შეწყდა

სამოქალაქო 17.02.2006
საქმის ნომერი
ას-1183-1427-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.02.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ას-1183-1427-05 17 თებერვალი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია

დავის საგანი: ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2004წ. 27 აპრილს გ. ი-შვილმა სარჩელით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების გ. ჩ-ძისა და მ. გ-ძის მიმართ გარიგების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ 2004წ. 9 მარტს გაზეთ „ს. ს-ში“ პურის საცხობი თონისა და მასთან ერთად საკონდიტროს გაყიდვის თაობაზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაუკავშირდა მოპასუხეებს და შეთანხმდნენ ხელშეკრულების გაფორმებაზე. 2004წ. 27 მარტს მათ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რისთვისაც გადაიხადა 5600 აშშ დოლარი და როგორც ინდმეწარმე შეუდგა საქმიანობას, თუმცა მეზობლებმა მას არ მისცეს მუშაობის საშუალება და განუცხადეს, რომ 2001წ. 24 დეკემბრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხე გ. ჩ-ძეს დაევალა სარდაფში ჩასასვლელი კიბისა და გისოსების მოშლა. ვინაიდან მისთვის ცნობილი არ იყო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მიიჩნია, რომ ხელშეკრულება დადებული იყო მოტყუებით.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ი-შვილის სარჩელი 2004წ. 27 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ი-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით გარიგების ბათილად ცნობა და მოპასუხეებზე 5600 აშშ დოლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ი-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2004წ. 27 მარტის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ და მასვე დაუბრუნდა 5400 აშშ დოლარი.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. ჩ-ძემ და მ. გ-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა მოცემული საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გ. ჩ-ძისა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივრის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის გადაწყვეტილება გ. ჩ-ძემ და მ. გ-ძემ გაასაჩივრეს საკასაციო წესით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 12 დეკემბრის განჩინებით გ. ჩ-ძისა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2006წ. 24 თებერვალს. 2006წ. 15 თებერვალს კასატორებმა გ. ჩ-ძემ და მ. გ-ძემ ¹ა-350-06 განცხადებით მომართეს უზენაეს სასამართლოს და განმარტეს, რომ უარს აცხადებდნენ საკასაციო საჩივარზე.

სსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად‚ საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვის, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. სსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ პუნქტის თანახმად‚ სასამართლო თავისი ინიციატივით ან მხარეთა განცხადებით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

სსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე უფლებამოსილია უარი განაცხადოს თავის საკასაციო საჩივარზე. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. ჩ-ძისა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 285-ე, 286-ე, 272-ე მუხლის „გ“ პუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შეწყდეს გ. ჩ-ძისა და მ. გ-ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება;

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 25 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.