გაუქმდა და დაუბრუნდა სასამართლოს

სამოქალაქო 30.06.2006
საქმის ნომერი
ას-1247-1489-05
კატეგორია
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
30.06.2006

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

ას-1247-489-05 30 ივნისი, 2006 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),მ. ცისკაძე (მომხსენებელი),ნ. კვანტალიანი

დავის საგანი: სამკვიდრო მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, კანონიერ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში); უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (შეგებებულ სარჩელში).

აღწერილობითი ნაწილი:

ზ. ა-ძემ 2003წ. ოქტომბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ნოტარიუს მ. მ-შვილის, ნოტარიუს მ. კ-ძის და გორის საჯარო რეესტრის წინააღმდეგ და მოითხოვა სამკვიდრო მოწმობისა და ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმება, მისი მთლიანი სახლთმფლობელობის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. საქმეში მესამე პირად ჩაბმული იყო მოსარჩელის ძმა ი. ა-ძე. მოსარჩელემ თავისი სარჩელი იმით დაასაბუთა, რომ ის და მისი ძმა ი. ა-ძე ცხოვრობდნენ ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში. აღნიშნული ბინა 1963 წლიდან არის ა-ძეების ბებიის ა. ტ-შვილის საკუთრება. გორის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1965წ. 1 მარტის გადაწყვეტილებით მას ნება დართეს სახლისათვის დაეშენებინა მეორე სართული, სადაც თანაამშენებლად შეყვანილი იქნა ა-ძეების მამა ვ. ტ-შვილი-ა-ძე. 1968 წელს ა. ტ-შვილმა იშვილა შვილიშვილი ი. ა-ძე. ისინი ცხოვრობდნენ სახლის პირველ სართულზე, ხოლო მოსარჩელე მშობლებთან ერთად _ მეორე სართულზე. ა. ტ-შვილი გარდაიცვალა 1981 წელს, ხოლო ვ. ტ-შვილი-ა-ძე 1996 წელს. მათი გარდაცვალებისას და შემდეგაც იგი ცხოვრობს ამ ბინაში, ხოლო მისი ძმა ი. ა-ძე 1984 წლიდან ცხოვრობს ქ. გორში, ... 2001წ. 19 აპრილს მთლიანი ბინა მემკვიდრეობის უფლებით გადაიფორმა ი. ა-ძემ და 2001წ. 20 ივლისს სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მიჰყიდა მ. ხ-ურს.

მ. ხ-ურმა შეგებებული სარჩელი აღძრა ზ. ა-ძის წინააღმდეგ და მოითხოვა მისი ბინიდან გამოსახლება იმ მოტივით, რომ იგი, როგორც მესაკუთრე, ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას.

გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 ნოემბრის განჩინებით არასათანადო მოპასუხეები: ნოტარიუსები მ. მ-შვილი, მ. კ-ძე, გორის საჯარო რეესტრი – მიწის მართვის გორის სამმართველო შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით ი. ა-ძითა და მ. ხ-ურით. თავდაპირველი მოპასუხეები საქმეში ჩაბმულ იქნენ მესამე პირებად დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე.

გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ა-ძის სარჩელი მოპასუხე ი. ა-ძესთან, მ. ხ-ურთან, მესამე პირები ნოტარიუსი მ-შვილი, კ-ძე, გორის საჯარო რეესტრი, კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, სახლის მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ. ბათილად იქნა ცნობილი 2001წ. 19 აპრილის კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, რომლითაც ი. ა-ძემ საკუთრებაში მიიღო ქ. გორში, ... მდებარე ბინა. ასევე ბათილად იქნა ცნობილი მ. ხ-ურსა და ი. ა-ძეს შორის 2001წ. 20 ივლისს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება. ზ. ა-ძე ცნობილი იქნა ქ. გორში, ... მდებარე ბინის ნახევარის მემკვიდრედ. გაუქმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლითაც მ. ხ-ურის სახელზე აღირიცხა ქ. გორში, ... მდებარე ბინა. მ. ხ-ურის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. ხ-ურმა. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე მოპასუხე ი. ა-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებით გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 20 იანვრის გადაწყვეტილება ქ. გორში, ... მდებარე სახლის 1/2-ზე ზ. ა-ძის მემკვიდრედ ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელი, დანარჩენ ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ზ. ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; 2001წ. 29 აპრილს კანონისმიერი უფლების მოწმობაში შევიდა ცვლილება ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2-ზე ზ. ა-ძის მემკვიდრედ ცნობის შესახებ; სარჩელს 2001წ. 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ ეთქვა უარი; დაკმაყოფილდა მ. ხ-ურის შეგებებული სარჩელი, ზ. ა-ძე გამოსახლდა ქ. გორში, ... მდებარე საცხოვრებელი ფართიდან.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებით; ქ. გორში, ... მდებარე სახლი ირიცხებოდა ა. ტ-შვილის სახელზე. 1968 წელს ა. ტ-შვილმა იშვილა შვილიშვილი ი. ა-ძე. ა. ტ-შვილი გარდაიცვალა 1991 წელს. 2001წ. 19 აპრილს კანონისმიერი სამკვიდროს უფლების მოწმობა აიღო ნაშვილებმა ი. ა-ძემ და იმავეწ. 20 ივლისს მიჰყიდა იგი მ. ხ-ურს, რომელიც 2003წ. 3 ივლისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მესაკუთრედ. ა. ტ-შვილის გარდაცვალებისას და შემდგომში სამკვიდრო სახლში ცხოვრობდნენ მისი შვილი ვ. ტ-შვილი-ა-ძე და ნაშვილები ი. ა-ძე. მათ, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეებმა, სამკვიდროს ფაქტიური ფლობით თანაბარწილად მიიღეს მემკვიდრეობა, რასაც ითვალისწინებდა იმ დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლი (1964წ. რედაქცია).

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ვ. ტ-შვილი-ა-ძე გარდაიცვალა 1996წ. 8 მაისს, მისი გარდაცვალებისას სადავო სახლში ცხოვრობდა მისი პირველი რიგის მემკვიდრე ზ. ა-ძე. სასამართლომ ამ გარემოების საფუძველზე სცნო ზ. ა-ძე სადავო სახლის 1\2-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ი. ა-ძის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ვ. ტ-შვილს სამკვიდრო არ დარჩენია, რადგან 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად მიღებული სამკვიდრო ითვლება მემკვიდრის საკუთრებად მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ვ. ტ-შვილი-ა-ძე, თავისი სამკვიდრო წილის მიღებით გახდა მისი მესაკუთრე, რომელიც ასევე ფაქტობრივი ფლობით მიიღო მისმა მემკვიდრედ ზ. ა-ძემ, რაც წარმოადგენს ი. ა-ძის სახელზე 2001წ. 19 აპრილს გაცემული სამკვიდრო მოწმობის არა ბათილად ცნობის, არამედ მასში სათანადო ცვლილებების შეტანის საფუძველს.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ იურიდიულად დაუსაბუთებელია გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის უარყოფისა და სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში იმის გამო, რომ ზ. ა-ძემ სადავო სახლი 2004წ. 20 ივლისს გაასხვისა მ. ხ-ურზე ნოტარიულად გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. სასამართლომ მ. ხ-ური მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად, მაგრამ არ გაითვალისწინა სკ-ის 185-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე’ გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. სადავო ბინის შეძენისას მის მესაკუთრედ ი. ა-ძე იყო აღრიცხული. შემძენის მიერ ზ. ა-ძის უფლების შესახებ ცოდნის ფაქტი დადასტურებული არ არის.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ა-ძის, როგორც მემკვიდრის უფლებების შელახვის ფაქტი არ შეიძლება ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მივიჩნიოთ. ზ. ა-ძეს უფლება აქვს დააყენოს საკითხი მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

სააპელაციო პალატამ მ. ხ-ურის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებისას გამოიყენა სკ-ის 170-ე და 172-ე მუხლები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ზ. ა-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ზ. ა-ძის სარჩელის დაკმაყოფილება და მ. ხ-ურის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მითითებით, მას გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი არ ჩაბარებია კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 102-105-ე მუხლის მოთხოვნები. საქმეზე დართული მტკიცებულებები არ შეაფასა შინაგანი რწმენით. შეილახა კასატორის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებები. კასატორის მოსაზრებით მ. ხ-ური არ არის კეთილსინდისიერი შემძენი, ვინაიდან მან იცოდა, რომ ზ. ა-ძე იყო ვ. ა-ძის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე და სადავო საცხოვრებელი ბინის მფლობელი, ხოლო ი. ა-ძეს საერთოდ არ უცხოვრია ვ. ტ-შვილი-ა-ძის გარდაცვალების შემდეგ სადავო ბინაში. ი. ა-ძემ კასატორისგან ფარულად მოახდინა მთელი სადავო ფართის საჯარო რეესტრში თავის სახელზე აღრიცხვა. შემდეგ კი მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებებით მოახდინა მ. ხ-ურზე სადაო ბინის მიყიდვა, რითაც დაარღვია ზ. ა-ძის, როგორც პირველი რიგის კანონით მემკვიდრის უფლებები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება ი. ა-ძესა და მ. ხ-ურს შორის 2001წ. 20 ივლისს გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ზ.ა-ძის ქ.გორში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას; დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ი. ა-ძემ სადავო საცხოვრებელი სახლი 2001წ. 20 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა მ. ხ-ურს, რომელიც 2003წ. 3 ივლისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ქ.გორში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის მესაკუთრედ.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ. ა-ძე, როგორც ვ. ტ-შვილი-ა-ძის კანონით მემკვიდრე, ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას, რის გამოც ი. ა-ძის სახელზე 2001წ. 19 აპრილს გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში სწორად იქნა შეტანილი სათანადო ცვლილებები; ზ. ა-ძე ცნობილი იქნა ქ. გორში, ... მდებარე ბინის ნახევარი წილის მემკვიდრედ.

საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ხ-ურის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის ნაწილში. სკ-ის 185-ე მუხლის თანახმად შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მ.ხ-ურის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის საკითხის შეფასებისას არ გამოიკვლია ის გარემოება, რომ მ.ხ-ურმა, რომელიც ასევე ცხოვრობს ქ.გორში, ბინის შეძენისას იცოდა თუ არა, რომ ამ ბინაში ზ. ა-ძე მუდმივად ცხოვრობდა და იყო თუ არა მისთვის ცნობილი ამ ბინაზე ზ.ა-ძის უფლებების შესახებ.

საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები იმ მიმართებით, რათა გაერკვია მ. ხ-ურის როგორც შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტი. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სსკ-ის 394-ე მუხლის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ზ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება ზ. ა-ძის სარჩელის _ ი. ა-ძეს და მ. ხ-ურს შორის 2001წ. 20 ივლისს გაფორმებული სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების შეტანის შესახებ _ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ასევე მ. ხ-ურის შეგებებული სარჩელის _ ზ. ა-ძის ქ.გორში, ... მდებარე საცხოვრებელი ბინიდან გამოსახლების შესახებ _ დაკმაყოფილების ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას;

დანარჩენ ნაწილში სააპელაციო პალატის 2005წ. 8 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.