გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ას-12-464-06 31 ოქტომბერი, 2006წ.‚ ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),რ. ნადირიანი,თ. თოდრია
დავის საგანი: თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 30 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „პ-ის“ დირექტორმა თ. ჩ-ძემ შპს „ჯ. მ-ის“ მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, 1998წ. 15 ოქტომბერს უკრაინის ქ. ... მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „პ-ს“ შპს „ჯ. მ-ისთვის“ უნდა მიეყიდა 320 ტონა შაქარი, ერთი ტონა შაქრის ფასი განისაზღვრა 345 აშშ დოლარით ანუ საერთო თანხამ შეადგინა 110 400 აშშ დოლარი. პროდუქცია უნდა გადაეტვირთათ 1998წ. ოქტომბერში, ტრანსპორტირების ხარჯებს კი გასწევდა მყიდველი, მასვე უნდა აეღო ნებართვა შესაბამისი სტრუქტურებიდან; ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო პროდუქციის მიწოდების მომენტიდან 90 დღის განმავლობაში გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხების ჩარიცხვით. მოპასუხემ არ გადაიხადა ტრანსპორტირების ხარჯები, ამიტომ მოსარჩელე იძულებული გახდა, რომ უკრაინის რესპუბლიკიდან გამოეგზავნა წარმომადგენელი, რომელმაც გადაიხადა ნაწილი შაქრის თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა ო. ბ-ძეს შაქრის რეალიზაციით აღებული თანხით დარჩენილი პროდუქციის გადმოტვირთვის შესაძლებლობა. შაქარი შენახულ იქნა ბათუმის საკონსერვო ქარხანაში. რადგანაც მოპასუხემ დადგენილ ვადაში არ განახორციელა ანგარიშსწორება, უკრაინის რესპუბლიკაში მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სავალუტო ოპერაციების დარღვევის გამო, შპს „პ-ი“ 16 000 აშშ დოლარით დაჯარიმდა.
1999წ. თებერვალში მოსარჩელე იძულებული იყო, რომ ჩამოსულიყო ქ. ბათუმში. საკონსერვო ქარხანაში მას დახვდა მხოლოდ 3150 ტომარა შაქარი, დანარჩენი უკვე რეალიზებული იყო მოპასუხე საზოგადოების მიერ, მაგრამ იგი ამოღებულ თანხას არ უხდიდა მოსარჩელეს. ამდენად, იგი იძულებული გახდა დარჩენილი პროდუქცია წამოეღო საკონსერვო ქარხნიდან მოპასუხესთან შეთანხმებით და შეენახა შპს «ბათუმის საბითუმო სავაჭრო ბაზაში».
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ჯ. მ-ის“ დირექტორ ო. ბ-ძის საცხოვრებელი სახლის დაყადაღება და 56 850 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება, აგრეთვე, მის მიერ გადახდილი ჯარიმის – 16 000 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის, ტრანსპორტირების ხარჯების, ადვოკატის მომსახურების თანხების მოპასუხისათვის დაკისრება, რამაც ჯამში 77 196 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი შეადგინა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და 2005წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დააკმაყოფილა, შპს „ჯ. მ-ს“ დაეკისრა 74 860 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა შპს „პ-ის“ სასარგებლოდ, მასვე დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯების, სარჩელის ღირებულების 4%, ანუ 2346 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის – 3368 ლარისა და 70 თეთრის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჯ. მ-ის“ დირექტორმა ოთარ ბ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება. აპელანტმა აღნიშნა, რომ შპს „პ-სა“ და შპს „ჯ. მ-ს“ შორის დავალიანება გასტუმრებულია 1998წ. 27 დეკემბერს სპს „ს-ძე-ჩ-ძის“ მიერ ციტრუსის მიწოდების გზით, მიღება-ჩაბარება დადასტურებულია სპს „ს-ძე-ჩ-ძისა“ და შპს „ჯ. მ-ის“ დირექტორებს შორის ქ. ...ში გაფორმებული აქტით, სასამართლომ კი არ გაითვალისწინა აღნიშნული გარემოება, დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მოსაზრება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ნაწილში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატამ 2005წ. 5 ივლისს, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, აპელანტის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა შპს „ჯ. მ-ის“ დირექტორ ო. ბ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 21 იანვრის გადაწყვეტილება, შპს „პ-ს“ უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება დადგენილ ვადაში გაასაჩივრეს შპს „პ-ის“ დირექტორ თ. ჩ-ძის წარმომადგენლებმა ნ. ა-ძემ და ჯ. კ-იანმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო უწყება არ ჩაბარებია ადვოკატ ჯ. კ-იანს, აგრეთვე, სასამართლოს მიერ არ იყო დაცული სსსკ-ის 216-ე მუხლის მოთხოვნები სხდომის სხვა დროისთვის გადადების წესების შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებით თ. ჩ-ძის წარმომადგენლების საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „პ-ის“ დირექტორმა თ. ჩ-ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება. კასატორმა აღნიშნა, რომ იგი ინფორმირებული არ იყო სხდომის 2005წ. 5 ივლისისთვის გადადების შესახებ, სასამართლოს მიერ უკრაინაში გაგზავნილი დეპეშით მას ატყობინებდნენ, რომ სხდომა დანიშნული იყო 17 ივლისს, მომდევნო დეპეშით კი არ უცნობებიათ სხდომის 5 ივლისისათვის გადმოტანის შესახებ. კასატორი ასევე ასაჩივრებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების სხვა შემადგენლობის მიერ მიღების ფაქტს და მიუთითებს, რომ სხდომის ოქმში არ არის დაფიქსირებული შემადგენლობის შეცვლის მიზეზი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინებისა და 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ უნდა გაუქმდეს, აგრეთვე, უნდა გაუქმდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საკასაციო საჩივრიდან და საქმის მასალებიდან ირკვევა, საქმე მოსმენილ იქნა სხვა შემადგენლობის მიერ (ე. კ-ი, ნ. დ-ძე, თ. წ-ძე), ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილება კი სხვა შემადგენლობამ გამოიტანა (ნ. დ-ძე, თ. წ-ძე, რ. ბ-ძე). საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მოსამართლეთა შეცვლას მხარეთათვის შეუტყობინებლად, ყოველგვარი მოტივაციის გარეშე, მნიშვნელოვან პროცესუალურ დარღვევად მიიჩნევს. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს მოქმედებს სასამართლო სამართალწარმოების უწყვეტობის პრინციპი, საიდანაც მხოლოდ ერთი გამონაკლისი არსებობს _ საპროცესო საჭიროებიდან გამომდინარე, სხდომის გადადება. 2005წ. 2 ივნისისათვის სსსკ-ის 216-ე მუხლის მოქმედი რედაქციის თანახმად, საქმის ხელახლა განხილვა მისი გადადების შემდეგ თავიდან იწყება. აღნიშნული მუხლიდან ნათლად ჩანს, რომ საქმის განხილვის გადადება განსხვავდება საქმის განხილვის გაგრძელებისაგან, რაც გამორიცხავს საქმის განხილვის გაგრძელებას სხვა შემადგენლობის მიერ, ვინაიდან შემადგენლობის შეცვლა იწვევს საქმის ხელახლა მოსმენის ვალდებულებას.
სსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ პირობას იმის ვარაუდიც წარმოადგენს, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, ამიტომ, დაკარგა თავის დაცვის ინტერესი. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომელიც სასამართლოს შეუქმნის რწმენას, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი და დაკარგა სარჩელისაგან თავის დაცვის ინტერესი, ლოგიკური და გამართლებულია, მაგრამ იმ მოპასუხის წინააღმდეგ, რომლის გამოუცხადებლობამაც სასამართლოს ვერ შეუქმნა ამგვარი რწმენა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა გაუმართლებელია.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სასამართლომ მოუსმინა მხარეებს და ნაწილობრივ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც შპს «პ-ის» ადვოკატის _ ნ.ა-ძის შუამდგომლობის საფუძველზე სხდომა გადადო 2005წ. 5 ივლისს. აღნიშნულ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოწინააღმდეგე მხარე და მისი წარმომადგენლები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესი, ვინაიდან სასამართლოს 8 აპრილისა და 2 ივნისის მთავარ სხდომებზე მოწინააღმდეგე მხარე გამოცხადებული იყო და საქმეც ნაწილობრივ, ფაქტობრივად უკვე განხილული იყო, რაც თავისთავად გამორიცხავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას და მიაჩნია, რომ საფუძვლიან ეჭვს იწვევს თ. ჩ-ძის სახელზე გაგზავნილი დეპეშა, რომლითაც «პ-ის» დირექტორს ატყობინებდნენ სასამართლო სხდომის 17 ივლისისათვის გადადებას. მართალია, შემდგომში შეცდომა გამოსწორებულ იქნა და მხარეს ხელმეორედ გაეგზავნა დეპეშა სხდომის 5 ივლისისათვის გადადების თაობაზე, მაგრამ აღნიშნული ფაქტი შეიძლება იყოს დასაბუთებული საფუძველი ეჭვისა, რომ მხარე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მოხდა ისეთი საპროცესო დარღვევები, რომელთა შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც, 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 241-ე მუხლითა და 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს «პ-ის» დირექტორის _ თ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 20 ოქტომბრის განჩინება, 2005წ. 5 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
4. დაუსწრებელი გადაწყვეტილება – მოპასუხის გამოუცხადებლობა