ამნისტიის საფუძველზე განთავისუფლდა
გადაწყვეტილების ტექსტი
№8971-13 27 მარტი, 2013 წელი
ვ-ი ჯ, 8971-13 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ოშხარელი (თავმჯდომარე)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა ქათამაძე
სხდომის მდივან - ლელა სანიკიძის
პროკურორ - პ. ს-ს
მსჯავრდებულ - ჯ. ვ-ს
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით ჯ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, 273-ე მუხლით - 1 წლით თავისუფლებითს აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე საბოლოო სასჯელად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2007 წლის 8 მარტიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით ჯ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად დანაშაულთა ერთობლიობით მას სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 3 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო ნაწილი - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი. მას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 17 იანვრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2007 წლის 19 ივლისიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 აგვისტოს დადგენილებით:
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენში ჯ. ვ-ს ნასამართლობაზე მითითებულია არასწორად.
„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებული ჯ. ვ-ი გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და ჯ. ვ-ს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ბოლო განაჩენის მიღების დღიდან - 2007 წლის 19 ივლისიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 17 იანვრის ჩათვლით დაკავებაში ყოფნის პერიოდი და 2007 წლის 8 მარტიდან 2007 წლის 19 ივლისამდე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით:
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს გაუნახევრდა საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ამ მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 8 წლისა და 6 თვის ვადით, საიდანაც 7 წელი უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 1 წელი და 6 თვე ჩაეთვალა პირობითად, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2007 წლის 19 ივლისიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავების დრო - 2007 წლის 15 იანვრიდან 2007 წლის 17 იანვრის ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2007 წლის 8 მარტიდან 2007 წლის 19 ივლისამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის განაჩენით ჯ. ვ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა ჯარიმა - 4000 ლარი. ამასთან, სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ ამ საქმეზე ჯ. ვ-ს სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა - 2000 ლარი.
გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 12 დეკემბრის განაჩენით ჯ. ვ-ს მიმართ განსაზღვრული პირობითი მსჯავრი და ჯარიმის სახით დანიშნულ სასჯელს - 2000 ლარს - სსკ-ის 59-ე მუხლის გამოყენებით მთლიანად დაემატა წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით, რაც „ამნისტიის შესახებ“ 2008 წლის 21 ნოემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე განახევრდა და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 29 ნოემბრის დადგენილებით განსაზღვრული სასჯელის დღეის მდგომარეობით მოუხდელი ნაწილი და განაჩენთა ერთობლიობით ჯ. ვ-ს სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის, 8 თვისა და 18 დღის ვადით
საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 6 წლით, 2 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა მან უნდა მოიხადოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დარჩენილი - 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა არ უნდა აღსრულდეს პირობით, თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გამოსაცდელი ვადით 2 წლის განმავლობაში იგი არ ჩაიდენს ახალ დანაშაულს და ჯარიმა - 2000 ლარის ოდენობით. ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ათვლა ჯ. ვ-ს დაეწყო ამ განაჩენის მიღების დღიდან - 2008 წლის 16 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 ნოემბრის დადგენილებით:
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს გაუნახევრდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 16 ნოემბრის განაჩენით დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლითა და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, პროპორციული წილის გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული სასჯელიდან მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის, 6 თვისა და 8 დღის ვადით.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო 2009 წლის 26 ნოემბრიდან. დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.
2013 წლის 5 თებერვალს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №17 დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:
მსჯავრდებული ჯ. ვ-ი „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 273-ე მუხლით (2007 წლის 6 ივლისის განაჩენის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის III ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის II ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის III ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც პროპორციული წილის გათვალისწინებით, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2 წელი, 4 თვე და 24 დღე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი, 7 თვე და 6 დღე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 7 თვისა და 6 დღის გამოსაცდელი ვადით - შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 1 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 2 თვე და 12 დღე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 2 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, აღნიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ ჯ. ვ-ს მოსახდელად განესაზღვრა 4 წლით, 9 თვითა და 18 დღით თავისუფლების აღკვეთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 წელი, 2 თვე და 12 დღე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის, 2 თვისა და 12 დღის გამოსაცდელი ვადით. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2008 წლის 16 დეკემბრიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ჯ. ვ-ა საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას.
მსჯავრდებულმა საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში ცვლილების შეტანა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ერთი მეოთხედით უნდა შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი პირს, რომელზეც არ ვრცელდება პირველი-მე-15 მუხლების მოქმედება.
ამდენად, მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - უნდა შეუმცირდეს ერთი მეოთხედით, რაც შეადგენს 3 წელს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - უნდა დაემატოს 2007 წლის 8 მარტიდან 2008 წლის 13 აგვისტომდე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან მოსახდელად დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე, 25 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს მოსახდელად უნდა განესაზღვროს 4 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა უნდა დაეწყოს 2008 წლის 13 აგვისტოდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 16 თებერვლის განჩინებაში შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ:
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა - შეუმცირდეს ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 19 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს - 3 წლით თავისუფლების აღკვეთას - დაემატოს 2007 წლის 8 მარტიდან 2008 წლის 13 აგვისტომდე საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2007 წლის 6 ივლისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დანიშნული სასჯელიდან - 3 წლით თავისუფლების აღკვეთიდან - მოსახდელად დარჩენილი ნაწილი - 1 წელი, 6 თვე, 25 დღე და საბოლოოდ მსჯავრდებულ ჯ. ვ-ს მოსახდელად განესაზღვროს 4 წლით, 6 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყოს 2008 წლის 13 აგვისტოდან.
მსჯავრდებული ჯ. ვ-ი ჩაითვალოს სასჯელმოხდილად და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. ოშხარელი
მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე
პ. ქათამაძე