დატოვებულია უცვლელად

სამოქალაქო 27.07.2006
საქმის ნომერი
ას-1174-1417-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
27.07.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

1174-1417-05 27 ივლისი, 2006წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 14 მარტს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს დავალიანების გადახდის ვალდებულების შესახებ განცხადებით მიმართა სს „ჰ-ამ“ და მოითხოვა გადახდის ბრძანების გაცემა სს „... ქარხნის“ მიმართ და მოპასუხისათვის 211581 ლარის დაკისრება.განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995წ. 6 იანვრის ¹4გ განკარგულების თანახმად, სს „... ქარხანას“, როგორც საქართველოს რესპუბლიკის სამთო-მეტალურგიული მრეწველობის კონცერნ „ს-ში“ გაერთიანებულ საწარმოს, დაევალა კონცერნის ანგარიშზე მისი აპარატის შესანახი ხარჯებისათვის საწარმოს მოგების 1,5 პროცენტისა და მეცნიერებისა და ტექნიკის ცენტრალიზებული ფონდის შესაქმნელად საწარმოს მიერ გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებიდან 1.5 პროცენტის ჩარიცხვა. 1996წ. 6 იანვრის მდგომარეობით, ვიდრე მოპასუხე ორგანიზაცია სამართავად გადაეცემოდა ინვესტორს, მისმა დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ 278072,21 ლარი შეადგინა. აღნიშნული დავალიანება მოპასუხემნაწილობრივ დაფარა და 1998წ. ბოლოსათვის მისმა ნაშთმა 18807,21 ლარი შეადგინა, რაც 2002წ. 9 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტით დასტურდება, 23509 ლარი კი სსკ-ის 403-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილ დამატებით ვალდებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ განცხადებაზე 2003წ. 31 მარტს გაიცა გადახდის ბრძანება. მოპასუხემ დადგენილ ვადაში შეიტანა შესაგებელი, არ ცნო დავალიანების არსებობა და აღნიშნა, რომ მინისტრთა კაბინეტის განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლს, რომლის თანახმად, გადასახადებისა და მოსაკრებლების სტრუქტურის შემოღების წესს ადგენსმხოლოდ კანონი. ამდენად, იგი ძალადაკარგულია კონსტიტუციის 106-ე მუხლის საფუძველზე. ასევე, მოპასუხემ მიუთითა, რომ მინისტრთა კაბინეტის განკარგულება ეწინააღმდეგება „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 54-ე და 57-ე მუხლებს. ყოველივეზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოითხოვა გაცემული გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის განხილვა და გადაწყვეტა სასარჩელო წარმოების საერთო წესით.

2003წ. 30 მაისს, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, საქმეზე გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაკმაყოფილდა სს „ჰ-ის“ სალიკვიდაციოკომისიის თავმჯდომარის მოთხოვნა.

დადგენილ ვადაში საჩივარი შეიტანა სს „... ქარხნის“ გენერალურმა დირექტორმა და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

2003წ. 23 ივნისის განჩინებით სს „... ქარხნის“ გენერალური დირექტორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „... ქარხნის“ გენერალურმა დირექტორმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 22 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „... ქარხნის“ სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაინიშნა საქმის ხელახალი განხილვა.

2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთასააპელაციო პალატამ არ დააკმაყოფილა სს „ჰ-ს“ სასარჩელო განცხადება. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა ვალდებულება წარმოიშვა ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე, ხოლო სამოქალაქო კოდექსი კი ადმინისტრაციული აქტით დადგენილი ვალების აღიარებას არ ითვალისწინებს. ასევე, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია სააქციო საზოგადოების მხრიდან მინისტრთა კაბინეტის მიერ დადგენილი სამეურნეო ანგარიშსწორების წესებით სარგებლობა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჰ-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო და უსაფუძვლოა, რადგან სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 317-ე მუხლი. კასატორის მოსაზრებით, მხარეებს შორის 2002წ. 9 სექტემბერს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულებას და იმავდროულად იძლევა ახალი ვალდებულების წარმოშობის საფუძველს.

2004წ. 25 მაისის განჩინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, გააუქმა სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს უნდა დაედგინა მოცემულ დავაზე მხარეთა უფლებამოსილების საკითხი, სამართლებრივი შეფასება მიეცა 2002წ. 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტისთვის და ამის შესაბამისად მიეღო გადაწყვეტილება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა სს „ჰ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა და სს „... ქარხანას“ დააკისრა 211581 ლარის გადახდა.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახელმწიფო კონცერნ „ს-ის“ უფლებამონაცვლეა სს „ჰ-ა“. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სს „... ქარხანამ“ აღიარა დაკისრებული ვალდებულება და იხდიდა კიდევაც გარკვეული პერიოდის მანძილზე. 2002წ. 9 სექტემბერს შედგენილი ურთიერთშედარების აქტი, სსსკ-ის 131-ე მუხლის მიხედვით, ვალის არსებობის დადასტურებაა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „... ქარხნის“ წარმომადგენელმა ი. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა საქართველოს მინისტრთა კაბინეტის განკარგულების კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე, უსაფუძვლოდ დაეყრდნო სსსკ-ის 131-ე მუხლს მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტზე მსჯელობისას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ 2005წ. 19 აპრილის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სსსკ-ის 131-ე მუხლი, რადგან იგი შეეხება საპროცესო აღიარებას, ხოლო ვალის არსებობის აღიარება დარეგულირებულია სსკ-ის 341-ე მუხლით. საკასააციო პალატამ ასევე მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა შეემოწმებინა, არსებობდა თუ არა მხარეთა შორის სსკ-ის 317-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა „... ქარხნის“ სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003წ. 30 მაისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა სს „ჰ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ¹4გ განკარგულებაში მითითებული «არსებული წესების» შესაბამისობა ნიშნავს, რომ არ უნდა დარღვეულიყო საქართველოს რესპუბლიკის „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც დადგენილია საწარმოს მართვაში, მოგების განაწილებაშიკონკრეტული სუბიექტების მოვალეობები და პასუხისმგებლობები, მოსამართლეს კი არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომ სს „ფ. ქარხნის“ მმართველობის ორგანოებმა გადაწყვეტილება განიხილეს და მიიღესთანხების განკარგვის შესახებ განკარგულების შესაბამისად. ასევე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, თუ რას შეადგენდა მოპასუხის მოგება 1995წ. 6 იანვრიდან 31 დეკემბრამდე ყოველთვიურად ცალ-ცალკე და რომ მოპასუხეს გადახდილი 80 000 ლარის ზევით კიდევ ჰქონდა დარჩენილი გადასახდელი თანხა.

სააპელაციო სასამართლომ ურთიერთშედარების აქტი არ მიიჩნია ვალის აღიარების ხელშეკრულებად, რადგან მასში არსადაა დაფიქსირებული, რომ „ფ. ქარხანა“ კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მეორე მხარეს აქტში მითითებული თანხა.

სააპელაციო პალატამ ასევე ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა, რადგან 1998წ. 22 ივლისიდან მოპასუხეს თანხა აღარ გადაუხდია, ხოლო „ს-ას“ 2002წ. 9 სექტემბრამდე არ მოუთხოვია თანხის გადახდა, ანუ გაუშვა სამწლიანი ვადა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული განკარგულება ვერ იქნებოდა ვალდებულების წარმოშობის საფუძველი, ვინაიდან პრემიერ-მინისტრის მიერაა ერთპიროვნულად გამოცემული, მისი შესრულება სავალდებულო არაა, ვინაიდან მას არც კანონის და არც კანონქვემდებარე აქტის ძალა აქვს. ამასთან, იგი ძალადაკარგულად ჩაითვალა მინისტრთა კაბინეტის გაუქმების შემდეგ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ჰ-ის“ სალიკვიდაციო კომისიის თავმჯდომარე ზ. ლ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება და მოპასუხისათვის ადვოკატის ხარჯების დაკისრება.

კასატორმა აღნიშნა, რომ მათი მოთხოვნა მოპასუხის მიმართ გამომდინარეობსვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებიდან და არა მინისტრთა კაბინეტის განკარგულებიდან, ხოლო იმ საკითხზე, არსებობდა თუ არა მხარეებს შორის აქტის შედგენამდე ვალდებულებითი ურთიერთობა, სასამართლოს უნდა ემსჯელა 1964წ. სამოქალაქო კოდექსით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძვლად ადმინისტრაციულ აქტებს მიიჩნევდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, განიხილა საკასაციო საჩივარი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 154-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით ან ამ კოდექსის მე-4 მუხლში აღნიშნული სხვა საფუძვლით.

მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები წარმოიშობა გარიგებებისაგან, ადმინისტრაციული აქტებისაგან, სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შედეგად.

მოსარჩელე თავისი მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის 1995წ. 6 იანვრის ¹48 განკარგულებაზე. აღნიშნული განკარგულების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის სამთომეტალურგიული მრეწველობის სახელმწიფო კონცერნის ორგანიზაციებსა და საწარმოებს კონცერნის ანგარიშზე უნდა გადაერიცხათ არსებული წესით კონცერნის აპარატის შესანახი ხარჯებისათვის საწარმოს მოგებიდან 1,5%, ხოლო მეცნიერებისა და ტექნიკის ცენტრალიზებული ფონდის შესაქმნელად _ საწარმოს თვითღირებულებიდან თვითღირებულების 1,5%.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, კერძოდ, აღნიშნული განკარგულებით არ არის დადგენილი, რომ საწარმოებმა ყოველთვიურად უნდა გადარიცხონ თანხები. ამასთან, გაურკვეველია, რა იგულისხმება არსებულ წესებში. მოსარჩელე ვერ უთითებს სხვა რაიმე წესზე, რომლის მიხედვით მოპასუხეს თანხების გადახდა ევალებოდა. კანონმდებლობით განსაზღვრულია საერთო კრების, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ფუნქციები, მოგების განაწილების პრინციპები და წესები, რომელთა გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულების კანონიერად შესრულება შეუძლებელი იქნებოდა.

სკ-ის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს.

სკ-ის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, მიღწეული უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული ან სხვა თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე. 2002წ. 9 სექტემბრის ურთიერთშედარების აქტით არაა დაფიქსირეული, რომ «ფ. ქარხანა» კისრულობს ვალდებულებას, გადაუხადოს მეორე მხარეს აქტში მითითებული თანხა. აქტში არის განსაზღვრული პრინციპით თანხის გაანგარიშება.

აღნიშნულ გარემოებათა გამო, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უნდა დარჩეს უცვლელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს «ჰ-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 ივლისის გადაწყვეტილება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.