დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-1246-1373-04 25 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თ. თოდრია,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
რ. კ-ი მარტოხელა მოხუცია; მან 2003წ. 17 მარტს ნ. ჩ-ს გაუფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
მხარეები – მარჩენალი ნ. ჩ-ე და სარჩენი რ. კ-ი შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: ნ. ჩ-მ ვალდებულება იკისრა, რომ ერჩინა რ. კ-ი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სარჩო შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური სახით. მარჩენალმა ვალდებულება იკისრა, რომ უზრუნველეყო სარჩენი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელი იყო ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის.
ხელშეკრულებით სარჩოს გადახდის სპეციალური ვადები დადგენილი არ ყოფილა და რჩენას უნდა ჰქონოდა ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი.
ამასთანავე, მარჩენალი ვალდებული იყო, რომ სარჩენის გარდაცვალების შემდეგ, უზრუნველეყო სარჩენისათვის იმ პატივის მიგება, რაც მიღებულია ტრადიციის შესაბამისად. რჩენის სანაცვლოდ, რ. კ-მა, ნ. ჩ-ს საკუთრებაში გადასცა ბინა, მდებარე თბილისში, ...
რ. კ-მა იმ მოტივით, რომ მოპასუხე ნ. ჩ-მ დაარღვია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების პირობები, არ აკითხავდა მას ყოველდღიურად, თვეში რამოდენიმეჯერ აწვდიდა საკვებს მცირე ოდენობით ან გადასცემდა 4-5 ლარს, არ ზრუნავდა მასზე ავადმყოფობის დროს, არ ყიდულობდა წამლებს, არ იღებდა ზომებს მისი მკურნალობისათვის და მათ შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების შეწყვეტა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ნოტარიუსის მიერ დამოწმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ნ. ჩ-ემ, როგორც მარჩენალმა ივალდებულა მოსარჩელე რ. კ-ის რჩენა, სანაცვლოდ ამ უკანასკნელის ბინა მდებარე დიღმის მასივი, მე-... კვარტალი, კორპუსი 26, ბინა ¹..., აღირიცხა ნ. ჩ-ის სახელზე; აღნიშნულ ბინაზე მესაკუთრედ აღირიცხა რ. კ-ი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება.
დაკმაყოფილდა რ. კ-ის სარჩელი. შეწყდა რ. კ-სა და ნ. ჩ-ეს შორის დადებული 2003წ. 17 მარტის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მარჩენალის მიერ სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევასთან დაკავშირებით, სარჩენის რ.კ-ის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის გამო.
მარჩენალი – ნ.ჩ-ისათვის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით გადაცემული რ. კ-ის კუთვნილი ბინა მდებარე, თბილისში, ..., დაუბრუნდა საკუთრებაში მოსარჩელე რ. კ-ს.
სააპელაციო პალატის განჩინება ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სკ-ის 949-ე მუხლის თანახმად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას.
გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ჩ-ემ დაარღვია რა ზემოაღნიშნული გარიგების მე-2 მუხლის პირობები, იგი თავს არიდებდა სარჩენის რ.კ-ის უზრუნველყოფას სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, მოვლით და ყველა საჭიროებით, რაც აუცილებელია ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის.აღნიშნული დასტურდება როგორც რ.კ-ის განმარტებით, ასევე მარჩენალის მიერ სარჩენისათვის საკვების, ტანსაცმლის ან საკვების საყიდლად ფულის გადაცემისას წერილობით დაფიქსირებული ჩანაწერებით, რომელიც დასტურდებოდა ორივე მხარის ხელის მოწერით. მითითებული ჩანაწერებით დადგენილია, რომ მარჩენალმა ნ.ჩ-მ 2003წ. მარტში, აპრილში, მაისსა და ივნისის დასაწყისში, ისიც ხანდახან და არა ყოველდღიურად, როგორც ეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით იყო დადგენილი, თვეში რამოდენიმეჯერ გადასცა სარჩენს რ.კ-ს მცირე ღირებულების საკვები პროდუქტები ნატურით, მისცა თვეში რამოდენიმეჯერ 4-5 ლარამდე პროდუქტების შესაძენად, ივნისის მეორე ნახევარში კი შეწყვიტა სარჩენის რჩენა. მითითებულ პერიოდში ნ. ჩ-ე ასევე არ ყიდულობდა რ. კ-ისათვის მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებს და არ იღებდა ზომებს მის სამკურნალოდ, რომელსაც ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია „ა...ი». სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა, ისინი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და რ.კ-ს აღარ სურდა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების გაგრძელება. აღნიშნული დადგენილად მიიჩნია სააპელაციო პალატამ თვით ნ. ჩ-ის განმარტებითაც, რომელმაც დაადასტურა, რომ მას რ. კ-ი კარს არ უღებდა და არ სურდა მასთან საუბარი, მისი დახმარების მიღება. მარჩენალმა ვერ დაადასტურა, რომ ის სისტემატურად ზრუნავდა და არჩენდა რ. კ-ს.
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა ნ. ჩ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ რ. კ-ი მას ყოველთვიურად სარჩენად თხოვდა 60 ლარს, რასაც უხდიდა და მისივე ინიციატივით გაიზარდა 100 ლარამდე, მაგრამ ბოლო თვეში რ. კ-მა უმიზეზოდ შეწყვიტა მისგან 100 ლარის მიღება და კარს არ უღებდა. მან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის შენიშვნები 2004წ. 30 იანვრის სხდომის ოქმის მიმართ, რაც რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა 2004წ. 10 თებერვლის განჩინებით, მაგრამ არ იზიარებს მის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სხდომა არ ჩატარებულა.
სასამართლომ ჩათვალა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ უნდა აუნაზღაურდეს, რადგან აღნიშნულის თაობაზე სარჩელი არ წარუდგენია ნ. ჩ-ს.
ნ. ჩ-მ საკასაციო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს: სააპელაციო პალატამ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ რაიონულ სასამართლოში პროცესი არ ჩატარებულა. რ.კ-მა კასატორს მოთხოვა თვეში სარჩენად გადაეხადა 25 ლარი. ნ.ჩ-მ თავისი ინიციატივით გაზარდა დახმარება 60 ლარამდე, ამ თანხის გადახდის გარდა უვლიდა, ოპერაციისათვის საჭირო თანხა მისცა, გაუკეთა მასაჟები. სააპელაციო პალატამ არანაირი შეფასება არ მისცა ამ გარემოებებს. კასატორს თავისი ინიციატივით არ შეუწყვეტია რ.კ-ის რჩენა. კასატორი თვლის, რომ რ.კ-ი უსაფუძვლოდ გამდიდრდა; მას ამჟამად აინტერესებს მხოლოდ ბინის დაბრუნება; რ.კ-ი წინააღმდეგია, რომ კასატორმა თვეში გადაუხადოს 100 აშშ დოლარი, რ.კ-ი ხელს უშლის ნ.ჩ-ს თავისი მოვალეობის შესრულებაში. სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ის 941-945-ე; 947-ე მუხლები და არ ჩათვალა დადგენილად, რომ კასატორმა შეასრულა თავისი ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ნ.ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, რ. კ-მა 2003წ. 17 მარტს ნ. ჩ-ეს გაუფორმა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება.
მხარეები – მარჩენალი ნ. ჩ-ე და სარჩენი რ. კ-ი შეთანხმდნენ შემდეგ პირობებზე: ნ. ჩ-მ ვალდებულება იკისრა, რომ ერჩინა რ. კ-ი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. სარჩო შეიძლებოდა ყოფილიყო, როგორც ფულადი, ასევე ნატურალური სახით. მარჩენალმა ვალდებულება იკისრა, რომ უზრუნველეყო სარჩენი სრულფასოვანი საკვებით, მკურნალობით, საცხოვრებელი პირობებით, ტანსაცმლით, მოვლითა და ყველა იმ საჭიროებით, რაც აუცილებელი იყო ადამიანის ღირსების შესატყვისი ცხოვრებისათვის.
ხელშეკრულებით სარჩოს გადახდის სპეციალური ვადები დადგენილი არ ყოფილა და რჩენას უნდა ჰქონოდა ყოველდღიური (უწყვეტი) ხასიათი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ.ჩ-ის საკასაციო საჩივრის მოტივს იმის შესახებ, რომ სააპელაციო პალატამ არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებებს, რომ რ. კ-მა კასატორს მოთხოვა თვეში სარჩენად გადაეხადა 25 ლარი, ნ. ჩ-მ თავისი ინიციატივით გაზარდა დახმარება 60 ლარამდე; ამ თანხის გადახდის გარდა უვლიდა, ოპერაციისათვის საჭირო თანხა მისცა, გაუკეთა მასაჟები. სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში დადგენილად მიიჩნია, რომ ნ.ჩ-მ დაარღვია ზემოაღნიშნული გარიგების მე-2 მუხლის პირობები, რაც დასტურდება როგორც რ.კ-ის განმარტებით, ასევე მარჩენალის მიერ სარჩენისათვის საკვების, ტანსაცმლის ან საკვების საყიდლად ფულის გადაცემისას წერილობით დაფიქსირებული ჩანაწერებით, რომელიც დასტურდებოდა ორივე მხარის ხელის მოწერით. მითითებული ჩანაწერებით დადგენილია, რომ მარჩენალმა ნ.ჩ-მ 2003წ. მარტში, აპრილში, მაისში და ივნისის დასაწყისში, ისიც ხანდახან და არა ყოველდღიურად, როგორც ეს სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებით იყო დადგენილი, თვეში რამოდენიმეჯერ გადასცა სარჩენს რ.კ-ს მცირე ღირებულების საკვები პროდუქტები ნატურით, მისცა თვეში რამოდენიმეჯერ 4-5 ლარამდე პროდუქტების შესაძენად, ივნისის მეორე ნახევარში კი შეწყვიტა სარჩენის რჩენა. მითითებულ პერიოდში ნ. ჩ-ე ასევე არ ყიდულობდა რ. კ-ისათვის მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებს და არ იღებდა ზომებს მის სამკურნალოდ, რომელსაც ახორციელებდა სადაზღვევო კომპანია „ა...ი».
სააპელაციო პალატამ ვერ გაიზიარა ნ. ჩ-ის განმარტება იმის თაობაზე, რომ რ. კ-ი მას ყოველთვიურად სარჩენად თხოვდა 60 ლარს, რასაც უხდიდა და მისივე ინიციატივით გაზარდა სარჩენი თანხა 100 ლარამდე, მაგრამ ბოლო თვეებში რ. კ-მა უმიზეზოდ შეწყვიტა მისგან 100 ლარის მიღება და კარს არ უღებდა. მან აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს ვერ წარუდგინა.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ჩ-ს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სკ-ის 949-ე მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად როგორც მარჩენალს, ისე სარჩენს შეუძლიათ უარი თქვან სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებაზე, თუკი სახელშეკრულებო მოვალეობათა დარღვევის შედეგად მხარეთა შორის ურთიერთობა აუტანელი გახდა ანდა სხვა არსებითი მიზეზები უკიდურესად აძნელებს ან შეუძლებელს ხდის მის გაგრძელებას. იმავე მუხლის მეორე ნაწილში კი აღნიშნულია, რომ გადაცემული უძრავი ქონება ხელშეკრულების შეწყვეტისას უბრუნდება სარჩენს, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტამდე გაწეული ხარჯები მარჩენალს არ აუნაზღაურდება თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატას მოცემული დავის გადაწყვეტისას კანონი არ დაურღვევია და ნ.ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2004წ. 28 ოქტომბრის განჩინებით ნ. ჩ-ს გადაედო სახელმწიფოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. საკასაციო პალატა თვლის, რომ ნ. ჩ-ს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 45 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლო სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის გადაწყვეტილება.
დაევალოს ნ. ჩ-ის ქ.თბილისის მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახადო შემოსულობების სახაზინო კოდი _ 300033114 გადახდის დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის; მიმღები _ მთაწმინდა-კრწანისის არასაგადასახდო შემოსულობების ანგარიშის ¹ 200122900 საქართველოს ეროვნული ბანკის კოდი _ 220101107 ანგარიშზე 45 ლარის გადახდა.
საკასაცო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.