დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
№8331-13 26 მარტი, 2013 წელი
ბ-ე ვ, 8331-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
პაატა სილაგაძე (თავმჯდომარე)
ბესარიონ ალავიძე, გიორგი შავლიაშვილი
სხდომის მდივან – გიორგი შალამბერიძის
პროკურორ _ დ. ბ-ის
მსჯავრდებულ _ ვ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 5 დეკემბრის განაჩენით ვ. ბ-ე, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო - 2 წელი და 6 თვე - ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2007 წლის 28 ივნისიდან; მასვე დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა - 5 000 ლარი.
ამავე სასამართლოს 2009 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ვ. ბ-ე დაუსწრებლად ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლით წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3 000 ლარი, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წელი, 6 თვე და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 3 000 ლარი.
აღნიშნული განაჩენი უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 დეკემბრის განაჩენით. ამასთან, მსჯავრდებულს სასჯელის ათვლა დაეწყო 2010 წლის 7 ოქტომბრიდან.
უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი სააპელაციო პალატის განაჩენზე არ იქნა დაშვებული განსახიველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინებით ვ. ბ-ე გათავისუფლდა წინა განაჩენით სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელისაგან; მასვე ერთი მეოთხედით შეუმცირდა ბოლო განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული 5 წელი და განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2010 წლის 7 ოქტომბრიდან; განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
მსჯავრდებული საჩივრით ითხოვს მისთვის სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის განახევრებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
,,ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დანიშნული სასჯელი უნდა გაუნახევრდეს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით მსჯავრდებულ პირს, რაც შეეხება ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნულ სასჯელს, მისგან პირი თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ იგი ადრე არ არის ნასამართლევი განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში ბოლო დანაშაულის ჩადენისას ვ. ბ-ე ნასამართლევი იყო სსკ-ის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რის გამოც მას სწორად შეუმცირდა ერთი მეოთხედით ბოლო განაჩენით სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინების შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ვ. ბ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 14 თებერვლის განჩინება ვ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. სილაგაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
გ. შავლიაშვილი