დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№8021-13 26 მარტი, 2013 წელი
კ-ე ლ., 8021-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ მ. ქ-ის
მსჯავრდებულ _ ლ. კ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ლ. კ-ის საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 თებერვლის განაჩენით ლ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა) – 8 წლით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით – 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. საბოლოოდ ლ. კ-ეს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 23 წლის ვადით, რომლის მოხდა დაეწყო 2007 წლის 22 აგვისტოდან; მასვე 5 წლით ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 6 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 22 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
2013 წლის 15 იანვარს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №5 ქალთა პატიმრობის, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ლ. კ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებული ლ. კ-ე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან; მასვე ერთი მესამედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ლ. კ-ემ საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. საჩივრით იგი ითხოვს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან სრულად განთავისუფლებას, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლისა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-13 მუხლით, სადაც აღნიშნულია: ,,გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დაკისრებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, თუ მისი ქმედება იმავდროულად დაკვალიფიცირებულია იმავე კოდექსის 262-ე მუხლით“. ასევე კანონიერია „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ლ. კ-ისათვის საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის – 15 წლით თავისუფლების აღკვეთის – ერთი მესამედით შემცირება და მისთვის სასჯელის სახით 10 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა, ვინაიდან „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, ერთი მესამედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი ქალს, რომელმაც ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, გარდა დანაშაულისა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ვინაიდან ლ. კ-ემ ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მის ქმედებას არ მოჰყოლია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, მასზე უნდა გავრცელდეს სწორედ „ამნისტიის შესახებ“ კანონის მე-4 მუხლის დანაწესი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-4, მე-13, 26-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ლ. კ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე