რომ მოწინააღმდეგეს წარმოებულ დავაში არა აქვს იურიდიული ინტერესი, რომელიც აღიარებითი სარჩელის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. სარჩელი არსებითი განხილვის გარეშე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, საკასაციო საჩივარი, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ მხოლოდ გადაწყვეტილებას შეიძლება ჰქონდეს პრეიუდიციული ძალა და არა განჩინებას; საპროცესო კანონმდებლობა, როგორც წესი, გადაწყვეტილებაში გულისხმობს, როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე, განჩინებას და დადგენილებას; გადაწყვეტილება სასამართლოს დადგენილებაა, რომლითაც საქმე არსებითად წყდება, ხოლო განჩინება ის დადგენილებაა, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება; განსხვავება სასამართლო დადგენილების პროცესუალურ ფორმაშია; პრეიუდიციულად დამტკიცებულად შეიძლება მიჩნეულ იქნეს როგორც სასამართლო გადაწყვეტილებით, ისე _ სასამართლო განჩინებით დადგენილი ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ პრეიუდიციული მნიშვნელობა არ მიანიჭა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგენილ ფაქტებს იმ საფუძვლით, რომ განსახილველ და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (განჩინებით) დამთავრებულ დავაში ერთი და იგივე მხარეები არ მონაწილეობდნენ.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილების მხარეები ქ. ა-ა (მოსარჩელე) და თ. მ-ე, ჯ. მ-ე, მ. გ-ა და გ. ქ-ი (მოპასუხეები), ხოლო განსახილველ დავაში მონაწილე მხარეები თ. მ-ე (მოსარჩელე) და ქ. ა-ა (მოპასუხე), არ შეიძლება შეფასდეს სხვადასხვა მხარეებად, ვინაიდან, როგორც თ.მახარაძე, ისევე ქ.აგაჯანოვა ორივე დავაში მონაწილეობენ და პროცესუალური მოწინააღმდეგეები არიან.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინებით დადგენილია ფაქტები, რომლებიც განსახილველ დავაში დამტკიცებულად უნდა ჩაითვალოს და პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭოს.
სსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის მიხედვით მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებს. ასეთია ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინების სამოტივაციო ნაწილში გამოთქმულია ვარაუდი მყიდველის მიერ ბინის საფასურის ხელშეკრულების შესაბამისად გადახდის თაობაზე, რაც ვერ ჩაითვლება ამ ფაქტის დადგენად. ამასთან, კანონიერ ძალაში შესული განჩინება დავის საგანთან მიმართებაში არ ყოფილა მიღებული მითითებულ გარემოებაზე დაყრდნობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 ნოემბრის განჩინება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც პრეიუდიციული ფაქტების დამდგენი განსახილველ დავასთან მიმართებაში.
საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოტივაციას, რომ, ვინაიდან სარჩელი აღიარებითია და მოწინააღმდეგეს არა აქვს იურიდიული ინტერესი, სარჩელი არ უნდა განხილულიყო.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს, როგორც ხელშეკრულებაზე უარის თქმის მართლზომიერების აღიარებას, ასევე _ ქონების დაბრუნებას. მხარის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია რესტიტუციის მოთხოვნით.
სსკ-ის 385-ე მუხლით განსაზღვრულია შემთხვევები, როცა სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს, ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, არ გადადაგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.
ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირელი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.
საკასაციო პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა როგორც პროცესუალური, ისე _ მატერიალურ-სამართლებრივი შესაძლებლობა, თვითონ განეხილა დავა არსებითად და არ გადაეგზვნა იგი სამოქალაქო კოლეგიაში განსახილველად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ა-ას წარმომადგენელ ი.კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს სააპელაციო პალატის 2005წ. 24 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქალაქ თბილისის სააპელაციო სასამართლოს;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.