დაუშვებლად იქნა ცნობილი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№ბს-1067(კ-22) 31 მაისი, 2023 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ქეთევან ცინცაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),მოსამართლეები: გენადი მაკარიძე, გოჩა აბუსერიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე (მოწინააღმდეგე მხარე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია; მოსარჩელე - ე. ტ-ი).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2017 წლის 10 მაისს ვ. და ე. ტ-ებმა სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წინააღმდეგ.
მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის №... დადგენილების (,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’) და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ივლისის №1-1611 ბრძანების (ე. და ვ. ტ-ების ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე) ბათილად ცნობა მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. ტ-ისა და ე. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ე. ტ-ებმა. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საპროცესო უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინებით ვ. ტ-ისა და ე. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის №1688044 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №53-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის (დაშენების) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა. საქმეში არსებული ფოტომოსალით ირკვეოდა, რომ მოსარჩელეთა მიერ განხორციელდა ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის №1688044 ბრძანებით. ამასთან, საქმეში არსებული დაკვალვის აქტით ასევე დგინდებოდა სამშენებლო სამუშაოების №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების გარეთ წარმოების ფაქტი. ამასთან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს №2726192 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ვ. ტ-ის №AR1424467 განცხადება და უარი ეთქვა ქ. თბილისში, ი. ტ-ში, ...ს ქუჩა №53-ში მდებარე №... მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აშენებული ღობის და ჭიშკრის ლეგალიზებაზე. სააპელაციო პალატის შეფასებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ტ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ მიეცა სათანადო შეფასება წარდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სადავო განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს გადმოტანილი აქვს კანონის ნორმები და სამართლებრივად საერთოდ არ აქვს დასაბუთებული, თუ რატომ არის უსაფუძვლო სასარჩელო განცხადება.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნებათმცოდნეობის კვლევაზე, ქალაქგეგმარებით დასკვნებზე, საინვენტარიზაციო გეგმაზე, საჯარო რეესტრის რუკებზე და ნოტარიულ თანხმობებზე. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ რეალურად ე.წ. უკანონო ნაგებობები მოსარჩელეების აშენებული არ არის და ეს ნაგებობები გაცილებით ადრე იყო აშენებული, 2007-წლამდე პერიოდში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ ადგილზე დათვალიერება განახორციელა და მოსამართლემ თავისი თვალით ნახა, რომ ვიზუალური შეხედულებით აშკარად ჩანს, რომ სადავო ნაგებობები გაცილებით ადრე არის აშენებული.
წარდგენილ საინვენტარიზაციო გეგმით უტყუარად დასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო ე.წ. ნაგებობები აშენებული არის არა სახელმწიფო ტერიტორიაზე, არამედ ტ-ების საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ტექბიუროს მიერ გაცემული საინვენტარიზაციო გეგმით დასტურდება ის ფაქტი, რომ სადავო ნაგებობები სადაც დგას, ის მიწის ნაკვეთი ტ-ებს ეკუთვნის.
სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57-ე დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურა, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე უტყუარად დგინდება ის ფაქტი, რომ სად- ავო ნაგებობები 2009 წლამდეა ნაწარმოები, ხოლო მანამდე მოქმედი დადგენილების თანახმად კი, 1-ლი კლასის მშენებლობას არც სამშენებლო ნებართვის აღება სჭირდებოდა და არც შეტყობინების ვალდებულება იყო საჭირო.
კასატორმა ვ. ტ-მა მისი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქცია განახორციელა და ეს რეკონსტრუქციაც კანონის დაცვითა და სათანადო ნებართვის აღებით მოხდა. რაც შეეხება სადავო ნაგებობებს, ღობე და სხვა ნაგებობები უკვე ათეული წლებია რაც არის აშენებული და კონკრეტული შენობით სარგებლობა არ ნიშნავს იმას, რომ ეს შენობა კონკრეტულად იმ პიროვნებამ ააშენა, რომელიც ფლობს ამ ქონებას. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სადავო ღობე არის გამყოფი ღობე, რომელიც ყოფს ტ-ების ეზოს ი. გ-ის ეზოსგან და ზუსტად ი. გ-ი და მისი მეუღლე არიან დაინტერესებული ამ ღობის აღებით, რათა ამის ხარჯზე თავიანთი ეზო გაიფართოვონ. კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან, ი. გ-ი არის დაინტერესებული მხარე, მისი საჩივრის საფუძველზე დაიწყო მუნიციპალურმა ინსპექციამ ამ საქმის წარმოება, ამიტომ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეღო მისი მოსაზრება, არც მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არ უნდა აესახა სადავო განჩინების სამოტივაციო ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2016 წლის 31 აგვისტოს მდგომარეობით, საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, ...ს ქუჩა №53-ში, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 353.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე. ტ-ის, ი. ტ-ის და ვ. ტ-ის სახელზე.
საქმეში წარმოდგენილი, 2017 წლის 27 იანვრის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდებოდა, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ...ს ქუჩა N53-ში, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №..., დაზუსტებული ფართობი: 353.00 კვ.მეტრი, ნაკვეთის წინა ნომერი: ..., თანასაკუთრების უფლებით აღრიცხული იყო ე. ტ-ის და ვ. ტ-ის სახელზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ე. ტ-ის, ი. ტ-ის და ვ. ტ-ის მიმართ 2016 წლის 21 ივნისს შედგენილი იქნა მითითება №..., რომლითაც დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №53-ში (საკ. კოდი: №...) განხორციელებული იყო უნებართვო სამშენებლო სამუშაოები, კერძოდ-მოწყობილი იყო დაბალი კაპიტალური კედლები, ლითონის ღობე, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, ლითონის კარი, მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატური, დამატებული იყო ბეტონის ფილა და ქვის მოსაპირკეთებელი ფილები. დარღვევის გამოსწორების მიზნით მათ დაევალათ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ან უნებართვოდ მოწყობილი ობიექტების დემონტაჟი. დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრათ 30 (ოცდაათი)კალენდარული დღე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №... ე. ტ-ის, ი. ტ-ის და ვ. ტ-ის მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ მათ მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 13 იანვარს მიღებულ იქნა დადგენილება №... ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ე. ტ-ი და ვ. ტ-ი დაჯარიმდნენ 10 000 (ათი ათასი) ლარით ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №53-ში (საკადასტრო კოდი: №...) უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოებისათვის (აშენებული-განთავსებული იყო დაბალი კაპიტალური კედლები, ლითონის ღობე, კაპიტალური ღობე, ლითონის ჭიშკარი, ლითონის კარი, მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატური, დამატებული იყო ბეტონის ფილა და ქვის მოსაპირკეთებელი ფილები. უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოები გაცდენილი იყო საკადასტრო საზღვრებს და გადადიოდა სახელმწიფოს ტერიტორიაზე). ამავე დადგენილებით ე. ტ-სა და ვ. ტ-ს დაევალათ ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №53-ში (საკადასტრო კოდი: №...) და მის მიმდებარედ სახელმწიფოს ტერიტორიაზე უნებართვოდ განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების (დაბალი კაპიტალური კედლების, ლითონის ღობის, კაპიტალური ღობის, ლითონის ჭიშკრის, ლითონის კარის, მსუბუქი კონსტრუქციის ფანჩატურის, ბეტონის ფილის და ქვის მოსაპირკეთებელი ფილების) დემონტაჟი.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 13 იანვრის №... დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, ე. ტ-ის და ვ. ტ-ის (წარმომადგენელი ვ. დ-ი) მიერ 2017 წლის 02 მარტს №22/01170612717-01 ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 10 ივლისის №1-1611 ბრძანებით ე. და ვ. ტ-ების ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 17 მაისის №001151 დადგენილება.
საქმეში წარმოდგენილი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს №2726192 ბრძანებით ირკვევოდა, რომ მოქალაქე ვ. ტ-ის №AR1424467 განცხადება არ დაკმაყოფილდა და უარი ეთქვა მოქალაქე ვ. ტ-ს ქ. თბილისში, ი. ტ-ში, ...ს ქუჩის №53-ში მდებარე №... მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აშენებული ღობის და ჭიშკრის ლეგალიზებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ შემდეგ გარემოებებზე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის №1688044 ბრძანებით შეთანხმდა ქ. თბილისში, ...ს ქუჩა №53-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობის რეკონსტრუქციის(დაშენების) არქიტექტურული პროექტი და გაიცა მშენებლობის ნებართვა; საქმეში არსებული ფოტომოსალით კი ირკვეოდა, რომ მოსარჩელეთა მიერ განხორციელებული იყო ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 30 იანვრის №1688044 ბრძანებით; ამასთან საქმეში არსებული დაკვალვის აქტით ასევე დგინდებოდა სამშენებლო სამუშაოების №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების გარეთ წარმოების ფაქტი, ამავე დროს სადავო სამშენებლო სამუშაოები განხორციელებული იყო აღნიშნული ბრძანების შემდგომ.
საკასაციო სასამართლო პირველ რიგში მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების (ძალადაკარგულია - საქართველოს მთავრობის 02.03.2020 წ. №139 დადგენილება) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა - ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობების მონტაჟი/განთავსება. 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს, რომ სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ხოლო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დასტურდება, რომ მოსარჩელთა მიერ განხორციელებულია ისეთი სახის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც არ იყო გათვალისწინებული სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ ბრძანებით, ამდენად, სამუშაოები წარმოებულია სამართლებრივი საფუძვლის - მშენებლობის ნებართვის გარეშე. აღნიშნული ასევე დადასტურებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2021 წლის 29 დეკემბრის ადგილზე დათვალიერებით. სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები არ ყოფილა წარდგენილი არც ადმინისტრაციული წარმოების და არც სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების ეტაპებზე.
საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 15 აგვისტოს №2726192 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოქალაქე ვ. ტ-ის NAR1424467 განცხადება და უარი ეთქვა ქ. თბილისში, ი. ტ-ში, ...ს ქუჩა №53-ში მდებარე №... მიწის ნაკვეთზე, უნებართვოდ აშენებული ღობის და ჭიშკრის ლეგალიზებაზე.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე ასევე დადგენილია სამშენებლო სამუშაოების №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრების გარეთ წარმოების ფაქტი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ უნებართვო მშენებლობის მწარმოებელი პირი დადგენილია და მიწის ნაკვეთი სახელმწიფო ან/და თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაა, უფლებამოსილი ორგანო მითითების გაცემისა და შემოწმების აქტის შედგენის საფუძველზე იღებს დადგენილებას უნებართვო მშენებლობის დემონტაჟისა და დამრღვევისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვედა ინსტანციების სასამართლოთა შეფასებას, რომ ვ. და ე. ტ-ების სამშენებლო სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძვლიანობისა და შესაბამისად, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე.
ამასთან, რაც შეეხება, კასატორის მითითებას ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ ი. გ-ის მოსაზრებების გათვალისწინების შესახებ, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილება დაეფუძნა არა ი. გ-ის მიერ წარდგენილ მოსაზრებას, არამედ საქმეში დაცულ სხვა არაერთ მტკიცებულებას. ამდენად, აღნიშნული გარემოება ასევე არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს, რომელიც თავის მხრივ არსებითად ეყრდნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა დავა. ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, ი/მ ვ. დ-ს საჩივარზე 08.11.2022 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2022 წლის 1 მარტის განჩინება;
3. ი/მ ვ. დ-ს (...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 08.11.2022 წ. საგადასახდო დავალება №0-ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი №300773150.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ქ. ცინცაძე
მოსამართლეები: გ. მაკარიძე
გ. აბუსერიძე